კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მედიაპალიტრის“ ინვენტარიზაცია დამთავრდა, საგადასახადო შემოწმება ახლა იწყება

9 ივნისი, 2011

ალექსი ბეჟანიშვილი

სამოქალაქო საზოგადოება შეშფოთებით ადევნებს თვალს საგამომცემლო სახლ „მედიაპალიტრის“ არაგეგმიურ შემოწმებას, რომელიც საშემოსავლო სამსახურმა 7 ივნისს მოულოდნელად დაიწყო და ერთდროულად მედიაჰოლდინგის 6 ობიექტი დალუქა. ქართული მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სოლიდარული პროტესტის შედეგად, რამდენიმე შპს-ს ლუქი ახსნეს, თუმცა, ობიექტები ამჟამად მაინც შეფერხებით მუშაობენ. 

„კვირის პალიტრის“ მთავარმა რედაქტორმაგოგა თევდორაშვილმა გადაცემა „რეზიუმეს“ ეთერში, „მედიაპალიტრაში“ შემოსავლების სამსახურის შესვლის დეტალებზე  ისაუბრა.

„ყველა შპს ჩვენი ჰოლდინგის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფს ჰოლდინგის გამართულ მუშაობას. გაზეთების გამოსვლა შეფერხდა, დისტრიბუციას ხელი შეეშალა, დაახლოებით 4 საათის დაგვიანებით გამოვიდა. ამდენად, არასასიამოვნო ფაქტია. გარდა იმისა, რომ ჩვენი გაზეთები იბეჭდება, იქ სხვა გაზეთებიც იბეჭდება. რასთან შეიძლება ეს ყველაფერი კავშირში იყოს, სავარაუდოდ, 3-4 დღეში გამოჩნდება“, - აცხადებს გაზეთ „ახალი თაობის“ კორესპონდენტთან საუბრისას „კვირის პალიტრის“ მთავარმა რედაქტორმა გოგა თევდორაშვილმა.

„მედიაპალიტრის“ შპს-ს - „გამომცემლობა კოლორის“ სტამბაში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ახლაც განაგრძობენ მუშაობას. სტამბაში მაკონტროლებლების მუშაობის გამო პრესის დისტრიბუცია შეფერხდა.

როგორც სტამბის გენერალურმა დირექტორმა დავით ბეგიაშვილმა „პალიტრა ტვ“-ის განუცხადა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ამ დროისთვის ახდენენ გასული პროდუქციის აღრიცხვას. ბეგიაშვილის განმარტებით, დალუქულია საწყობი, საიდანაც სტამბა ქაღალდით მარაგდება.

ბეგიაშვილის თქმით, შეფერხებით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები სტამბაში 7 ივნისს საღამოს საათებში გამოჩნდნენ. მათ წარმოადგინეს ბრძანება, რომლის საფუძველზეც მათ 7 ივნისის საღამოდან დაიწყეს მუშაობა შპს გამომცემლობა „კოლორის“ ტერიტორიაზე.  

7 მაისს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „პალიტრა L“-ის აფრიკის დასახლებაში განთავსებული ერთ-ერთი საწყობი დალუქეს. როგორც დეპარტამენტის თანამშრომლებმა „პალიტრა ტვ“-ს განუცხადეს, ლუქები საწყობს დროებით დაადეს და დილიდან საწყობის თანამშრომლები ჩვეულებრივ რეჟიმში შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას.

შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე ნუგზარ წულუკიძემ განაცხადა, რომ „მედიაპალიტრას“ გეგმიურად ამოწმებენ. 7 მაისს წინმსწრები პროცედურა ჩატარდა, რაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციას გულისხმობს. მისი თქმით, „მედიაპალიტრის“ საწყობები არ დალუქულა და არც მათი ფუნქციონირება შეფერხდება: „პროცესი არ შეგვიფერხებია. ობიექტმა როცა დაასრულა ფუნქციონირება, მაშინ დაიკეტა. ეს პროცედურა არ არის მოწოდებული იმისთვის, რომ ვინმეს ხელი შევუშალოთ. პირიქით, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“.

ნუგზარ წულუკიძის განმარტებით, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შემოწმება- ინვენტარიზაცია, წინასწარ შეტყობინებას არ ითვალისწინებს. „რაც შეეხება დოკუმენტურ რევიზიას, ამის შესახებ შეტყობინება უკვე გაკეთებულია და ეს შეგიძლიათ, გადაამოწმოთ ყველგან. ზოგადად, მიმდინარეობს შემოწმებები და არა მხოლოდ „მედიაპალიტრის“  შემთხვევაში“, – განაცხადა წულუკიძემ და დასძინა, რომ „მედიაპალიტრის“ ნებისმიერ საწყობს მაშინვე მიეცემა მუშაობის საშუალება, როგორც კი მათ ამის სურვილი ექნებათ.

„ეს არ არის დალუქვა“, – ხაზგასმით განაცხადა წულუკიძემ და განმარტა, რომ საწყობები დროებით დაიხურა იმ წუთამდე, რა დრომდეც მისი ფუნქციონირება იქნება საჭირო.

8 მაისს დილით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა დალუქულ საწყობებს ლუქი მართლაც ახსნეს. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, „პალიტრა L“-ის საწყობებში მუშაობა აუდიტის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, დალუქავენ თუ არა კვლავ საწყობებს. 

როგორც „პალიტრა L“-ის სასაწყობო მეურნეობაში მყოფმა შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის ოფიცერთა სამმართველოს უფროსმა დავით კოღუაშვილმა განაცხადა, ობიექტების დალუქვის პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ მეწარმე არ წარმოადგენს სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა საბუღალტრო ნაშთს, რათა იგი მის ფაქტობრივ ნაშთს შეუდარონ.

„თავიდან ამბობდნენ, რომ ეს იყო გეგმური შემოწმება. ახლა ამბობენ, რომ ეს არის ინვენტარიზაცია, ხვალ შეიძლება თქვან, რომ მისამართი შეგვეშალა და გვაპატიეთო ან პირიქით - საერთოდ დააყადაღონ. ჩვენ არ ვიცით, რას იზამენ. ამიტომ ვთხოვთ და მოვითხოვთ, რომ შემოსავლების სამსახურმა დროულად გახადოს გამჭვირვალე ეს პროცესი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რაც შეიძლება მეტი საზოგადოებრივი კონტროლი განხორციელდეს - საზოგადოება არის უფლებამოსილი, იცოდეს, რა ხდება „მედიაპალიტრაში“. მივმართავთ საერთაშორისო ჟურნალისტურ ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს, რათა არ დავუშვათ სიტყვის თავისუფლების თუნდაც მცირეოდენი შეზღუდვა. არ მინდა,  გამართლდეს შიში და მართალი სიტყვის გამო დაისაჯოს „მედიაპალიტრა“, - აცხადებს „ახალ თაობასთან“ საუბრისას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.

ჟურნალისტების ხმაურიანმა აქციამ შემოსავლების სამსახურის მიძინებული საზოგადოებასთან უერთიერთობის დეპარტამენტი გამოაღვიძა. 9 ივნისს დეპარტამენტმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ამცნო, რომ შემოსავლების სამსახურმა გეგმური სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაცია უკვე დაასრულა „მედიაპალიტრის“ 3 საწარმოში (შპს „ჯეპ“, შპს გამომცემლობა „კოლორი“, შპს „პოლიგრაფიული მასალები“).

„როგორც აქამდე აღვნიშნავდით, ინვენტარიზაცია არის მარტივი და ხანმოკლე პროცედურა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა ზემოაღნიშნულ საწარმოებში ეს პროცესი 2 დღის ვადაში დაასრულა, მათი მუშაობის შეუფერხებლად. ამ ეტაპზე გეგმური ინვენტარიზაცია მიმდინარეობს „მედიაპალიტრის“ მხოლოდ ერთ ორგანიზაციაში – შპს „გამომცემლობა პალიტრა L“-ში. „გამომცემლობა „პალიტრა L“-ის სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაციაც მცირე დროში დასრულდება და ეს პროცესი არ შეაფერხებს ორგანიზაციის სამუშაო რეჟიმს“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

9 ივნისს დილით განცხადება გაავრცელა „მედიაპალიტრამაც“.

„7 ივნისს „მედიაპალიტრის“ 6 შპს-ში შემოსავლების სამსახურმა შემოწმება ერთდროულად დაიწყო; მათ შორის 4 კომპანიის საწყობები დაილუქა ინვენტარიზაციისთვის.

„მედიაპალიტრა“ არ არის საგადასახადო შემოწმების წინააღმდეგი ზოგადად, თუმცა ერთდროულად 6 სხვადასხვა შპს-ში მოულოდნელი შემოწმების დაწყება ლოგიკურად ბადებს ეჭვს და იწვევს შეშფოთებას, ხომ არ არის ეს მიზანმიმართული მცდელობა, მოხდეს მედიასახლზე გარკვეული ზეწოლა.

„მედიაპალიტრის“ ჰოლდინგში შემავალი საინფორმაციო საშუალებები ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, თუმცა დღეს დილით მაკონტროლებლების მუშაობის გამო იყო გარკვეული შეფერხებები გაზეთების დისტრიბუციასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ამ სტამბაში „მედიაპალიტრის“ გამოცემების გარდა, სხვა ჟურნალ-გაზეთებიც იბეჭდება.

„მედიაპალიტრა“ წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც აერთიანებს როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებებს (ბეჭდური, ინტერნეტი, რადიო), ასევე, მათი მუშაობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან სამსახურებს (პრესის გავრცელების სამსახური, სტამბა, წიგნების გამომცემლობა, წიგნების მაღაზიათა ქსელი, ქაღალდისა და პოლიგრაფიული მასალების იმპორტიორი კომპანია და სხვა).

„მედიაპალიტრის“ სხვადასხვა სტრუქტურებში დღეისთვის დასაქმებულია ათასზე მეტი ადამიანი.

„მედიაპალიტრა“ მადლობას უხდის ყველა ორგანიზაციასა და ადამიანს, რომლებმაც გამოხატეს თანადგომა ჩვენს მიმართ“.

რაც შეეხება უშუალოდ საგადასახადო შემოწმებას, რომელიც ე.წ. სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაციის შემდგომი ეტაპი იქნება, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ჯერ კიდევ 7 ივნისს „მედიაპალიტრის“ ექვსივე კომპანიაში დატოვეს შეტყობინება. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, შეტყობინებაში მითითებულია, რომ ამ ობიექტებში გასვლითი საგადასახო შემოწმება, დაახლოებით, 10 დღეში დაიწყება. ასე რომ, სამოქალაქო საზოგადოებას, „მედიაპალიტრისა“ და სიტყვის თავისუფლების დასაცავად წინ კიდევ დიდი ბრძოლა ელის.

ახალი ამბები