კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტებმა შინაგან საქმეთა მინისტრს სამი მოთხოვნა წაუყენეს

10 ივნისი, 2011

სოფო გეწაძე

ქართული მედიის წარმომადგენლები 26 მაისის დარბევის დროს ჟურნალისტების მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოძიებას მოითხოვენ. ამას გარდა, კოალიციამ - „მედიის ადვოკატირებისათვის“ რამდენიმე მოთხოვნა უკვე შეიმუშავა და შინაგან საქმეთა მინისტრს,  ვანო მერაბიშვილს, გადაუგზავნა.     

როგორც „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი, ნინო ზურიაშვილი განმარტავს, კოალიციას შინაგან საქმეთა მინისტრისადმი სამი მოთხოვნა აქვს ჩამოყალიბებული: გამოიძიოს თითოეული დაზარალებული ჟურნალისტის საქმე, მოახდინოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაუმაგრდეს თითოეულ სამართალდამცავს მსგავს სიტუაციაში მაიდენტიფიცირებელი ნიაშანი.

ზურიაშვილის განმარტებით, მაიდენტიფიცირებელი კოდების არქონა ხელს უწყობს მათ დაუსჯელობას: „ეს არის Amnesty International-ის მოთხოვნა, რომელიც საქართველოს მთავრობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2008 წელს წაუყენა, როცა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა დასკვნა 2007 წლის მიტინგების დროს მომხდარ დარბევასთან დაკავშირებით“.

ამ თემაზე 31 მაისს ჟურნალისტები სასტუმრო „რედისონში“ შეიკრიბნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: არასამთავრობო ორგანიზაციები, დაზარალებული ჟურნალისტები, დიპლომატიური კორპუსისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებმა 26 მაისს რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის მიერ საპროტესტო აქციის დაშლის დროს ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე ისაუბრეს. საია-ს წარმომადგენელი, თამარ კორძაია, განმარტავს, რომ მათ აქვთ გადამოწმებული ინფორმაცია 16 დაზარალებული ჟურნალისტის შესახებ. რაც შეეხება, ზოგადად, ჟურნალისტების მიმართ უკანონო ქმედებებს, კორძაია აღნიშნავს, რომ  ძირითადად დარღვევები სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით შეინიშნებოდა: ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება... „ასევე არის შემთხვევები, როცა, მაგალითად, ჟურნალისტებს აკავებდნენ და 6 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ პოლიციის შენობიდან. ეს კიდევ შეიძლება შეფასდეს, როგორც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. არის ჟურნალისტების ცემის ფაქტები, რაც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე კონკრეტულად უნდა დადგინდეს დანაშაულის ნიშნები“.

„რედისონში“ შეკრებილმა საზოგადოებამ სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრა. ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის თქმით, საზოგადოების მხრიდან ამ კომისიის ნდობა უფრო მაღალი იქნება, თუ ის სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნება: “თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე გამოხატა თავის პოზიცია და ისინი მხარს არ უჭერენ ამ კომისიის ჩამოყალიბებას. მარტივ კითხვას დაგისვამთ - როგორ წარმოგიდგენიათ ხვალ და ზეგ ეს ნაცემი და ნაგვემი ხალხი, როგორ უნდა მივიდეს იმ კომისიაში, რომლის 90% იქნება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი და მაგალითად ბატონ ნუგზარ წიკლაურს, ან ბატონ გივი თარგამაძეს ან ბატონ აკო მინაშვილს, როგორ უნდა ელაპარაკოს იმაზე, რაზეც იცის, რომ იმ ადამიანის პოლიტიკური „მწვანე შუქის“ გამო დაემართა?“ 

შეხვედრაზე სტუდია „მონიტორისა“ და „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმიც აჩვენეს. ფილმში 26 მაისს დაზარალებული ჟურნალისტები არიან გადაღებულნი.

ანა გაბუნია, საინფორმაცია სააგენტო „ექსპერესნიუსი“: „26 მაისს, დილას თავისუფლების მოედანზე ვიყავი ჟურნალისტური მოვალეობის შესასრულებლად. მას შემდეგ, რაც აქციის დარბევა დაიწყო, ჩემს რამდენიმე კოლეგასთან ერთად გავიქეცი, რადგან სპეცრაზმელები მომსდევდნენ. გავედით კონოთეატრ „რუსთაველის“ გვერდზე ჩასახვევში, შემდეგ, როგორღაც მოვხვდით თაბუკაშვილის ქუჩაზე და იქ გამოჩნდნენ ისევ სპეცრაზმელები და გამოიქცნენ ჩვენსკენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვყვიროდით, რომ ვიყავით ჟურნალისტები, მაგრამ ისინი მაინც არ ჩერდებოდნენ და ჩვენსკენ მორბოდნენ. როცა მოგვიახლოვდნენ, გვიბრძანეს, დაიხარეთო და ჩემს კოლეგებს დაუწყეს ხელკეტებისა და დუბინკების დარტყმა, იყო ასევე უშვერი სიტყვებით გინება. ჩემთვის პირადად არ დაურტყამთ, ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა უთხრა - გოგოა, არ დაარტყათო და არ დამარტყეს. გამიკეთეს პლასტსმასის ბორკილები და ყველა ჟურნალისტი წაგვიყვანეს ოპერის უკან მდებარე პოლიციის შენობასთან. ვეუბნებოდი - ჟურნალისტი ვარ-მეთქი და მაინც არ მიჯერებდნენ, რადგან დაკარგული მქონდა ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ვიყავით იქ. პარალელურად მოჰყავდათ სხვა დაკავებულებიც და მათაც აგინებდნენ და ლანძღავდნენ. პოლიციიდან ჩაგვსვეს ყველანი ერთად მანქანაში და წაგვიყვანეს ქალაქის შს მთავარ სამმართველოში, დიღომში. დიღომში ქალები ცალკე ოთახში შეიყვანეს და მეც აქციის მონაწილე ქალებთან აღმოვჩნდი. ჩემს გარდა იყო 5 ქალი. იქ დაახლოებით 5-6 საათის განმავლობაში ვიყავი. ბოლოს, შემოვიდა ორი პოლიციელი და გვითხრეს, ტელეფონები მაგიდაზე დაგვეწყო.  ჩვენც დავდეთ მობილურები, რის შემდეგაც 2 პოლიციელი მოვიდა და გამოგვაცილა სამმართველოდან“.

თაზო კუპრიაშვილი, ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთი“: „26 მაისს პირველის წუთები იყო, როცა მიტინგის დარბევა დაიწყო. ამ დროს მე, „ნეტგაზეთის“ სხვა ჟურნალისტებთან ერთად, ჩიტაძის ქუჩის კუთხეში ვიყავი. იქიდან ვიღებდი ჩამომავალ სპეცრაზმელებს. ამავდროულად, ვიხევდით უკან, მეტრო „თავისუფლების“ მიმართულებით. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს მივუყვებოდით კედელ-კედელ და როცა მივუახლოვდით მეტროს, იქ პირდაპირ სპეცრაზმელებს შორის აღმოვჩნდით. ისინი უკნიდანაც მოდიოდნენ, წინიდანაც და გვერდიდანაც. ყველა მხრიდან ისროდნენ რეზინის ტყვიებს. ამ დროს ჩვენ ხელში ჟურნალისტის მოწმობები ავიღეთ და ვაჩვენებდით სპეცრაზმელებს. ამ წუთებში ყველა ჩემი თანამშრომელი დავკარგე და მარტო აღმოვჩნდი სპეცრაზმელებს შორის, რომლებმაც დამიწყეს რეზინის ხელკეტების დარტყმა, გინება და ლანძღვა. შემდეგ ძირს  დავვარდი. მათ ვიდეოკამერა წამართვეს. ფოტოკამერა კისერზე მქონდა ჩამოკიდებული და მის წართმევასაც ცდილობდნენ. ასე გრძელდებოდა დაახლოებით 30-40 წამი. ამ დროს მოვიდა პოლიციელი, რომელმაც ეს სპეცრაზმელები მომაცილა. უთხრა - ეს ჟურნალისტია და გაუშვითო. კორიდორი გააკეთებინა და გამიყვანა. ამ დროს ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ჩემი ვიდეოკამერა ხის ძირას დააგდო. ვცდილობდი ადგომის ამეღო, მაგრამ ვერ მოვახერხე. ამ სპეცრაზმელებს შორის გამოსვლისას კი უკნიდან მხვდებოდა ხელკეტები და წიხლი და გინებ-გინებით გამოვედი „მარიოტამდე“.

მალხაზ ჭკადუა, საინფორმაციო სააგენტო „ინტეპრესნიუსი“: „ვაშუქებდით საპროტესტო აქციას, როცა სპეცრაზმმა დარბევა დაიწყო. ამ დროს ვიყავი კონოთეატრ „რუსთაველის“ წინ. ცოტა ხანში გადავინაცვლე ვაჩნაძის ქუჩისკენ და მერე - თაბუკაშვილზე. გვქონდა ჟურნალისტობის დამადასტურებელი აბსოლუტურად ყველა საბუთი, როგორც ჩამოკიდებული ბეჯი, ასევე სხვა საბუთებიც, ჩამწერი, კამერა და ა.შ. ამის მიუხედავად, სპეცრაზმელებმა სასტიკად მცემეს, როგორც მე, ასევე სხვა სააგენტოს ჟურნალისტები. მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფაც და ბეჯიც აგვაგლიჯეს. ყველანაირად ცდილობდნენ, ფიზიკურად და მორალურად გავეტეხეთ. გადაგვიყვანეს თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლადაშენებულ პოლიციის შენობაში, შემდეგ - დიღმის სამმართველოში. აქ დაგვიწყეს დაკითხვა და ალბათ, გვიპირებდნენ გასამართლებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. თუმცა, ამ დროს შემოვიდა ერთ-ერთი პოლიციის მაღალჩინოსანი და როგორც კი გაიგო, რომ ჩვენ ჟურნალისტები ვიყავით, გაგვათავისუფლეს“.

როგორც კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა, ჟურნალისტმა ია ანთაძემ აღნიშნა, ისეთ სიტუაციებში, როცა ხდება ძალადობა, ჟურნალისტები ყოველთვის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე. მისი თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი არის ის, რომ სასწავლებლებმა მომავალ ჟურნალისტებს უსაფრთხოების წესები და მსგავს ექსტრემალურ სიტუაციაში მოქმედების უნარ-ჩვევები შეასწავლონ.

ახალი ამბები