„კონსერვატიული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი 8-დღიანი შიმშილობის შემდეგ, დასუსტებულია. ამის შესახებ „ხალხის პარტიის“ წარმომადგენელმა ალეკო შალამბერიძემ „ეროვნული საბჭოს“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც შალამბერიძემ აღნიშნა, შიმშილობის პერიოდში ჩხარტიშვილთან სასწრაფო დახმარების ბრიგადა უკვე ორჯერ იყო გამოძახებული. მისი განცხადებით, ჩხარტიშვილის მოთხოვნები, რის გამოც იგი შიმშილობს, კვლავ შეუსრულებელია.
კერძოდ, 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, არ არის დაწყებული ობიექტური გამოძიება და ოფიციალურად გამოცხადებული დაკარგულების ძებნა.
ჩხარტიშვილი ამ მოთხოვნებით გორის იზოლატორში შიმშილობს.
ამასთან, ალეკო შალამბერიძემ განაცხადა, რომ ლაშა ჩხარტიშვილს შეეძინა გოგონა პატიმრობის პერიოდში და ულოცავს შვილის დაბადებას.
პრესკონფერენციას ესწრებოდნენ სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებიც. როგორც მოძრაობის ხელმძღვანელმა მანუჩარ სიგუამ განაცხადა, ჩხარტიშვილი უკანონოდ არის დაკავებული. იგი სამართლიანობისთვის მებრძოლია და დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა მხარდაჭერას უცხადებს.
ინტერპრესნიუსი