კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველები აფხაზეთიდან: მივიწყების მიღმა

14 ივნისი, 2011

მაგდალენა ფრიჩოვა გრონო,www.opendemocracy.net 

ბევრი ქართველი, რომელიც აფხაზეთიდან 1992-93 წლების ომის დროს გამოიქცა, დღეს მთელ ქვეყანაში მიმობნეულ პრიმიტიულ დასახლებებში ცხოვრობს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი უზარმაზარ პრობლემებს აწყდებიან, თუმცა მათი შეხედულებები და მისწრაფებები სავსეა საოცარი მოულოდნელობებით.

ბევრი იმ 200 ათასი ქართველიდან, ვინც აფხაზეთიდან 1992-93 წლის ქართულ-აფხაზური ომის დროს გამოიქცა, ბოლო დრომდე ამორტიზებულ შენობებში ცხოვრობდა, რომლებსაც დევნილების იმპროვიზებულ საცხოვრებლებად იყენებდნენ, მაგრამ საბჭოთა ეპოქის სასტუმროები და შენობები, რომლებსაც ეს ადამიანები თავს აფარებდნენ, თბილისის მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ საქართველოს მთავრობის და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გეგმებში შედის.

ქალაქის რეკონსტრუქციის გამო ამ შიდა დევნილებს კიდევ ერთხელ მოუწიათ გადასახლება, თანაც ისინი იძულებულები არიან შეუერთდნენ თავიანთ თანამემამულეებს, რომლებიც საქართველოს მოშორებულ კუთხეებში „კოლექტიური დასახლების ცენტრებში“ ცხოვრობენ. მთავრობის განზრახვის მიუხედავად ამ ხალხის პრობლემები მოეგვარებინა, ასეთ ცენტრებში ცხოვრების პირობები დიდწილად ყოვლად უვარგისია, ბევრი დევნილი კი თავს მეორეხარისხოვან, უფლებააყრილ ადამიანად მიიჩნევს.

ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Conciliation Resources-მა  და Caucasus Research Resource Centre-მა ახლახანს კვლევა ჩაატარა, შეისწავლა რა ასეთ კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილების ყოფა და მისწრაფებები. აფხაზეთის ომიდან თითქმის ოცი წლის შემდეგ ეს შიდა დევნილთა პრობლემებსა და სირთულეებში უკეთ გარკვევის პირველი მცდელობა იყო, კონფლიქტზე, მისდამი დამოკიდებულებაზე, აფხაზეთში დაბრუნებასა და სამართლიანობის ძიებაზე ამ ადამიანთა წარმოდგენების ანალიზის გზით. კვლევა აბათილებს დევნილებზე ჩამოყალიბებულ მთელ რიგ სტერეოტიპებს, ასევე მოიცავს მნიშვნელოვან გაკვეთილებს პოლიტიკური ხელმძღვანელებისთვის. ამ სტატიაში მე მხოლოდ ყველაზე საინტერესო მომენტებს და დასკვნებს განვიხილავ.

სირცხვილში ცხოვრება

„ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც კოლექტიურ ცენტრში ცხოვრობენ და შემთხვევით ავტომანქანას შეიძენენ, მას ცენტრისგან რამდენიმე კვარტლის მოშორებით აბინავებენ იმისთვის, რომ გარშემომყოფებმა არ იფიქრონ, თითქოს ისინი მასში ცხოვრობენ. რა ინტეგრაციაზე შეიძლება იყოს საუბარი?“ – ამბობს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების სპეციალისტი ნინო კალანდარიშვილი. მისი სიტყვები მოწმობს იმას, თუ რა სირცხვილის გადატანა უწევს ზოგიერთ დევნილ ახალგაზრდა ქართველს საკუთარი მდგომარეობის გამო.

კვლევა აჩვენებს, რომ ამ შიდა დევნილების უმრავლესობა თავს ქართული საზოგადოების ნაწილად მიიჩნევს, თუმცა 27% ამბობს რომ სტატუსის გამო დისკრიმინაციას განიცდის. თითქმის ამდენივე ადამიანის პასუხი ისეთია, რომ მათ განცდებზე საბოლოო დასკვნის გამოტანა შეუძლებელია. მათი არაინტეგრირებულობა ქართულ საზოგადოებაში ძველი და დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა. პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ისეთია, რომ ყველა დევნილი საკუთარ სახლს უნდა დაუბრუნდეს, ამიტომ ისინი ინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან. საქმე ის არის, რომ თუკი ამაზე დასთანხმდები, მაშინ საზოგადოებაში ინტეგრირებულმა დევნილებმა შეიძლება აღარ მოითხოვონ აფხაზეთში დაბრუნების უფლება. ეს კი თავის მხრივ არ შეესაბამება და პირიქით ეწინააღმდეგება კიდეც საქართველოს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ აფხაზეთი სუვერენული საქართველოს ნაწილად რჩება.

აღსანიშნავია რომ ქართული ხელისუფლების ინტეგრაციასთან დამოკიდებულება შედარებით 2006 წლის შემდეგ გაუმჯობესდა და კიდევ უფრო გაუმჯობესდა 2008 წლის რუსეთთან ომის შემდეგ, რასაც სამხრეთ-ოსეთიდან და აფხაზეთიდან დევნილების ახალი ტალღა მოჰყვა.

თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. დევნილების მხოლოდ 5% ეთანხმება სრულად იმას, რომ საქართველოს მთავრობა მათ პრობლემებს სერიოზულად უდგება. გამოკითხული დევნილების უმრავლესობა უკმაყოფილოა ცხოვრების პირობებით, ხოლო სამუშაოს და მისი შოვნის შესაძლებლობის არ არსებობა საშინელ სასოწარკვეთილებას და უკმაყოფილებას იწვევს (გამოკითხულთა 20%-ზე ნაკლებმა სთქვა, რომ მუშაობს და ხელფასს იღებს). ბევრი უკმაყოფილოა საცხოვრებლით – ხშირად ერთი ოჯახის რამდენიმე თაობას ერთ ოთახში უწევს ცხოვრება. ერთი ქალი მიყვებოდა: „ყველაზე ცუდი ვითარება ახალგაზრდებთან მიმართებაშია, როგორ უნდა ელოდო იმას, რომ ოჯახებს მშობლების, ბაბუების და ბებიების თვალწინ შექმნიან?“

ასეთ სიტუაციაში პარადოქსია ის, რომ მათ მთავრობისადმი დიდი ნდობა აქვთ. რესპონდენტების ორ მესამედზე მეტი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ენდობა, ხოლო დევნილების ნდობა ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიმართ საშუალოდ 10-30% და მეტია, ვიდრე ანალოგიურ თემებზე გამოკითხულ რიგით ქართველ მოქალაქეებში. ასეთი შედეგები უმცირესობებისთვის ხშირად ტიპურია, მაგრამ ის იმაზე მოწმობს, რომ ბევრის მიღწევა შეიძლება, თუკი ხელისუფლება დევნილების მოსმენასა და მათ საჭიროებებზე რეაგირების მხრივ მეტ მზადყოფნას გამოავლენს.

დაბრუნების თემა

დევნილების ყოველდღიური ცხოვრება კოლექტიურ ცენტრებში იყოფა გადარჩენისთვის ბრძოლად და დაბრუნაბაზე ნატვრად. ეს ნატვრა კი ძალიან ძლიერია, მაგრამ ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, თუ რა შეიძლება პრაქტიკაში გაკეთდეს, რადგან მას შემდეგ რაც 1992-93 წლების ქაოტური ომის შემდეგ აფხაზეთიდან გამოიქცნენ თითქმის ოცი წელი გავიდა. ამ ოცი წლის განმავლობაში კი ქართული და აფხაზური საზოგადოებები კიდევ უფრო დაშორდნენ ერთმანეთს, ერთმანეთისგან იზოლირებულები არიან, რასაც ხელს უწყობდა აქტიური პროპაგანდით გაძლიერებული მასშტაბური პოლიტიკური წინააღმდეგობები.

ქართველები დასავლეთის ფრთებქვეშ აღმოჩნდნენ, მაშინ როდესაც აფხაზებისთვის გარე სამყარო ფაქტობრივად მხოლოდ რუსეთის გავლით, მისი მედიისა და კულტურის საშუალებითაა ხელმისაწვდომი. ასეთი კულტურული და პოლიტიკური გაორების შედეგები გამაოგნებელია და ყველაზე მეტად ამას უცხოელები გრძნობენ. მეტიც, ერთ დროს საერთო რუსული ენაც კი აღარ წარმოადგენს ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ენას, რადგან დღეს რუსული ენა სულ უფრო ნაკლებმა ახალგაზრდა ქართველმა იცის.

ქართულ-აფხაზურ კონტექსტში დევნილების დაბრუნებაზე დებატები ისეთივე ჩიხშია მოქცეული, როგორც აფხაზეთის საბოლოო სტატუსის თემა. თბილისი ამტკიცებს, რომ აფხაზებმა ეთნიკური წმენდა მოაწყვეს და აფხაზეთში ყველა იძულებით გადაადგილებული ეთნიკური ქართველის დაბრუნებას მოითხოვს. აფხაზები ამ მოსაზრებას უარყოფენ და შიშობენ, რომ იმ ქართველების მასობრივი დაბრუნება, რომლებიც ადრე აფხაზეთში ცხოვრობდნენ, დღევანდელ ძალიან მყიფე დემოგრაფიულ ბალანსს დაარღვევს, რაც მათ ომამდელ სიტუაციაში დააბრუნებს, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ.

მაგრამ გაცილებით რთული რეალობა იმალება მხარეების ამ განცხადებების და პოზების, ასევე იმ საერთაშორისო კანონების უკან, რომელთა თანახმად ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს აქვს უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება. კერძოდ, კითხვაზე იმის შესახებ, ყველა დევნილს სურს თუ არა ამ უფლებით სარგებლობა და რა პირობებით, პასუხები ძალიან მოულოდნელი და თვალსაჩინოა.

გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ თითქმის 90% უკან იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუკი აფხაზეთი საქართველოს კონტროლის ქვეშ იქნება. დაახლოებით 10% მზადაა დაბრუნდეს, თუკი აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი საქართველოს საზღვრებს მიღმა განისაზღვრება (მისი დღევანდელი სტატუსის პირობებში; თუკი მას აღიარებს სახელმწიფოების უმრავლესობა საქართველოს გამოკლებით; შეუერთდება რუსეთის ფედერაციას). დაბრუნების უმნიშვნელოვანეს წინაპირობად დევნილები აფხაზეთის სტატუსის ქართულ საზღვრებში განსაზღვრას, უსაფრთხოებას, ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას და აფხაზეთში ქართველთა უფლებების გარანტიებს ასახელებენ.

ამ ფონზე გასაგები ხდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დევნილთა მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ როდის იქნება შესაძლებელი აფხაზეთის „რეინტეგრირება“ საქართველოს შემადგენლობაში. გამოკითხულთა მეოთხედს მიაჩნია, რომ ეს შეიძლება მომდევნო ათი წლის განმავლობაში მოხდეს, ხოლო თითქმის ნახევარმა არც კი იცის ის, თუ როდის გახდება ეს შესაძლებელი. როგორც სჩანს, დევნილების უმრავლესობა აღიარებს, რომ აფხაზეთის რეინტეგრაცია და შესაბამისად მათი სახლებში დაბრუნება უახლოეს და საშუალოვადიან პერსპექტივაში არარეალურია.

პოლიტიკური ჩიხების გარდა არსებობს სამი პრაქტიკული შემაკავებელი ფაქტორი. პირველი – დაბრუნებაზე საუბარი ხშირად ეფუძნება მოგონებებს იმაზე, რაც ადამიანებმა აფხაზეთში დატოვეს. ამავდროულად ძველი სახლები მათი მოგონებების ეპიცენტრშია, მაგრამ კვლევის თანახმად, ადამიანების 75-85% უბრალოდ ვერ შესძლებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას, თუკი დაბრუნების შესაძლებლობა დღესვე გაჩნდება. საქმე ის არის, რომ სახლების ნახევარი დანგრეულია, მეოთხედში კი სხვები ცხოვრობენ. დანარჩენი სახლების ბედი გურკვეველია.

მეორე – დევნილების 20%-ის თქმით, ისინი ომის დროს მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში (41% კი ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრები იბრძოდნენ). აფხაზები დიდი ხანია რაც აცხადებენ, რომ ისინი იმ ადამიანების სამუდამოდ დაბრუნების წინააღმდეგები არიან, რომლებიც წარსულში იბრძოდნენ, ზოგ შემთხვევაში კი მათი ოჯახის წევრების დაბრუნებასაც აპროტესტებენ.

მესამეც – ომის და ოცწლიანი იზოლაციის შედეგად ეთნიკური ურთიერთობები დანგრეული ან გაფუჭებულია. დევნილები ფრთხილი ოპტიმიზმით საუბრობენ აფხაზებთან, როგორც ერთიან ურთიერთობაზე, თუმცა მათგან ცოტას თუ მიაჩნია, რომ პასუხად აფხაზებიც კეთილ დამოკიდებულებას გამოავლენენ.

არც ერთი ეს ფაქტორი საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დისკუსიებში არ ფიგურირებს. ეს სამწუხაროა, რადგან დევნილების შეხედულებების და მოსაზრებების უკეთ გაგებას მომავალში პოლიტიკური ქმედებების შესაძლო ვარიანტების ძიებისას უფრო პრაგმატულ მიდგომებს შეუწყობდა ხელს.

დღვანდელ დღეს დაბრუნების პერსპექტივა მხოლოდ თეორიულია, მაგრამ ასეთი დისკუსიები დაეხმარებოდა ნიადაგის მომზადებას იმ მომენტისთვის, როდესაც ეს შესაძლებელი გახდება. ეს ასევე ხელს შეუწყობს იმ სხვაობის შემცირებას, რომელიც დევნილების ცხოვრების დღევანდელ რეალობას და საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე მათ ოცნებებს შორის არსებობს. ის თუ რას ნიშნავს ეს, აქტივისტმა ლიანამ ამიხსნა, როდესაც ის იმ მნიშვნელოვან ვალდებულებაზე საუბრობდა, რასაც საკუთარი შვილებისთვის იმ ადგილზე დაბრუნების სურვილის შენარჩუნება ჰქვია, რომელიც მათ არც კი ახსოვთ. ღია დებატები საზოგადოებაში დაეხმარება სხვადასხვა თაობის დევნილებს, ისეთებს როგორიც ლიანა და მისი შვილები არიან.

შემდგომი გზა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ქართველებმა თავისი თანამემამულეების უმრავლესობისგან განსხვავებით, საკუთარ თავზე გამოსცადეს აფხაზეთთან ომის დამანგრეველი შედეგები. ფართოდ გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ მათ საომარი განწყობა აქვთ მცდარია. ეს დევნილები დიდწილად ქორების ბანაკს არ მიეკუთვნებიან: 59% კონფლიქტების გადაწყვეტის ინსტრუმენტად ძალის გამოყენებას უარყოფს (თუმცა მეოთხედი უკიდურეს შემთხვევაში ზემოქმედების ამ ზომას არ გამორიცხავს). ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, როგორც ქართული, ასევე აფხაზური მხარისთვის.

დევნილები ძალიან პრაგმატულად უდგებიან კონფლიქტების გადაწყვეტას. როგორც ეს გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, მათ დიდწილად მიაჩნიათ, რომ დღეს კონფლიქტის გაბუქებაში დამნაშავე რუსეთი ან გეოპოლიტიკის ინტერესებია. უმრავლესობა კონფლიქტური სიტუაციების ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტის მომხრეა, მაგალითად ქართველებს და აფხაზებს შორის კონტაქტების აღდგენის გზით, შერიგების ძალისხმევითა და დიალოგის აღდგენის გზითაც კი თბილისს და სოხუმს შორის. ბევრი ამ უკანასკნელ ვარიანტს უჭერს მხარს, მათ შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას უფრო აფხაზეთს და საქართველოს, ვიდრე რუსეთს და საქართველოს შორის.

აფხაზებს დევნილებთან საუბარი უჭირთ, მაგრამ როგორც კვლევა ცხადყოფს, დევნილები მძლავრი რესურსია მშვიდობის შენებისთვის. ისინი ყველაზე ადეკვატურები არიან ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დინამიკასთან დაკავშირებით და მას გაცილებით უკეთ იცნობენ, ვიდრე დანარჩენი ქართველები. მათი გამოცდილება გაკვეთილია, რომელიც ცხადყოფს თუ რა დიდია ომის ფასი და რამდენად ღირებულია მშვიდობა. თუკი ქართული სახელმწიფო რეგიონში მშვიდობის ერთგულია, მან უკეთ უნდა გაუგოს თავის დევნილებს და უპასუხოს მათ კანონიერ მოთხოვნებს.

მაგდალენა ფრიჩოვა გრონო ათი წლის განმავლობაში მუშაობდა ამ კონფლიქტის პრობლემასა და სამხრეთ-კავკასიაში დარეგულირების პრობლემებზე; იგი ასევე იყო კრიზისების პრევენციის საერთაშორისო ჯგუფის International Crisis Group-ის კავკასიური პროექტის დირექტორი.

ქართული თარგმანი: foreignpress.ge

ორიგინალი

ახალი ამბები