კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ატესტაცია - განათლების დონის ამაღლება თუ მასწავლებელთა შემცირების დახვეწილი ფორმა

14 ივნისი, 2011

სოფო გეწაძე

მასწავლებელთა სერთიფიცირების პროცესი განათლების სამინისტრომ 2010 წლიდან დაიწყო. გამოცდებში მონაწილეობა ამჟამად ნებაყოფლობითია. თუმცა 2014 წლიდან მისი ჩაბარება  ყველა პედაგოგისთვის სავალდებულო ხდება. სასერთიფიკატო გამოცდები 2 მიმართულებით საგნობრივი და პედაგოგიური უნარების ტესტებით ჩატარდება.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ია კუტალაძე ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას აღნიშნა, პროფესიული უნარების გამოცდით შეფასდება მასწავლებლის უნარი, რამდენად შეუძლია კლასში შექმნილი პრობლემების გადაწყვეტა: „ეს არის კლასის მართვა, მოსწავლეებთან კომუნიკაცია, ქცევის წესების შემუშავება. გამოცდის მეორე სავალდებულო ნაწილი საგნობრივი ცოდნის შეფასებაა. საგნობრივი ცოდნის ტესტები ორ ნაწილად იყოფა, ერთი არის რეალურად ცოდნაზე ორიენტირებული ტესტური დავალებები - სუბტესტი, ხოლო მეორე - სწავლების მეთოდიკა“.

თბილისის 24-ე საშუალო სკოლის დირექტორი, გია მურღულია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებს საგანგებო მნიშვნელობა აქვს: „საზოგადოებამ, სახელმწიფომ, თქვენ, მე, მოსწავლემ, მშობელმა - ყველამ უნდა იცოდეს... უფლება აქვს იცოდეს, ვინ ასწავლის ჩვენს შვილებს, როგორი მომზადების ადამიანები ასწავლიან, რამდენად კვალიფიცირებული მასწავლებლები არიან, რამდენად ვითარდებიან ისინი დროთა განმავლობაში“.

საკუთარი მოსაზრებები აქვთ პედაგოგებს. აქ აზრთა სხვადასხვაობა მეტია. „საერთოდ, სერტიფიცირების იდეა და შინაარსი ძალიან მომწონს, ნორმალურია და შინაარსობრივად საკმაოდ დემოკრატიული, რადგან ეს პროცესი თვითკონტროლისთვის არის  საჭირო“, - აცხადებს რუსული ენის მასწავლებელი ციცი ხოშტარია. მის მოსაზრებას არ იზიარებს ისტორიის პედაგოგი, თეა ტყეშელაშვილი. მისი თქმით, უნარები ვერ შეამოწმებს მათ კომპეტენციას, რამდენად კარგად წარმართავენ გაკვეთილს: „ჩვენ ახლა 30, 40 და თუნდაც 50 წლის ასაკში ამ თეორიების ცოდნა ნაკლებად მოგვეთხოვება. თუ ჩემი გამოცდა უნდათ, როგორც პროფესიონალი მასწავლებლისა, უნდა შეამოწმონ, მეთოდურად, რამდენად სწორად წარვმართავ გაკვეთილს, რამდენად სწორად ვუდგები ამა თუ იმ სიტუაციას კლასში. ამის შემოწმება შეიძლება ნებისმიერი იმ დავალებებით, რომელიც აჩვენებს, როგორ გამოსავალს ვიპოვი ამა თუ იმ სიტუაციაში“.

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები 2010 წლის ზაფხულში პირველად ჩატარდა. გამოცდებში მონაწილეობა მათემატიკის, ქართულისა და უცხოური ენების იმ პედაგოგებმა მიიღეს, რომელთაც პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება ჰქონდათ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2010 წელს 14 000 რეგისტრირებულიდან ორივე გამოცდა 1 600-მდე პედაგოგმა ჩააბარა. როგორც ია კუტალაძე აღნიშნავს, დავალებათა დიდი ნაწილი მასწავლებლებმა არასწორად გაიგეს: „ტესტურ დავალებას აქვს თავისი მითითება: გაანალიზე, იმსჯელე, აღწერე. რაღაც პრობლემური სიტუაციაა აღწერილი და  შეიძლება იყოს ამ ტიპის კითხვა: რას გააკეთებდით, როგორ გადაჭრიდით ამ პრობლემას? ძალიან ხშირად ანალიზის ნაცვლად იყო პირობის პერიფრაზი, იყო ძალიან ზოგადი პასუხები, მაგალითად: „ავუმაღლებ მოტივაციას“, ასეთი პასუხით ჩვენ როგორ უნდა შევაფასოთ, პედაგოგს რამდენად შეუძლია მოსწავლეთა დაინტერესება?!“

ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს პროფკავშირებს. განათლების მუშაკთა თავისუფალი პროფესიული კავშირი „ერთობის“ წარმომადგენელი დავით წიქარიშვილი მიიჩნევს, რომ პროგრამები, სტანდარტები და სახელმძღვანელოები არაა იმდენად დახვეწილი, რომ ამ პროგრამების ფარგლებში ტესტირება მოხდეს.

2009-2010 წლებში სახელმწიფო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ვაუჩერული დაფინანსების პროგრამას ახორციელებდა. პროგრამის ფარგლებში ყველა მასწავლებელს უფასოდ შეეძლო გაევლო ჩასაბარებელი გამოცდების პროგრამების კურსი - სულ 4 კრედიტი საგნობრივი და პროფესიული უნარ-ჩვევები. 2011 წლიდან კი სიტუაცია შეიცვალა.

როგორც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში აცხადებენ, ბოლო ინფორმაციით, სახელმწიფო წელს ვაუჩერს მხოლოდ 7 000 მასწავლებელს გადასცემს. კრიტერიუმები კი რომელ მასწავლებელს გადაეცემა ვაუჩერი, ჯერ არაა ჩამოყალიბებული.

პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით, მასწავლებელთა 3 კატეგორია განისაზღვრება: მეორე, პირველი და უმაღლესი. პედაგოგს, რომელიც სასერთიფიკატო გამოცდას წარმატებით ჩააბარებს, ანუ 21 კრედიტს დააგროვებს, ავტომატურად მეორე კატეგორიის მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება, იმ შემთხვევაში კი თუ სურვილი გაუჩნდება პირველი კატეგორიის მასწავლებელი გახდეს 7 წლის განმავლობაში 28, ხოლო უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად 42 კრედიტი უნდა დააგროვოს. იმისათვის, რომ  სქემაში ჩართულმა სერტიფიცირებულმა მასწავლებელმა კრედიტები დააგროვოს, მან 7 წლის განმავლობაში მონაწილეობა 17-დან 7 სხვადასხვა აქტივობაში უნდა მიიღოს. ეს აქტივობებია: ტრენინგ პროგრამებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა, პროფესიული სტაჟირების გავლა, მენტორ-მასწავლებლად მუშაობა, ჟურნალ-გაზეთებში აკადემიური სახის სტატიის გამოქვეყნება და სხვა. 

სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარების აუცილებლობამ მასწავლებელთა გარკვეულ ნაწილს გაუჩინა განცდა, რომ სახელმწიფო ამ გზით მასწავლებელთა შემცირებას ცდილობს. ისინი არგუმენტად 2009 წელს გამოცდების მასწავლებელთა მხოლოდ მცირე ჯგუფის მიერ საგამოცდო ბარიერის დაძლევას ასახელებდნენ. თუმცა, ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე - „რამდენადაა შესაძლებელი, სახელმწიფო ამ გზით ცდილობდეს მასწავლებელთა შემცირებას?“ - როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ასევე სკოლებში უარყოფითი პასუხი მივიღეთ.

ახალი ამბები