კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონტროლის პალატამ სადაზღვევო პროგრამებში დარღვევები გამოავლინა

15 ივნისი, 2011

საქართველოს კონტროლის პალატამ ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამების აუდიტის შედეგად, დარღვევები გამოავლინა.

როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კონტროლის პალატის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ალასანიამ განაცხადა, წინასწარი აუდიტის ფარგლებში დადგენილი ფინანსური და პროგრამული რისკების გათვალისწინებით, აუდიტის შედეგად მრავალმხრივი დარღვევები გამოვლინდა. მისი თქმით, 2008-2010 წლებში, უმწეოთა დაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული 311,3 მილიონი ლარიდან დაზღვეულთა სამედიცინო მომსახურებაში მხოლოდ 164,5 მილიონი დაიხარჯა, რაც პროგრამების ჯამური ბიუჯეტის მხოლოდ 53%-ს შეადგენს.

აუდიტის შედეგების თანახმად, წლიურად დაზღვეული 808 ათასი უმწეო მოქალაქიდან, დაზღვევით მხოლოდ 13,8%-მა ისარგებლა. სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული შემთხვევების 45,1%-ის ღირებულება კი 20 ლარს არ აღემატება. შესაბამისად, როგორც კონტროლის პალატაში აცხადებენ, რეალური ფინანსური რისკების დაზღვევის სიკეთით, მხოლოდ დაზღვეულთა 10%-მა ისარგებლა. აუდიტის შედეგების თანახმად, სადაზღვევო კომპანიების მიერ სადაზღვევო ხელშეკრულება დროულად არ გაფორმებულა დაზღვეულთა 75%-თან. დაზღვეულთა ბაზაში შეუძლებელია 13,4 ათასი მოქალაქის იდენტიფიცირება, პროგრამით დაზღვეულია სოციალური მომსახურების სააგენტოს 91 თანამშრომელი, 420 ოჯახის წევრი, რაშიც კონტროლის პალატის მონაცემებით, 109,9 ათასი ლარია გადახდილი.

დაზღვეულია 17,7 ათასი გარდაცვლილი და მოქალაქეობიდან გასული პირი, რომლებზეც, ჯამში, უკანონოდ 3,7 მილიონი ლარი გაიცა. აუდიტის შედეგების თანახმად, დაზღვეულთა ბაზაში გაორებულია 3743 მოქალაქის ჩანაწერი. მათ დასაზღვევად ზედმეტად გადახდილია 145,2 ათასი ლარი. დაზღვეული 3255 უმწეო პირი, ამავე დროს სარგებლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა დაზღვევით, ხოლო 3183 პირი დაზღვეულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პედაგოგთა დაზღვევის პროგრამით. უმწეოთა ორმაგად დაზღვევაში, კონტროლის პალატის მონაცემებით, ზედმეტად გადახდილია 1,13 მილიონი ლარი.

საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტის შედეგების საფუძველზე, სამართალდამცველი ორგანოების რეაგირების შედეგად, სადაზღვევო კომპანიების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში 12 მილიონი ლარი დაბრუნდა.

"საქართველოს კონტროლის პალატა განაგრძობს საჯარო დაზღვევაში გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად და პროგრამების მართვის გასაუმჯობესებლად შესაბამისი უწყებების მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგს", - განაცხადა გიორგი ალასანიამ.

სულ საუბარია ათ სადაზღვევო კომპანიაზე. ესენია: „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“, „ალდაგი ბი-სი-აი“, „ჯი-პი-აი ჰოლდინგი“, „აი-ი-სი ჯგუფი“, „იმედი L“, „ირაო“, „ვესტი“, „ალფა“, „სახალხო დაზღვევა“ და სადაზღვევო კომპანია „ქართუ“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები