კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის შეფასებით, 26 მაისს ჟურნალისტების მიმართ სამართალდამცავების მოპყრობა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა

20 ივნისი, 2011

ნატა ძველიშვილი, მედია.გე

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა 14 ივნისს პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დროს,  განაცხადა, რომ  26 მაისს ჟურნალისტების მიმართ სამართალდამცავების მოპყრობა  სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა,  ამიტომ პროკურატურამ  ეს   ფაქტები უნდა გამოიძიოს.

„ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის დაშლისას მედიის წარმომადგენლებს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათი ნაწილი დააკავეს, დაუზიანეს აპარატურა და პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება არ მისცეს“, - განაცხადა ტუღუშმა.

ამ ფაქტების გამოიძიების მოთხოვნით ომბუდსმენის აპარატმა უკვე მიმართა დედაქალაქის  მთავარ პროკურატურას.

მიმდინარე წლის 26 მაისს, ღამით, პოლიციის სპეცრაზმებმა საპროტესტო აქცია დაშალეს. დააკავეს ათობით მომიტინგე, ოფიციალურად დადასტურდა 2 ადამიანის დაღუპვა, თუმცა ზოგიერთი უფლებადამცველი  ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ მინიმუმ კიდევ ორი ადამიანია დაღუპული. არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით,  აქციის დაშლის შემდეგ ბევრი ადამიანი გაუჩინარდა, რასაც შს სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს.

ტუღუშმა განაცხადა, რომ ასევე გამოსაძიებელია 26 მაისს მომიტინგეთა მიმართ ძალის გადამეტების დადასტურებული ფაქტები.

400-გვერდიან ანგარიშს, სადაც საუბარია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სახელმწიფოში არსებულ ზოგად ტენდენციებზე და მოყვანილია ადამიანის  უფლებათა დარღვევის კონკრეტული ფაქტები,  30-მდე პარლამენტარი ისმენდა იმ 150 დეპუტატიდან, რომლისგანაც საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო შედგება.

მოხსენებით გამოსვლის დროს, სახალხო დამცველმა მოკლედ მიმოიხილა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობა, პატიმართა ცემის და შეურაცხყოფის ფაქტები, ასევე ჰიგიენის, სამედიცინო მომსახურების და საკნების გადატვირთულობის საკითხები. მან ასევე პატიმართა სიკვდილიანობის ფაქტებზე ისაუბრა, რომელიც   გომოწვეულია  როგორც ფიზიკური ძალადობის ასევე სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე  ექიმების უყურადღებობის მიზეზით.

.ანგარიშში ცალკე თავი დათმობილი აქვს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს.

ტუღუშის თქმით, 2010 წელს ჟურნალისტთა საქმიანობის ხელის შემშლელი არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, გამოხატვის თავისუფლების დარღვევის შემთხვევებმა კი უფრო მასშტაბური  და მრავალფეროვანი ხასიათი მიიღო. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა 2010 წლის მაისში ტელეკომპანია „კავკასიაში" მოქალაქეთა შეჭრის ფაქტს, რა დროსაც ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს დავით აქუბარდიას და 5 ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სახალხო დამცვლის განმარტებით, გასულ წელს ჟურნალისტებისა და ტელეკომპანიების მფლობელთა უფლებების დარღვევა გამოწვეული იყო როგორც სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ზეწოლით და ძალადობით, ასევე მათი უმოქმედობით. ამის მაგალითია, აღნიშნა ტუღუშმა,  2010 წლის ივნისის თვეში გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟისას ტელეკომპანია „თრიალეთის" ჟურნალისტის და  ოპერატორის ფიზიკური შეურაცხოფის ფაქტი. ტუღუშის თქმით, მსგავსი შემთხვევა მოხდა  გასული წლის სექტემბერშიც, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ტელეკომპანია „კავკასიის" გადამღები ჯგუფის წევრებს საპროტესტო  აქციის გაშუქებისას  დაცვის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სცადეს ვიდეოკამერის წართმევა. ორივე შემთხვევაში ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, რომლებსაც ჟურნალისტების დასაცავად არაფერი მოიმოქმედეს.

სახალხო დამცველი შეეხო გასულის წლის 7 ოქტომბერს ქალაქ გორში სამართალდამცავების მიერ ტელეკომპანია „თრიალეთის" დირექტორის ჯონი ნანეტაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტსაც. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სამსახურებორივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, თუმცა, საქმის განხილვა შეწყდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არქონის გამო.

„მე არ ვარ კომპენეტური, რომ შევაფასო გამოძიების შეწყვეტის მართლზომიერება, მაგრამ შევახსენებ სასამართლოს - დანაშაული არ არის მხოლოდ სისხლის სამართალის დანაშაული,  სამრთალდამცავები, რომლებიც მსგავს ქმედებებს მიმართავენ, როგორც მინიმუმ, აღარ უნდა მუშაობდნენ პოლიციაში," - განაცხადა ტუღუშმა.

ტუღუშმა  ყურადღება გაამახვილა ასევე  საჯარო ინფორმაციის მოპოვების პრობლემებზე. მან აღნიშნა,   რომ  მთავარი პრობლემა საჯარო ინფორმაციის საერთოდ გაუცემლობა და კანონით დადგენილი ვადების დარღვევაა. სახალხო დამცველის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის გაცემაზე უარი დასაბუთებული იყოს და მოქალაქეებს მისი გასაჩივრების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ ოპოზიციური ფრაქცია „ქრისტიან - დემოკრატების" წევრმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მოხსენება მხოლოდ ცარიელ ცნობად არ უნდა დარჩეს, მას კონკრტული შედეგები   და გადაწყვეტილებები უნდა მოჰყვეს. „ქრისტიან - დემოკრატებმა" დადგენილების პროექტიც წარმოადგინეს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა. პროექტში მოცემულია რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთდეს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამოსწორების მიზნით.

უმრავლესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა აღნიშნა, რომ პრობლემები ადამიანის უფლებების კუთხით მართლაც არსებობს, თუმცა, იმ ფაქტებზე, რაზეც სახალხო დამცველმა ისაუბრა, საჭიროა "ფუნდამენტური და სისტემური"  რეაგირება და  ხელისუფლება ამ კუთხით მუშაობს.

სხდომის დასასრულს პარლამენტის წევრმა უმრავლესობიდან, ლაშა თორდიამ დეპუტატებს ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი გააცნო, რომელიც 2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებას შეეხებოდა. აღნიშნული დადგენილების პროექტს, სადაც საუბარია ანგარიშის ცნობად მიღების შესახებ, კენჭს უყრიან პარასკევს, 17 ივნისს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე.

ახალი ამბები