კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მშენებლობა მთავართა სანათლოზე - დავის საგანი

20 ივნისი, 2011

სოფო გეწაძე

მთავართა სანათლოზე მშენებლობა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, აქ გასართობი ცენტრი შენდება. თუმცა მესაკუთრე ამ ფაქტს უარყოფს და ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ კერძო სახლს აშენებს.

მთავართა სანათლო მცხეთაში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე პომპეუსის უძველე ხიდსა და ახალ სამანქანო ხიდს შორისაა მოქცეული. ისტორიკოსების განმარტებით, ეს ის ადგილია, სადაც უფლის კვართის ხელთამპყრობლის წმინდა ელიოზ მცხეთელისა და მისი დის - წმინდა სიდონიას სამოსახლო ადგილი მდებარეობდა და სადაც წმინდა ნინომ მირიანი და ნანა დედოფალი მონათლა. (ვიდეო)

ისტორიკოსი, გია პარკაია ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი ისეთი წიგნებიდან დასტურდება, როგორიცაა, „ქართლის ცხოვრება“, „მოქცევაი ქართლისაი“, საბინინის „საქართველოს სამოთხე“, შატბერდის კრებული და სინური ხელნაწერი.

ამ ფაქტს უარყოფს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის, ომარ ფერცულიანის წარმომადგენელი თორნიკე მჟავანაძე: „თავიდან იყო მტკიცება, რომ კონკრეტული 300 კვადრატული არის ის ადგილი, სადაც მირიანი და ნანა დედოფალი მოინათლნენ. ამსი მტკიცება სასაცილოა, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, თქვენ იქ ადგილზეც იყავით და ნახავდით, როგორი ქანობი აქვს იქ კლდეს. შესაბამისად, შეუძლებელია იქ ნათლობა გამართულიყო.“

ფერცულიანის მიერ ბუნებრივი კლდის ჩამონგრევაზე საუბრობენ „ეკოლოგიური სამართლის ცენტრში“. როგორც ცენტრის იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე განმარტავს, რეალურად იქ იყო კლდე, რომელიც ახლა მოშლილია და ეს ეკოლოგიური დანაშაულია.

ამ ფაქტს უარყოფს ფერცულიანის წარმომადგენელი თორნიკე მჟავანაძე. იგი აღნიშნავს, რომ მშენებლებს კლდე არ ჩამოუშლიათ. ამასთან, განმარტავს, რომ სადავო ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებით მათ რეკომენდაციები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან მიიღო და გაითვალისწინა. საქართველოს საპატრიარქოს წერილში, მისი ინფორმაციით, რეკმენდაცია არ იყო. „არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რომ აქ საერთოდ რამე აშენდესო, ეს იყო რეკომენდაცია“, - ამბობს თორნიკე მჟავანაძე.

ფერცულიანმა 2 000 კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან  და ორი უშუალო მეზობლისგან შეიძინა. ადამიანს უფლებათა ცენტრი ამ თემით სწორედ ამ გარემოების გამო დაინტერესდა. საქმე ისაა, რომ ეს სწორედ ის ფართია, რომლის დაკანონებაზეც მის მართლზომიერ მფლობელს, ეთერ მრევლიშვილს მცხეთის მუნიციპალიტეტში უარი უთხრეს: „18 თვე დავრბოდი ამ ფართის დაკანონებაზე და მხოლოდ 18 თვის შემდეგ მითხრეს - არ დაგიკანონებთო, წყლის სანაპირო ზოლიაო. მანამ მიზეზად ხან რას მეუბნებოდნენ, ხან რას და ბოლოს დასკვნა წერილობით მოვითხოვე. წყლის სანაპირო ზოლია და არ ექვემდებარება პრივატიზებასო, ასე ეწერა დასკვნაში“.

მრევლიშვილის მეზობლებს  წყლის სანაპირო ზოლზე არსებული მიწის ნაკვეთები დაუკანონეს და ამ ადგილებში მშენებლობაც დაიწყეს. მისთვის უარყოფითი პასუხის გაცემიდან რამდენიმე დღეში კი ფართი აუქციონზე გაიტანეს. მრევლიშვილი განმარტავს, რომ აუქციონთან დაკავშირებით იგი არ იყო ინფორმირებული. ჯერ კიდევ საბუთებს აწესრიგებდა, როცს მუნიციპალიტეტში უთხრეს, რომ მიწის ნაკვეთი იმავე დღეს, დღის 12 საათზე აუქციონის გზით გაიყიდა.

მრევლიშვილი მიიჩნევს, რომ უსამართლობის მსხვერპლია და მიწის ნაკვეთი  მას უბრალოდ  წაართვეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ მცხეთის მუნიციპალიტეტში. როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი, ლერი ტყემალაძე აღნიშნავს, ის ადგილი, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, კერძო პირს ეკუთვნოდა და სახელმწიფო კერძო პირის მიერ გაყიდულ მიწის ნაკვეთზე პასუხს ვერ აგებს.

განსხვავებული მოსაზრება არსებობს საქართველოს საპატრიარქოში. „ჩვენი ინფორმაციით, იქ შენდებოდა სახლი, მაგრამ რა მასშტაბით და რა ფორმითაც შენდება ეს არ არის მისაღები - არც მხატვრული თვალსაზრისით და არც წმინდა ადგილთან არის მისადაგებული. ეს არის წმინდა ადგილი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომლოცველთათვის ეს სანაპირო უნდა იყოს თავისუფალი. პროექტირებისას უნდა იყოს გათვალისწინებული მომლოცველთა აქტივობა ამ ადგილზე“, - განმარტავს საპატრიაქროს არქიტექტურული საბჭოს წევრი, თამარ კვანტალიანი.

აღსანიშნავია, რომ ხსენებულ წმინდა ადგილზე ძეგლის სტატუსის მქონე პომპეუსის ხიდი მდებარეობს, შესაბამისად მიმდებარე მიწის ნაკვეთიც დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს. თუმცა, როგორც ძეგლთა დაცვის სააგენტოში განგვიმარტეს, მშენებლობა დასაშვებია.

„ამგვარ დაცულ ტერიტორიებზე აკრძალულია ისეთი მშენებლობა, რომელიც ვიზუალურ აღქმას შეუძლის ხელს. ვიზუალური აღქმა გულისხმობს, რომ ძეგლი უნდა ჩანდეს ნებისმიერი ადგილიდან. თქვენ მოგეხსენებათ, რომ პომპეუსის ხიდი ხან ჩანს, ხან არ ჩანს, რადგან წყლით იფარება ხოლმე. აქედან გამომდინარე, ვიზუალურ აღქმას ეს მშენებლობა ხელს ვერ შეუძლის“, - აღნიშნა სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსმა ნიკოლოზ ანთიძემ.

როგორც გავარკვიეთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ამ ტერიტორიისთვის ცალკე სტატუსის მინიჭებას არ აპირებენ.  რეკომენდაციის სახით კი მესაკუთრეს პროექტის საპატრიარქოსთან შეთანხმებას სთავაზობენ.

ახალი ამბები