კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თემურ ბასილიას წერილი humanrights.ge-ს რედაქციას

23 ივნისი, 2011

ბატონო რედაქტორო, მე გახლავარ თემურ ბასილია და ამ წერილით მოგმართავთ სტატიის - „თემურ ბასილია აშშ-ში საემიგრაციო წესების დარღვევისთვის დააკავეს“ თაობაზე, რომელიც 2010 წლის 5 თებერვალს გამოქვეყნდა ვებ პორტალ humanrights.ge-ს ვებ გვერდზე (იხ. ინფორმაცია). მსგავსი ინფორმაცია გამოქვეყნდა ვებ-პორტალის ინგლისურენოვან გვერდზეც. 

 აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, „თემურ ბასილია, ამერიკის შეერთებულ შტატებში საემიგრაციო წესების დარღვევისთვის დააკავეს“. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ მე არასოდეს დამირღვევია რაიმე კანონი ან წესი არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც სხვაგან, მათ შორის - არც საქართველოში. მეორე, მე არასოდეს დავუკავებივარ ვინმეს, მათ შორის - არც ამერიკის შეერთებულ შტატებში.

არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა ჩემი ამერიკის შეერთებულ შტატებში „დაკავების“ თაობაზე, გავრცელდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებებით. როგორც ჩანს, ზოგიერთმა დამოუკიდებელმა და პატივსაცემმა გამოცემამ, მათ შორის - თქვენმაც, გაიმეორა ეს არასწორი „ინფორმაცია“ და არ გადაამოწმა მისი საიმედოობა.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემს წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს და ქართული „დამოუკიდებელი“ და „მიუკერძოებელი“ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს სხვა არაფერია, თუ არ ჩემი პოლიტიკური მოტივით დევნის ერთ-ერთი ფორმა.

ის ფაქტები, რომ ჩემს წინააღმდეგ ხორციელდებოდა პოლიტიკური დევნა, გაზიარებულია ამერიკის შეერთებული შტატების საემიგრაციო სასამართლოს მიერ, რომელმაც 2011 წლის 26 მაისს განიხილა ჩემი საქმე და მომანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი. ინფორმაცია ამის თაობაზე გავრცელდა სხვადასხვა უცხოური და ქართული საინფორმაციო საშუალებების მიერ.

გთხოვთ იხილოთ:

http://www.voanews.com/georgian/news/----georgia-124228999.html
 
http://news.yahoo.com/s/prweb/20110616/bs_prweb/prweb8578019

http://georgiamediacentre.com/category/tags/temur_basilia 

მინდა მოკრძალებულად გთხოვოთ, ამოიღოთ ჩემს შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია თქვენი ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ვებ გვერდებიდან.

წინასწარ გიხდით მადლობას.

პატივისცემით, თემურ ბასილია

humanrights.ge-ს რედაქტორის განმარტება

ბატონი თემურ ბასილიას წერილის პასუხად განვმარტავთ, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგაზეთი - www.humanrights.ge ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის აღიარებული პრინციპებით და ჟურნალისტიკის სტანდარტებით. 2010 წლის 5 თებერვალს ჩვენ გავავრცელეთ დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო - „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაცია, სათაურით: „თემურ ბასილია აშშ-ში საემიგრაციო წესების დარღვევისთვის დააკავეს“. ბატონ თემურს ვერ დავეთანხმებით, რომ „ინტერპრესნიუსი“, რომელთანაც ადამიანის უფლებათა ცენტრი წლებია, თანამშრომლობს, „საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებაა“. ამ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს ვენდობით და ვაქვეყნებთ.

„ინტერპრესნიუსის“ ან სხვა გამოცემების სახელით www.humanrights.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციების სისწორეზე და წყაროების სანდოობაზე პასუხს თავად ეს გამოცემები აგებენ. შესაბამისად, ბატონი თემურის „მოკრძალებული თხოვნის“ ადრესატი, ამ შემთხვევაში, „ინტერპრესნიუსია“.

აქვე მკითხველის ყურადღებას გავამახვილებთ იმ გარემოებაზე, რომ 2010 წლის 5 თებერვლიდან  დღემდე ერთ წელზე მეტი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ბატონი თემურ ბასილია „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ გამოხმაურებია. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მას აუცილებლად მივცემდით საშუალებას, მიემართა საზოგადოებისთვის და გაევრცელებინა საკუთარი ვერსია.  www.humanrights.ge-ს არა აქვს ვებ-გვერდიდან ამა თუ იმ ინფორმაციის წაშლის (გაქრობის) პრაქტიკა. შესაბამისად, „ინტერპრესნიუსის“ ცნობას, აშშ-ში თემურ ბასილიას დაკავების თაობაზე კვლავ ვტოვებთ ჩვენს არქივში.    

რაც შეეხება აშშ-ს საემიგრაციო სასამართლოს მიერ თემურ ბასილიასთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებას, ეს თემა ჩვენთვის ასევე საინტერესოა და www.humanrights.ge აშუქებს მას „ამერიკის ხმის“  სტატიით.

www.humanrights.ge-ს მთავარი რედაქტორი, ალეკო ცქიტიშვილი

ახალი ამბები