კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გადასაყენებელი მინისტრების ხუთეული - humanrights.ge-ს ვერსიით

23 ივნისი, 2011

სალომე აჩბა

ადამიანის უფლებათა ცენტრის  ინტერნეტ გაზეთის humanrights.ge-ს გამოკითხვის მიხედვით, 5 ყველაზე არაპოპულარული მინისტრი გამოვლინდა. საბოლოო შედეგების მიხედვით, ესენი არიან: ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, ბაჩო ახალაია, ხათუნა კალმახელიძე და ბაკურ კვეზერელი.

„უფლებამოსილება რომ გქონდეთ, დღევანდელი მთავრობის შემადგენლობიდან რომელ მინისტრს გაათავისუფლებდით თანამდებობიდან?“ ამ კითხვაზე პასუხი 15 მაისისთვის www.humanrights.ge – ს 100 ვიზიტორს ჰქონდა პასუხი გაცემული. იმ დროისათვის  ყველაზე არაპოპულარული მინისტრების ხუთეული ასე გამოიყურებოდა:

1) შინაგან საქმეთა მინისტრი - ვანო მერაბიშვილი - 17.8% %

2) განათლების მინისტრი - დიმიტრი შაშკინი -  11, 6 %

3) თავდაცვის მინისტრი - ბაჩო ახალაია - 11, 4 %

4) სოფლის მეურნეობის მინისტრი - ბაკურ კვეზერელი -8,6

5) ეკონომიკის მინისტრი - ვერა ქობალია - 8,2 %

15 მაისის შემდეგ გამოკითხვაში კიდევ 46-მა მკითხველმა მიიღო მონაწილეობა. მათმა ხმებმა სურათი ოდნავ შეცვალა. „დიდი ძმა“ - ვანო მერაბიშვილი ისევ პირველია (გამოკითხულთა 19,9% მას სიამოვნებით მოხსნიდა, ამის უფლებამოსილება რომ ჰქონდეს). განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მეორე არასაპატიო ადგილიდან მესამეზე გადაინაცვლა (11,6%) და კუთვნილი პოზიცია  ბაჩო ახალაიას (13,7%) დაუთმო. თვალჟუჟუნა ვერა ქობალიამ ხუთეული დატოვა. თუმცა, ამით გენდერული სურათი არ შეცვლილა. მისი ადგილი სასჯელაღსრულების მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ დაიკავა (8,9%). სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბაკურ კვეზერელი კი მე-5 ადგილზე დარჩა (8,9%).

ამჟამად გამოკითხვა დასრულებულია და საბოლოო შედეგების ნახვა შეგიძლიათ  humanrights.ge-ს გამოკითხვების არქივში. გამოკითხვა, ფაქტობრივად, იმ მინისტრების შესახებაც გვაძლევს ინფორმაციას, რომელთაც გამოკითხვის მონაწილეები არ შეცვლიდნენ, ამის უფლებამოსილება რომ ჰქონდეთ. ასეთები არიან: ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე, კულტურის მინისტრი ნიკა რურუა, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია. ყველა მათგანი შესაცვლელად მხოლოდ გამოკითხულთა 1,4%-მა გაიმეტა.  

humanrights.ge-მ გამოკითვის შედეგებზე კომენტარი და მინისტრების საქმიანობის შეფასება რესპუბლიკური პარტიის ლიდერს, ლევან ბერძენიშვილსა და  საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, თემურ წურწუმიას  სთხოვა. კომენტარები ჩაწერილია 15 მაისის მდგომარეობით. სტატია გამოსაქვეყნებლად მზად იყო, როცა ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. 26 მაისს პარლამენტის წინ განვითარებული  მოვლენების გამო გამოკითხვის სურათი შეიცვალა და ამიტომ აქამდე ამ სტატიის გამოქვეყნებისგან თავს ვიკავებდით. თუმცა, მაინც ჩავთვალეთ, რომ ოპოზიციისა და სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელთა შეფასებები არ მოძველებულა და საზოგადოებისთვის კვლავაც საინტერესო იქნება, მით უფრო, რომ ხუთეულის 4 მინისტრი კვლავ „მოწინავეთა“ რიგებში რჩება. 

ლევან ბერძენიშვილი: „თევზი თავიდან ფუჭდება ხოლმე“   

ლევან ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტიის წევრი:  ვანო მერაბიშვილი ისეთი სამინისტროს ხელმძღვანელია, რომელიც საერთოდ ეწინააღმდეგება დემოკრატიის არსს.  დემოკრატიულ ქვეყნებში უშიშროება და პოლიციური ფუნქციები ასე არ არის შერწყმული და სამინისტრო არ წარმოადგენს არჩევნების დროს საზოგადოებაზე ზეწოლის მექანიზმს. მას შემდეგ, რაც ამ სტრუქტურის ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი გახდა, შსს მონსტრად იქცა. კონკრეტული სამინისტრო როცა მონსტრად აღიქმება საზოგადოებაში, მისი მინისტრიც ასევე აღიქმება. ვანო მერაბიშვილი იმიტომ არ არის პოპულარული, რომ მისი უწყება ძალადობასა და უსამართლობასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე სამართლიანობასთან. ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ მერაბიშვილს აქვს კარგი მენეჯმენტის უნარი და ის ბოროტების პატარა სამყარო, რომელსაც ახლა ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს,  სწორედ მან ააშენა და საკმაოდ მყარადაც.  ამიტომაც მე ამ მინისტრს ხელწამოსაკრავ ფიგურად არ მივიჩნევ.

დიმიტრი შაშკინი საერთოდ არ შეესაბამება იმ როლს, რომელიც მას მთავრობაში აქვს მინიჭებული. ის არ შეიძლება იყოს განათლების მინისტრი არა იმიტომ რომ, როგორც ბევრი ამბობს, გვარი აქვს არაქართული, არამედ იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ჯერ შსს-ში, შემდეგ არასამთავრობო სექტორში, ბოლოს კი ციხეებში ნამუშევარი კაცი, არ არის განათლების მინისტრობის შესაფერისი კანდიდატურა. იგი ატარებს რეფორმებს, არის ძალიან ენერგიული, მაგრამ მისი რეფორმები კონტრპროდუქტიულია. შაშკინის ხელში მოსწავლეებს ისიც დაავიწყდათ, რაც იცოდნენ. განათლების მინისტრის მუშაობა უნდა შევაფასოთ იმის მიხედვით, თუ რა ცოდნა აქვთ მოსწავლეებს. მოსწავლეების განათლების დონე კი, მოგეხსენებათ, დღეს დაუშვებლად დაბალ დონეზეა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ შაშკინი არის განათლების ყველაზე უარესი მინისტრი, ვინც კი ოდესმე ყოლია ჩვენს ქვეყანას.

ბაჩო ახალაია მინისტრი კი არა, ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ამას მე მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე გეუბნებით. ვფიქრობ, პოლიტიკაში საერთოდ არ არის ისეთი წარმონაქმნის ადგილი, როგორიცაა ახალაიების ოჯახი - მამა და ორი ვაჟი. ახალაიას მინისტრობის დროს როგორ უნდა შევაფასოთ ჩვენი სამხედრო პოტენციალი, მე ვერ გეტყვით, რადგან ყველამ ვიცით, რა იყო მანამდე და არა მგონია, რამე გაუმჯობესება მომხდარიყო ბაჩო ახალაიას ხელში. ამჟამინდელი თავდაცვის სამინისტრო არის ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე სამინისტრო. ჩვენ არ ვიცით არაფერი, რაც იქ ხდება. ისიც კი არ ვიცით, რამდენი რეზერვისტი გვყავს, რა თანხმები იხარჯება მათზე. აბსოლუტურად დახურული და გაუმჭვირვალეა ყველაფერი, რაც ბაჩო ახალაიას და მის საქმიანობას ეხება.

ვერა ქობალია, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არ შეესაბამება არა მარტო მინისტრის პოსტს, არამედ სამინისტროს რომელიმე სამმართველოს უფროსის რანგსაც კი. იგი არაკვალიფიციური და არასერიოზული კადრია. რა თქმა უნდა, მინისტრთა კაბინეტში ყველაზე ლამაზი არსებაა, მაგრამ ვფიქრობ, სილამაზე არ უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანი მინისტრად დავნიშნოთ. ვერა ქობალია არაკომპეტენტურობით მხოლოდ შაშკინს შეიძლება შეედაროს - აბსოლუტურად აზრზე არაა, რას აკეთებს.

ბაკურ კვეზერელზე ვერაფერს ვერ გეტყვით. სოფლის მეურნეობის ქვეყანაში ვცხოვრობთ და კვეზერელი უნდა იყოს ყველაზე აქტიური. ახლა სოფლის მეურნეობა გამოცხადდა პრიორიტეტად და უნდა იყოს კიდეც საქართველოში პრიორიტეტად. თუმცა,  მე არ ვარ ამ სფეროში იმდენად ჩახედული და ვერ გეტყვით რამდენად შეესაბამება კვეზერელი იმ პოსტს, რომელიც უჭირავს.  არა მგონია, კვეზერელი ყველაზე ცუდი მინისტრების ხუთეულში  მოსახვედრი ყოფილიყო, რადგან ისეთი მინისტრებია გამოტოვებული, როგორიცაა ხათუნა კალმახელიძე და სხვები, რომლებიც არა თუ მინისტრად არ ვარგიან, არამედ უბრალოდ სამართალში არიან მისაცემი.

ამ ხუთეულს პრემიერ-მინისტრსაც დავამატებდი. თევზი თავიდან ფუჭდება ხოლმე. ნიკა გილაური კი არის ნომერ პირველი ჩაუხედავი საქმეებში, მერე - დანარჩენი მინისტრები.

თემურ წურწუმია: „გადასახედია ის, ვინც ეს გამოკითხვა ჩაატარა“

თემურ წურწუმია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: მე იმ გუნდს წარმოვადგენ, რომელსაც ზემოხსენებული მინისტრები წარმოადგენენ. მეეჭვება, რომ ჩამოთვლილი მინისტრები არაპოპულარული მინისტრები არიან საქართველოში. მეც ვენცობი სხვადასხვა წყაროებს, ვესაუბრები თვითონ მოქალაქეებს და წარმოუდგენელია, ვანო მერაბიშვილი არაპოპულარული მინისტრების სათავეში იყოს. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი ფიქრობს, რომ ის წარმატებული მინისტრია.

ჩემი მხრიდან არაკორექტულად მიმაჩნია, შევაფასო ამ მინისტრების მუშაობა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ გუნდის წევრი ვარ მეც. თითოეული სამინისტროს და თითოეული მინისტრის უკან არის უზარმაზარი შრომა. 

თუმცა ხაზგასმით ვიმეორებ - ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მოვისმინე, რომ თურმე ვანო მერაბიშვილი ყველაზე არაპოპულარული მინისტრია. გადასახედია ის, ვინც ეს გამოკითხვა ჩაატარა.

დასახელებული მინისტრებიდან რამდენიმეს იმპიჩმენტის საკითხიც დადგა ცოტა  ხნის წინ პარლამენტში და რასაკვირველია, მე ამას მხარი არ დავუჭირე, რადგან ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა სერიოზული არგუმენტები ამ საკითხთან დაკავშირებით.

პ.ს. 26 მაიის პარლამენტის წინ მანიფესტანტების სასტიკად დარბევის შემდეგ, humanrights.ge კვლავ დაუკავშირდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, თემურ წურწუმიას. მას ვკითხეთ, ისევ დადებითად აფასებს თუ არა შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მუშაობას.

თემურ წურწუმია: მაშინაც გითხარით და ახლაც გიმეორებთ, ძალიან უცნაური გამოკითხვაა - დაუჯერებელია, რომ ვანო მერაბიშვილი ამგვარი სიის სათავეში იყოს. ყველა გამოკითხვით, რაც კი ჩატარებულა, ვანო მერაბიშვილი ყოველთვის ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ მინისტრად ითვლება.

-26 მაისის მოვლენების შემდეგაც მიგაჩნიათ, რომ ვანო მერაბიშვილი ყველაზე წარმატებული მინისტრი არის და უნდა იყოს?

- 26 მაისის მოვლენების შემდეგაც ჩემთვის ვანო მერაბიშვილის მუშაობის შეფასების კუთხით არაფერი შეცვლილა.

ახალი ამბები