კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ თქვა უარი 2532-მა ოჯახმა დახმარების მიღებაზე

23 ივნისი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთიდან

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, 2010 წელს კახეთში 1904-მა ოჯახმა სოციალური დახმარების მიღებაზე უარი განაცხადა. 2011 წლის იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში საარსებო შემწეობის მიღებაზე უარი 628 ოჯახმა თქვა. სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრი ამ ოჯახების სიას ასაიდუმლოებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ იურისტმა ლია ხუროშვილმა სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს წერილობითი განცხადებით 10 მაისს მიმართა: „გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია რა მიზეზით განაცხადეს უარი სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა საარსებო შემწეობის მიღებაზე? ასევე, ამ ოჯახების სია“.

საჯარო ინფორმაციის გასაცემად კანონით დადგენილი მაქსიმალური - 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, 30 მაისს სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ლევან ახალაური განმცხადებელს უგზავნის 19 მაისით დათარიღებულ წერილს, რომლითაც უარს ამბობს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.

„სააგენტო უზრუნველყოფს მხოლოდ მიმღებ ოჯახთა შესახებ ინფორმაციის საჯაროობას. შესაბამისად, თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, იმ ოჯახების სიის მოწოდების თაობაზე, რომლებმაც მოიპოვეს საარსებო შემწეობის მიღების უფლება, მაგრამ უარი განაცხადეს მასზე, არ არის საჯარო. იგი წარმოადგენს კერძო პირთა საიდუმლოებას და საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს კერძო პირებისგან ამ ინფორმაციის დაცულობა“, - ნათქვამია სააგენტოს წერილში.

რაც შეეხება საარსებო შემწეობაზე უარის შესახებ ოჯახის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზების მითითებას, სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ლევან ახალაური განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ოჯახს უფლება აქვს უარი განაცხადოს საარსებო შემწეობის დანიშვნაზე, საკუთარი ინიციატივით, მიზეზის განმარტების გარეშე.

მისივე თქმით, კანონმდებლობით განსაზღვრულია მხოლოდ ორი მიზეზი, რომელიც საარსებო შემწეობის დანიშვნის გადაწყვეტილების მიღებამდე ოჯახს ანიჭებს სავალდებულო არჩევანის უფლებას. „ვინაიდან საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური - საოჯახო დახმარების, აგრეთვე, დევნილის ყოველთვიური შემწეობის მიღებას, ოჯახმა უნდა აირჩიოს ორი ალტერნატივიდან ერთ-ერთი: განაგრძოს საოჯახო დახმარების/დევნილის ყოველთვიური შემწეობის მიღება (ამ შემთხვევში უარი უნდა განაცხადოს საარსებო შემწეობის დანიშვნაზე) ან აირჩიოს საარსებო შემწეობის მიღება (ამ შემთხვევაში უარი უნდა განაცხადოს საოჯახო დახმარების/დევნილის ყოველთვიური შემწეობის მიღებაზე). აქვე განვმარტავ, რომ ოჯახის მიერ საოჯახო დახმარების, აგრეთვე დევნილის ყოველთვიური შემწეობის არჩევა არ იწვევს შემდგომში საარსებო შემწეობის მიღების უფლების ჩამორთმევას. ოჯახს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს სააგენტოს საარსებო შემწეობის დასანიშნად, მას შემდეგ, რაც ოჯახს ან მის წევრს შეუწყდება ან გაუუქმდება „უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის სოციალური დახმარება“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დახმარება ან დევნილის ყოველთვიური შემწეობა. ასეთ შემთხვევაში ოჯახს საარსებო შემწეობა დაენიშნება განცხადების შევსების მომდევნო თვიდან“,- აღნიშნავს ახალაური.

ახალაურის მტკიცებით, საარსებო შემწეობის დანიშვნის შემდეგ მის მიღებაზე უარს ძირითადად დევნილები და საოჯახო დახმარების მიმღები პირები ამბობენ.

ლია ხუროშვილი, „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ იურისტი: შესაძლებელია ყველა დევნილმა ან საოჯახო დახმარების მიმღებმა პირმა არ იცის, რომ სოციალური დახმარების დანიშვნის შემთხვევაში, დევნილის შემწეობა და საოჯახო დახმარება უწყდებათ და ამიტომაც მიმართავენ ისინი სააგენტოს დახმარების დანიშვნის თხოვნით, მაგრამ ვეჭვობ, ამდენი დევნილი და საოჯახო დახმარების მიმღები ოჯახი იყოს კახეთში რეგისტრირებული. გარდა ამისა, როცა სოციალური აგენტი ოჯახის დეკლარაციას ავსებს, იქ იწერება, რომ ოჯახის წევრი არის დევნილი ან იღებს საოჯახო დახმარებას. ასეთ შემთხვევაში აგენტები აფრთხილებენ ხოლმე დახმარების მაძიებლებს, რომ ორივე დახმარებას ერთდროულად ვერ მიიღებენ. ძირითადად, დევნილი მაშინვე იღებს გადაწყვეტილებას, რომელი დახმარება ურჩევნია, დევნილის შემწეობა თუ სოციალური დახმარება. ჩვენი დაკვირვებით ასევე იქცევიან საოჯახო დახმარების მიმღები პირებიც. სოციალური დახმარება შეიძლება დაგენიშნოს და მეორე თვეში შეგიწყდეს. საოჯახო დახმარება კი მუდმივია. ამიტომაც ისინი ამას ანიჭებენ უპირატესობას. საოჯახო დახმარება 2007 წლამდე ძირითადად მარტოხელა ადამიანებს ენიშნებოდათ. დევნილის შემწეობაც მუდმივია, თუ იძულებით გადაადგილებული პირი მაგალითად, აფხაზეთში ან შიდა ქართლის ტერიტორიაზე არ დაბრუნდა. ამიტომ, არჩევანს აკეთებენ დევნილის შემწეობასა და საოჯახო დახმარებაზე. შეუძლებელია ამდენი მოქალაქე ჯერ მიმართავდეს დახმარების დასანიშნად სააგენტოს და მერე უარს ამბობდეს დახმარების მიღებაზე. ეჭვები რომ არსებობს, ამიტომაც ვითხოვდით სიას, მაგრამ უარი გვითხრეს“.

ეკა ნაქევხრიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის სპეციალისტი: „თითქმის ყველა დევნილი სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული და სოციალურ დახმარებას იღებენ. ძირითადად მათ გასულ წელს თქვეს უარი დევნილის შემწეობაზე და დახმარების დანიშვნა ითხოვეს“.

ოფიციალური მონაცემებით, სოციალური დახმარება ოჯახის უფროსზე გაიცემა 30 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო წევრზე 24 ლარის ოდენობით; საოჯახო დახმარება ერთ ადამიანზე 22 ლარს შეადგენს; დევნილის შემწეობაც 22 ლარია.

დაზუსტებული ინფორმაციით, კახეთში ამ დროისთვის 425 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. საოჯახო დახმარებას კი 1-ლი ივნისის მდგომარეობით, 1420 ბენეფიციარი (ადამიანი) იღებს - სააგენტოს ოჯახების მიხედვით მონაცემები არ აქვს.

1420-ვე ბენეფიციარი ცალკე ოჯახი რომ იყოს, დევნილებთან ერთად სულ 1845 ოჯახს შეადგენს. არადა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, მარტო 2010 წლის 1-ლი იანვრიდან 2011 წლის აპრილის ჩათვლით, 2532 ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდა 57 000-ს და არ გადარიცხვიათ საარსებო შემწეობა იმ მიზეზით, რომ უარი თქვეს დახმარების მიღებაზე. აქვე გასათვალისწინებელია, რომ სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამა 2005 წლიდან ხორციელდება და შესაბამისად, იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებმაც სააგენტოს ცნობით, სოციალური დახმარების მიღებაზე უარი თქვეს, გაცილებით მეტია.

ახალი ამბები