მანიფესტაციის შემთხვევაში, სასამართლოებთან მიმართებაში 20-მეტრიანი რადიუსის შეზღუდვა იხსნება . ამაზე საპარლამენტო ოპოზიცია და უმრავლესობა შეთანხმდა და, შესაბამისად, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტში ეს შეთანხმება უკვე აისახა.
პროექტის პირვანდელი ვარიანტით, სასამართლოებთან ოცი მეტრის რადიუსში შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება აკრძალული უნდა ყოფილიყო. შეთანხმების შედეგად კი გადაწყდა, რომ შესაბამისი სასამართლო, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც იმართება მანიფესტაცია, შენობის ბლოკირების, დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებისა და სასამართლოს დამოუკდიებლობისა და მოუკერძოებლობის უზრუნველყოფის მიზნით, უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების სასამართლოს შენობიდან დაშორებით გამართვასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს 20 მეტრისა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებებს სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული გარემოების და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მიიღებს. „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით დაამტკიცებს.
ინტერპრესნიუსი