კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის იზოლატორიდან 11 პატიმარი გაათავისუფლეს

27 ივნისი, 2011

ნათია დანელიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან 26 მაისის აქციის დარბევის დროს დაკავებული 11 ადამიანი გაათავისუფლეს. 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 25 ივნისს 00:00 საათზე ამოიწურა. გათავისუფლებულებს შორის არიან საზოგადოებრივი მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“ ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე და ჟურნალისტი ალეკო ჩუბინიძე.

დაკავებულებმა თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორი 00:35 საათზე დატოვეს. მათ იზოლატორთან ახლობლები დახვდნენ. პატიმრების გათავისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილიც დაესწრო.

დაკავებულებს სოლიდარობა „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის რეგიონული და „ახალი მემარჯვენეების“ თელავის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებმაც გამოუცხადეს. იზოლატორთან იმყოფებოდა „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი ზაზა სოფრომაძეც.

მურმან დუმბაძემ, რომელსაც აქციის დარბევის დროს სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ, 26 მაისის ღამე გაიხსენა. მისი თქმით, თბილისის მთავარ სამმართველოში აქციის მონაწილეებს აწამებდნენ.

„თბილისის მთავარ სამმართველოში ადამიანებს კი არ ცემდნენ, არამედ აწამებდნენ. მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი. შესვლის დროს ძალიან ბევრი სისხლი, ბამბა და ბინტი დავინახე. გათენებამდე იქ ვიყავი და სხვა ოთახებიდან მესმოდა ხმები, რაც წამებაზე მიუთითებდა. ეს პოლიტიკური რეპრესიაა, მაგრამ მე იგივე ჭკუაზე ვრჩები“, - განუცხადა მურმან დუმბაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

მისივე თქმით, თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადმოყვანის შემდეგ, დაკავებულები რამდენიმე დღე მშივრები იყვნენ, ჰიგიენური ნორმების დაცვა კი საერთოდ არ ხდებოდა.

„თელავის იზოლატორში დროებითი მოთავსების იზოლატორების შესახებ დებულების ძირითადი მუხლები არ სრულდება, დაწყებული პირადი ჰიგიენიდან, დამთავრებული გასეირნებით. ერთი თვის განმავლობაში წვერი ვერ გავიპარსე. ჰაერზე მთელი თვის მანძილზე 7-ჯერ გაგვიყვანეს, ისიც 15 წუთით და არა 1 საათით, როგორც ამას დებულება ითხოვს. მოვითხოვე სათვალე და წიგნი, რომელიც დებულების მიხედვით ეკუთვნის პატიმარს, მაგრამ არ შემოატანინეს. არ შემოუშვეს მოძღვარი, რომელიც ბათუმიდან ორჯერ ჩამოვიდა. სამედიცინო კუთხით ნორმალური მდგომარეობა იყო. რაც შეეხება კვებას, საკვებს ოჯახის წევრები გვიგზავნიდნენ. თავდაპირველად, როცა აქ გადმოგვიყვანეს, 2 დღის განმავლობაში ჩვენი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა და სანამ მარეხ მგალობლიშვილი გვიპოვიდა, მშივრები ვიყავით. 25 მაისის შემდეგ საკვები პირველად 28 მაისს მივიღეთ“, - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.

პატიმართა უფლებების დარღვევაზე საუბრობს „სახალხო კრების“ პრესსამსახურის თანამშრომელი, ჟურნალისტი ალეკო ჩუბინიძეც.

„დროებითი მოთავსების იზოლატორებში ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მათ შორის - თელავშიც. ყოველგვარ ჰიგიენურ საშუალებას მოკლებული ვიყავით. საკვებს ჩვენი ოჯახის წევრები გვიგზავნიდნენ, მანამდე კი იძულებით ვიშიმშილეთ. მთელი თვის განმავლობაში ჰაერზე რამდენჯერმე გაგვიყვანეს. რაც შეეხება აქციის დარბევას, მე ამას დარბევას ვერ დავარქმევ. ეს იყო სპეცოპერაცია“, - განაცხადა ალეკო ჩუბინიძემ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელის მარეხ მგალობლიშვილის თქმით, მათ არაერთხელ მოითხოვეს იზოლატორში მყოფი პატიმრებისთვის კანონით გათვალისწინებული პირობების შექმნა, მაგრამ - ამაოდ.

„თავდაპირველად პატიმრები ძალიან ცუდ პირობებში იყვნენ, ტანსაცმელი და საკვებიც კი არ ჰქონდათ. შემდეგ მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, თუმცა ჰიგიენის მხრივ კვლავ ცუდი ვითარებაა. საპონი და ცივი წყალი კი აქვთ, მაგრამ პატიმრები ცივი წყლით ხომ ვერ დაიბანენ? არც პირის საპარსი საშუალებები აქვთ. იზოლატორის ხელმძღვანელები ამბობენ, არ უნდათო. პატიმრებს ჰაერზე გასვლის უფლებასაც არ აძლევდნენ, მაგრამ შუამდგომლობებით მოვახერხეთ და ჰაერზე გაიყვანეს, თუმცა ბოლოს ისევ შეუწყვიტეს“, - აღნიშნა მარეხ მგალობლიშვილმა.

ამ დროისთვის კახეთში, თელავის, სიღნაღისა და ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორებში 26 მაისს დაკავებული სულ 18 პატიმარი რჩება. აქედან, თელავის იზოლატორში 7 პატიმარია მოთავსებული. მათ 35, 40 და 60 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ახალი ამბები