კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განსხვავებული ადგილები, განსხვავებული სტანდარტები

28 ივნისი, 2011

ტატიანა ჟდანოკი, New Europe

 ორჯერ, 2006 და 2007 წლებში, New Europe-ის გვერდებიდან ევროპელ პოლიტიკოსებს  სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტების გამოყენებაზე უარის თქმისკენ მოვუწოდებდი.

მეტიც, ამ საკითხში ხშირად ევროპარლამენტიც კი შერჩევით მოდგომებს ირჩევს. ზოგიერთ შემთხვევაში, ის მკაფიოდ  სიგნალებს აგზავნის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ კონკრეტულ პრობლემებზე, ზოგჯერ კი ამჯობინებს არ გააკეთოს ეს.

ბოლოდროინდელი მოვლენები, სულ უფრო მეტი სიმტკიცით მოითხოვს ამ პრობლემის შემდგომ შესწავლას და პასუხს შეკითხვაზე: დამნაშავეა თუ არა ევროკავშირი ამ სფეროში მუდმივად ორმაგი სტანდარტების გამოყენებაზე?  

დღევანდელ დღეს შეტაკებები პოლიციას და სამოქალაქო დემონსტრანტებს შორის სულ უფრო ხშირი მოვლენაა და არსებული პოლიტიკური კლიმატის პირობებში არანაირი მინიშნება იმაზე, რომ მალე მსგავსი პროტესტი ჩაცხრება, არ არსებობს.

სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენგან, როგორც ევროპარლამენტის წევრებისგან საჭიროა  მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, რომ არც ევროპარლამენტი და არც ნებისმიერი სხვა ქვეყანა არ მოითმენს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სისატიკეს, ძალის გადამეტებას და ადამიანების მიმართ სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას.  

პოლიცია და მართლწესრიგის დამცველი სხვა ორგანოების ვალდებულებაა ისეთი პრობლემებით დაკავდნენ, როგორიცაა არეულობები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ისე, რომ არ დაარღვიონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, დაწყებული თავისუფალი შეკრების, კონკრეტულად კი მშვიდობიანი საპროტესტო მანიფესტაციების გამართვის უფლებით.    

მე ძალიან კარგად ვიცნობ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს. ამ კონტექსტში, მაგალითისთვის შეგვიძლია განვიხილოთ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რეაქცია ოთხ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, კერძოდ ესტონეთში, საქართველოში, ბელორუსსა და რუსეთში, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების სხვადასხვა შემთხვევებზე.

რუსეთი-ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებულ ევროპარლამენტის 2011 წლის 9 ივნისის რეზოლუციაში ვკითხულობთ: „[პარლამენტი] წუხს, რომ რუსეთში, რომელსაც როგორც ევროსაბჭოს წევრს აკისრია ვალდებულება შეკრების თავისუფლების დაცვის შესახებ,  მშვიდობიანი მანიფესტაციები ძველებურად იკრძალება და მომიტინგეებს ძალის გამოყენებით შლიან…“  
 
მანამდე, ბელორუსის სიტუაციის შესახებ 2011 წლის 12 იანვრის ევროპარლამენტის რეზოლუციიდან ჩვენ შევიტყვეთ, რომ ეს ინსტიტუტი „არჩევნების დღეს პოლიციის და უშიშროების სამსახურის მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენებას გმობს…“ 

შევადაროთ ეს წინადადებები იმ ფორმულირებებს, რომელიც ევროპარლამენტმა ესტონეთთან დაკავშირებულ 2007 წლის 24 მაისის რეზოლუციაში გამოიყენა: „ცალკეულ შემთხვევებში, პოლიცია უკიდურეს შემთხვევაში ძალას იყენებდა, და ესტონეთის სამართლიანი სასამართლოს თავმჯდომარემ პოლიციის ქმედებებში ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინა… [პარლამენტი] მხარს უჭერს და სოლიდარობას უცხადებს ესტონეთის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას მის ძალისხმევაში უზრუნველყოს წესრიგი, სტაბილურობა და კანონის უზენაესობა ესტონეთის ყველა მცხოვრებისთვის“.

ამ რეზოლუციის ფორმულირება საგრძნობლად რბილია იმ დოკუმენტებთან შედარებით, რომლებიც მეზობელ, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში ანალოგიურ სიტუაციებთან დაკავშირებით არსებობს. როგორც ჩანს, ევროპარლამენტს ეშინია გულწრფელად გამოხატოს თავისი აზრი და დაგმოს ესტონეთის პოლიციის ძალადობა იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ტალინში მეორე მსოფლიო ომის პერიოდის საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლის გადატანას აპროტესტებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალადობა დაგმო უამრავმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის ჰელსინკის ფედერაციამ და ევროპულმა ქსელმა რასიზმის წინააღმდეგ.    

პოლიციის სისასტიკის ფაქტები აღბეჭდილია ტელეგადაცემებში და მობილური ტელეფონებით ჩაწერილ კადრებში. არსებული ინფორმაციის თანახმად, ადამიანებს სცემდნენ ხელკეტებით, ხოლო დაპატიმრების და ტალინის პორტის დროებითი დაკავების ცენტრში გადაყვანის შემდეგ, ხელახლა ცემდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ. 

ახლახანს, 2011 წლის 19 აპრილს, წამების და არაადამიანურიან ღირსების შემლახავი  მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა ამ საკითხზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ეყრდნობოდა ამ ქვეყანაში მისი წარმომადგენლების ვიზიტსა და მათი გამოძიების შედეგებს. ანგარიშში ნათქვამია: „ვიზიტის დროს შეგროვებულმა ინფორმაციამ ცხადყო, რომ ტალინში, პოლიციის მიერ 2007 წლის აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ბევრი ადამიანი არ იყო უზრუნველყოფილი დაცვის ელემენტარული გარანტიებით… იმ მომენტიდან, რაც ისინი დააპატიმრეს“.

2010 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განსახილველად მიღებულია შვიდი განცხადება და ყველა მათგანი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.     

შეიძლება ითქვას, რომ ევროპარლამენტის დამოკიდებულებაში სხვაობას, ერთის მხრივ რუსეთისა და ბელორუსის და მეორე მხრივ ესტონეთის მიმართ ის მარტივი ფაქტი განსაზღვრავს, რომ ეს უკანასკნელი ევროკავშირში შემავალი ქვეყნების „კლუბის“ წევრია.

ფაქტობრივად შეიძლება იმის მტკიცება, რომ ევროკავშირის წევრობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სახელმწიფოსთვის თავი აარიდოს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ კრიტიკას. მაგრამ, მაშინ რატომ სდუმს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოში ამ წლის მაისში დემონსტრაციების დაშლის დროს პოლიციის სისასტიკეზე? 

ესტონეთის მსგავსად, მთელმა რიგმა ადგილობრივმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა უმალ გამოხატეს თავიანთი შეშფოთება პოლიციის ამაზრზენ მოპყრობასთან დაკავშირებით დემონსტრანტების მიმართ.

Amnesty International-მა 2011 წლის პირველ ივნისს გამოქვეყნებულ თავის ღია განცხადებაში აღნიშნა, რომ „საქართველომ სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს ყველა ის განცხადება, რომელიც  პოლიციის მხრიდან ცუდ მოპყრობას და მის სისასტიკეს უკავშირდება, რასაც ადგილი ჰქონდა 26 მაისს თბილისის ცენტრში დემონსტრაციის პროცესში და მისი დაშლის შემდეგ. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ყველა დაკავებულის უფლებების დაცვა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად“. განცხადებაში ნახსენებია ასევე საქართველოში მანამდე მომხდარი შეტაკებებიც: „Amnesty International-ი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ დღემდე არ ჩატარებულა ეფექტური, ღია და გამჭვირვალე გამოძიება 2009 და 2007 წლებში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დემონსტრაციების ძალადობრივი დაშლის დროს გადამეტებული ძალის გამოყენების სავარაუდო ფაქტებზე“.    
   
ჩვენ ვხედავთ, რომ ორმაგი სტანდარტების აღმაშფოთებელი და უსინდისო გამოყენება გრძელდება.

ორმაგი სტანდარტების გამოყენების ყველა ეს და ნებისმიერი სხვა მაგალითი არყევს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ავტორიტეტს და რეპუტაციას. ჩვენ ვეღარ მოვითმენთ ასეთ ფარისევლობას ინსტიტუტებში, რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო გეოპოლიტიკური მოსაზრებებით ხელმძღვანელობენ, ვიდრე ფუძემდებლური ღირებულებებითა და პრინციპებით, რომელზეც დგას ევროკავშირი.  
 
ცხადია, რომ საბოლოო ჯამში, ასეთი დამოკიდებულება კონტრპროდუქტიულია და უკუშედეგს იძლევა, ართმევს რა ევროკავშირს მესამე ქვეყნების საქმეებში ჩარევის მორალურ უფლებას იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ყველაზე მეტად დემოკრატიული იმედის სხივი ესაჭიროება. 

სწორედ ამაშია ამ მცდარი მიდგომის უდიდესი ტრაგედია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მარცხისთვისაა განწირული. როგორც ერთხელ მოლიერმა თქვა, „დიდხანს გვმართებს საკუთარი თავის შესწავლა მანამ, სანამ სხვებს გავკიცხავთ“. ბრძნული რჩევაა, რომელიც ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს.

ტატიანა ჟდანოკი – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი; ევროპარლამენტის წევრი ლატვიიდან, წარმოადგენს მწვანეების ფრაქციას და ევროპის თავისუფალ ალიანსს. ის ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციის და საშინაო საქმეთა  კომიტეტის წევრია.

სტატიის ქართული თარგმანი ეკუთვნის foreignpress.ge-ს

ორიგინალი

ახალი ამბები