კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაეროს თვითნებური დაკავების ჯგუფი: „საგანგაშოა, რომ სასამართლოში საქმეების 90 პროცენტი საპროცესო გარიგებით სრულდება“

28 ივნისი, 2011

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეების 90 პროცენტი საპროცესო გარიგების საფუძველზე სრულდება. ამის შესახებ გაეროს თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა ელ ჰადჯი მალიკ სოუმ 24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლეს არ შეუძლია შეამციროს სასჯელი, თუ არ არის პროკურორის თანხმობა. „პროკურორი წარმოადგენს ყველაზე გავლენიან მხარეს მოლაპარაკების პროცესში და უმრავლეს შემთხვევებში განსაზღვრავს საპროცესო გარიგების პირობებს“, - აცხადებს ჰადჯი მალიკ სოუ.

მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში, დამნაშავეს ურჩევნია, საპროცესო გარიგება დადოს, რათა თავი დააღწიოს საპყრობილეს.

„დიდია ასევე საპროცესო გარიგების თანხები და ხშირად ის ათასობით ლარს შეადგენს, რაც მძიმე გადასახდელია მოსახლეობისთვის. ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ამ თანხას ვერ იხდიან და საპყრობილეში რჩებიან. ამ ყველაფერს დისკრიმინაციული ხასიათი აქვს“, _ აცხადებს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. მისივე თქმით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ განაჩენთა 99,9 პროცენტი გამამტყუნებელია.

„შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ სასამართლოს შიგნით არსებული პრაქტიკა არ მოდის შესაბამისობაში სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და ეროვნულ კანონმდებლობასთან. ნებისმიერი მოქალაქის თავისუფლების უფლება მნიშვნელოვნად ზიანდება, თუ არ არის გარანტირებული სასამართლოს დამოუკიდებლობა“, - აცხადებს ჰადჯი მალიკ სოუ.

გაეროს თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი საქართველოში 15 ივნისს ჩამოვიდა და ადგილზე გაეცნო ვითარებას. ჯგუფის წევრები შეხვდნენ მთავრობის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მოინახულეს თავისუფლების აღკვეთის ადგილები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც დაახლოებით 160 პატიმარისგან ინფორმაცია ანონიმურად მიიღეს.

ჯგუფმა ვიზიტის დასრულებისას წინასწარი დასკვნა შეიმუშავა. საბოლოო ანგარიში ვიზიტის შესახებ 2012 წლის მარტში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წარედგინება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები