კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუბერნატორის ორმაგი ხელფასი და პრემიები

29 ივნისი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი ყოველთვიურად ორმაგ ხელფასს იღებს. გუბერნატორმა 2009-2010 წლებში ხელფასის სახით 141 600 ლარი აიღო, წელიწადში 70 800 ლარის ოდენობით. არადა, გუბერნატორის ყოველთვიური ხელფასი 2950 ლარს შეადგენს.

როგორც გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განაცხადა, „საქართველოში ყველა გუბერნატორი ორმაგ ხელფასს იღებს“.

გუბერნატორის პირველი მოადგილის ხელფასი 2360 ლარს შეადგენს, თუმცა 2010 წელს გიორგი სიბაშვილს 44 490 ლარი აქვს მიღებული. აქედან 28 320 ლარი ხელფასია, 16 170 ლარი ანაზღაურება ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის. ამასთან ერთად, 2010 წელს სიბაშვილს 4714 ლარი პრემია აქვს აღებული, 2009 წელს კი პრემიის ოდენობამ 15 499 ლარი შეადგინა.

2009 წელს ხელფასის სახით 35190 ლარი აქვს მიღებული გუბერნატორის მოადგილეს პეტრე კიკნაძეს, პრემიის სახით 14 400 ლარი; 2010 წელს ხელფასის სახით 39144 ლარი აქვს მიღებული, პრემიის სახით 4494 ლარი.

2009 წელს ხელფასის სახით  34 714 ლარი აქვს მიღებული გუბერნატორის მოადგილეს ალექსანდრე კახიძეს, 14 400 ლარი პრემია; 2010 წელს 37 701 ლარი ხელფასი და 4 494 ლარი პრემია.

გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელფასთან ერთად პრემიას წელიწადში რამდენჯერმე იღებენ.

2010 – 2011 წლებში ხელფასთან ერთად პრემიები აქვთ მიღებული მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებსა და გამგებლებსაც.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ხელფასი 2360 ლარს შეადგენს. 2010 წლის მარტში ვასილ დავითაშვილმა საკუთარ თავს ერთი თვის ხელფასის ოდენობის პრემია გამოუწერა.

2360 ლარს შეადგენს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაქარია იაგანაშვილის ხელფასიც. 2010 წელს იაგანაშვილს ხელფასის სახით 28 320 ლარი აქვს მიღებული, 3 ივლისს და 24 დეკემბერს კი ჯილდოს სახით 3540 ლარი აიღო.

ხელფასების, დანამატებისა და პრემიების შესახებ ინფორმაცია კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა ორგანოდან 30 აპრილს გამოვითხოვეთ. კანონით დადგენილი მაქსიმალური ვადის გასვლის მიუხედავად, ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და ახმეტის გამგეობებიდან, ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან სრულყოფილი ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში ადგილობრივი ბიუჯეტების თითქმის 30% ადმინისტრაციულ ხარჯებს შეადგენს.

ახალი ამბები