კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხალხის აზრის იგნორირებით პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობა 190-მდე გაიზრდება

29 ივნისი, 2011

ალექსი ბეჟანიშვილი

„ნაციონალური მოძრაობისა“ და რამდენიმე პარტიას შორის გაფორმებული საარჩევნო შეთანხმების თანახმად, პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-იდან 190-მდე უნდა გაიზარდოს.

პარლამენტართა რაოდენობა 235-იდან 150-მდე 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად შემცირდა. კანონის „რეფერენდუმის შესახებ“ თანახმად, რეფერენდუმის შედეგის შეცვლა ახალი რეფერენდუმითაა შესაძლებელი.

„პარლამენტის წევრთა რიცხვის გაზრდას მმართველი პარტია ვერავის დაპირდება. ეს ხალხმა რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყვიტოს. შესაბამისად, ისეთი რაღაცის დაპირება, რისი გადაწყვეტაც შენს ხელში არ არის, ცოტა უცნაურად მეჩვენება“, - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მისი თქმით, პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის ერთადერთი გზა რეფერენდუმია. „საქართველოს პარლამენტს არა აქვს უფლება თავად შეცვალოს ის, რაც რეფერენდუმით დარეგულირდა. მიმაჩნია, რომ არ არის სწორი, როცა შეთანხმებაში წერია ისეთი საკითხი, რომელიც რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს. საქართველოს პარლამენტს არა აქვს ისეთი დაპირების მიცემის მანდატი, რაც რეფერენდუმით გადასაწყვეტია“.

მისივე თქმით, რეფერენდუმის შედეგების გაუქმება არც საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია.

„რეფერენდუმის შესახებ“ კანონის თანახმად, „რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით; რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობის უფლება აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონით დადგენილი წესით“.

საპარლამენტო უმრავლესობა „პირობას იძლევა“, რომ საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების რაოდენობა 150-დან 190-მდე კანონის სრული დაცვით გაიზრდება.

როგორც ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, რეფერენდუმის შედეგის შეცვლის საკითხს პარლამენტი განიხილავს და ყველაფერი კანონის შესაბამისად განხორციელდება.

„არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული უკანონოდ. იურისტებთან ერთად ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც იქნება კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში“, – განაცხადა მაჭავარიანმა და დასძინა, რომ როგორც ახსოვს, 2003 წელს იყო პლებისციტი, რადგან კანონით, რეფერენდუმი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი კი ოკუპირებულია.

იმ რამდენიმე პარტიას შორის, რომლებმაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მემორანდუმი გააფორმეს, „ახალი მემარჯვენეებიც“ არიან.  „ახალი მემარჯვენეების“ წევრს მამუკა კაციტაძეს მიაჩნია, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობის შესაძლო გაზრდა კონსტიტუციისა და საკანონმდებლო სივრცის ფარგლებში თავსდება.

მისი თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება კონსტიტუციისა და საკანონმდებლო სივრციდან არ უნდა ამოვარდეს. დეპუტატების რიცხვის გაზრდაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხი, კაციტაძის აზრით, ისევ პარლამენტში უნდა გაირკვეს.

როგორც „ახალი მემარჯვენეების“ წევრი აცხადებს, დავის არსებობის შემთხვევაში, საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

კაციტაძე ასევე აცხადებს, რომ პარლამენტის წევრთა რიცხვის შემცირებაზე რეფერენდუმი მართლაც ჩატარდა, თუმცა მისი თქმით, აღსანიშნავია რამდენიმე გარემოება: „უნდა გავიხსენოთ იმ რეფერენდუმის ჩატარების დრო და სიტუაცია. 2003 წლის 2 ნოემბერს რეფერენდუმის დღეს, კიდევ ორი არჩევნები ჩატარდა, რომელთაგან ერთი ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო მეორე არა. თავისთავად, რომ ფაქტი ერთ ყუთში ერთი ბიულეტენი ბათილია, ხოლო მეორე არა ,უკვე სერიოზულ ეჭვებს აჩენს. გარდა ამისა, როცა მე დეპუტატი ვიყავი და როცა პარლამენტმა დეპუტატების რიცხვი შეამცირა, ამის საფუძველი რეფერენდუმი არ ყოფილა, ეს იყო წმინდა საკონსტიტუციო ცვლილება.

მისივე თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება საკანონმდებლო ჩარჩოში უნდა მოექცეს და ამაზე შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა იმუშაონ.

ახალი ამბები