კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოძალადე მედია

30 ივნისი, 2011

მანანა აშკარელიშვილი, გიორგი ერაძე

28 ივნისს, 20:00 საათზე, ტელეკომპანია „იმედის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში პირველ სიუჟეტად გავიდა „შემზარავი დანაშაული“. „ქრონიკის“ წამყვანმა ირინა ხიზანიშვილმა გვაუწყა, რომ „აფრიკის დასახლებაში 14 წლის გოგონა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ის ბაბუამ გააუპატიურა“. წამყვანმა დაასახელა გოგონას გვარი და სახელი, ზუსტი საცხოვრებელი მისამართი, ასევე, ბაბუის ვინაობაც.

ამის შემდეგ სიუჟეტის ავტორი ზურაბ ხვისტანი მოგვითხრობს: „14 წლის გოგონაზე, რომლის სახელს ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ, სექსუალური ძალადობა საკუთარმა ბაბუამ მოახდინა. შემთხვევა, რომლის შესახებ ტელეკამერების წინ საუბარი არც მეზობლებს სურთ და არც დაზარალებულის მეგობრებს, აფრიკის დასახლებაში მოხდა. სავარაუდოდ, ეჭვმიტანილი და დაზარალებულიც აფრიკის დასახლებაში [აქ ჟურნალისტი ასახელებს ქუჩას და სახლის ნომერს]  ამ სადარბაზოში ცხოვრობდნენ [ჟურნალისტი ასახელებს ბინის ნომერსაც]. შემთხვევა, რომელზეც აქაური მაცხოვრებლები საუბრობენ, სწორედ ამ სახლში მოხდა. თუმცა, მთელი დღის განმავლობაში აქ კარს არავინ გვიღებდა [ჟურნალისტი აჩვენებს სახლს, ქუჩის ნომერს, ბინას, კარს]. საკუთარ საცხოვრებელთან დღეს არც დაზარალებული გამოჩნდა და არც ეჭვმიტანილი. როგორც გაირკვა, უკვე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით. ეჭვმიტანილი ამ დრომდე მიმალვაშია, ხოლო დაზარალებულს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტების დასკვნის მიხედვით, გოგონა გარყვნილი ქმედების მსხვერპლი გახდა. მომხდარის შესახებ დაზარალებულის მეგობარი საუბრობს, რომლის თქმითაც ბაბუამ საკუთარ შვილიშვილთან სექსუალური კავშირის დამყარება არაერთხელ სცადა“.

მეგობარი: „მითხრა, რომ პაპაჩემს უნდა ჩემი გაუპატიურება, დამდევს და მიყვარხარო. მე ვუთხარი, წავიდეთ დედამისს ვუთხრათ-მეთქი“.

რესპონდენტის სახე დაფარულია, თუმცა მის გვერდით მდგომი ქალის (სავარაუდოდ - მშობლის) სახე ჩანს.

„ბაბუა რომელიც საკუთარ შვილიშვილთან გარყვნილ ქმედებაშია ეჭვმიტანილი ამ დრომდე მიმალვაშია. დაკავების შემთხვევაში მას თავისუფლების 15-დან 20 წლამდე ემუქრება“, - ამით დაამთავრა ჟურნალისტმა ზურაბ ხვისტანმა სიუჟეტი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-8 მუხლი ადგენს: ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს; არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის“.

„ქრონიკის“ წამყვანი ირინა ხიზანიშვილი და აღნიშნული სიუჟეტის ავტორი ზურაბ ხვისტანი ეთიკის ქარტიის ხელმომწერები არ არიან. შესაბამისად, ქარტიის მოქმედი დებულებით, ეთიკის საბჭოსთვის ოფიციალური საჩივრით მიმართვის შემთხვევაშიც კი მათ მიმართ საქმის წარმოება ვერ დაიწყება. თუმცა, ეთიკის საბჭოს შეუძლია, საჩივრის არსებობის შემთხვევაში, საქმე შეისწავლოს და ეთიკური სტანდარტების დარღვევის შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს.

სამაგიეროდ, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტები, ხიზანიშვილიც და ხვისტანიც ვალდებულები იყვნენ, გაეთვალისწინებინათ მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი მოთხოვნები.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, „მაუწყებელი ვალდებულია, ჯეროვანი სამართლიანობის და პატივისცემის დაცვით მოეპყროს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს“. აღნიშნული სიუჟეტი ნამდვილად არ იყო სამართლიანი და პატივისცემის გამომხატველი არასრულწლოვანი გოგონას მიმართ.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, „მაუწყებელმა პროგრამების მომზადებისას და მათი ეთერში გაშვებისას არ უნდა დაუშვას ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა. მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის“.

ამავე კოდექსის 35-ე მუხლი ადგენს: „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა (პუნქტი 1); პროგრამის მომზადებისა და გადაცემისას, ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით (პუნქტი 2). ინფორმაცია პირის საცხოვრებელი ადგილის, ტელეფონის, ფოსტის თუ სხვა პირადი საკონტაქტო მონაცემების შესახებ, შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას (პუნქტი 4). ადამიანის პირად ცხოვრებაში ან/და იურიდიული პირის საქმიანობაში ჩარევა შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მიზნად ისახავს საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას, არის ამ მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს“ (პუნქტი 6).

ამავე კოდესის 44-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. არასრულწლოვანი არ კარგავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მშობლების ან სკოლაში მომხდარი მოვლენების გამო. მაუწყებელმა უნდა დაიცვას არასრულწლოვან ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა (განსაკუთრებით სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა) ანონიმურობა.

გადაცემის წამყვანიც და ჟურნალისტიც მტკიცებით ფორმაში მიუთითებენ, რომ 14 წლის გოგონა ბაბუის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა და რომ ეს ექსპერტიზამ დაადასტურა. თუმცა, ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჟურნალისტებს ასეთი სიუჟეტების მომზადებაში, ხშირ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებიც ეხმარებიან. მოქმედი კანონმდებლობით, გამოძიების მასალები საქმეზე განაჩენის გამოტანამდე საჯარო არ არის, იმ შემთხვევაში კი, როცა საქმე გაუპატიურებას ეხება, საქმის მასალები განაჩენის გამოტანის შემდეგაც არ ხდება საჯარო. მიუხედევად ამისა, ძირითადად ცენტრალური ტელეკომპანიების წარმომადგენლებს ხელი მაინც მიუწვდებათ გამოძიების მასალებზე. ასე რომ არ იყოს, მათთვის არ უნდა გამხდარიყო ცნობილი, რომ „ძალადობის მსხვერპლ 14 წლის გოგონას“ ექსპერტიზა ჩაუტარდა და რომ ექსპერტიზამ გაუპატიურების ფაქტი დაადასტურა, თუ რათქმაუნდა ექსპერტიზამ მართლაც დადო ასეთი დასკვნა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტელეკომპანია „იმედი“ ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას არღვევს.

2011 წლის 20 მარტს საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“ გავიდა სიუჟეტები ნაადრევი მშობიარობის გამო ჩვილის დაღუპვასთან დაკავშირებით. საინფორმაციო გამოშვებებში ფაქტის გაშუქებისას დასახელებულ იქნა პირის სახელი და გვარი; ასაკი; გამჟღავნდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ; ჯანმრთელობის მონაცემები; საცხოვრებელი ადგილი; მისამართი; ოჯახური მდგომარეობა. ერთ-ერთ გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი სათაურით: „ცოცხლად დამარხული ჩვილი?“, სადაც ჯერ გადაცემის წამყვანი ნოდარ მელაძე და შემდეგ სიუჟეტის ავტორი სოფო ხუციშვილი აცხადებენ: „34 წლის ქალბატონი საკუთარი ჩვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ერთ-ერთი ვერსიით, მან (დასახელებულია ქალის გვარი და სახელი) ფეხმძიმობა 28-ე კვირას ნაადრევი მშობიარობის სტიმულირებით შეწყვიტა და მამაკაცთან ერთად ნაყოფი დამარხა. რატომ გაიმეტა დედამ შვილი ცოცხლად დასამარხად, ამის გარკვევა ახლა უკვე პოლიციას მოუწევს. დედა ეჭვმიტანილის სტატუსით სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს. თავად ქალი (ჟურნალისტი ისევ ასახელებს გვარს და სახელს) კი დუმილის უფლებას იყენებს“. „ივანოვის ქუჩა, .... ნომერი (დასახელებულია ნომერი). ეს ის ადგილია, სადაც 34 წლის ქალმა (ვინაობას ისევ ასახელებენ) სახლის პირობებში იმშობიარა. 7 თვის ორსულმა ნაადრევი მშობიარობა ხელოვნურად გამოიწვია, შემდეგ ახალშობილი მეგობარ მამაკაცთან ერთად გარეთ გაიყვანა და მიწაში დამარხა“. ჟურნალისტის ამ სიტყვების შემდეგ სიუჟეტში ნაჩვენებია თავად ქალი, რომელიც საავადმყოფოს პალატაშია მოთავსებული და მკურნალობა უტარდება. ქალბატონი ჟურნალისტს სთხოვს: „ნუ იღებთ, ძალიან გთხოვთ, რა. გეხვეწებით, გამანებეთ თავი“. კადრში ჩანს, ქალბატონი როგორც ცდილობს სახეზე გადაიფაროს საბანი, რათა ჟურნალისტმა მისი გადაღება ვერ შეძლოს. ამის შემდეგ ჟურნალისტი ისევ აგრძელებს: „მომხდარის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ქალს [ისევ ასახელებენ ქალბატონის ვინაობას] სისხლდენა დაეწყო. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მე-5 სამშობიაროში გადაიყვანა. თავდაპირველად ქალმა [სახელდება გვარი] ექიმებს უთხრა, რომ 2 თვის ორსულს მუცელი მოეშალა, თუმცა სამედიცინო კვლევისას დადგინდა, რომ პაციენტი ახლადნამშობიარები იყო. სწორედ ამის შემდეგ აღიარა ქალმა [სახელდება გვარი] რომ ჩვილი სახლში გააჩინა და დამარხა. ... ქალს [ისევ გვარი სახელდება] სამშობიაროში მეგობარი მამაკაცი ახლდა, რომელმაც სამართალდამცავებთან ჩადენილი აღიარა. ეჭვმიტანილმა პოლიციას ის ადგილიც ანახა, სადაც ქალთან [სახელდება ქალის სახელი და გვარი] ერთად ჩვილი დამარხა“.

გადაცემის წამყვანი და ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში მიუთითებენ, რომ ქალმა შვილი თვითონ დამარხა. ჟურნალისტები არ უთითებენ, ეს ფაქტი მათთვის საიდან გახდა ცნობილი. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, „მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის წყაროსა და ფაქტების სიზუსტე“. მოცემულ შემთხვევაში, ჟურნალისტები დედას ჩვილის დამარხვაში ისე ადანაშაულებენ, რომ ინფორმაციის წყაროს არ უთითებენ.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, „საავადმყოფოში სიუჟეტის მოსამზადებლად სავალდებულოა თანხმობის მიღება, როგორც უფლებამოსილი პირის, ასევე ადგილზე მყოფი იმ პირებისგან, რომელთა გადაღება ხდება“ (პუნქტი 9).  სიუჟეტებში გადაღებულია სავადმყოფოს შიდა პერიმეტრი, მათ შორის ქალბატონის ახლო კადრი. შესაძლებელია, ჟურნალისტმა საავადმყოფოს ადმინისტრაციისგან გადაღების ნებართვა ითხოვა, მაგრამ ჟურნალისტს არ ჰქონდა თანხმობა ქალბატონისგან, ხოლო მისი თანხმობის გარეშე მისი კადრების საჯარო ჩვენება პროფესიული სტანდარტებისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი ნორმების უხეში დარღვევაა.

ახალი ამბები