კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის მერი სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეს ედავება

30 ივნისი, 2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ბათუმის მერი, რობერტ ჩხაიძე თავის კედლის მეზობელს, სოციალურად გაჭირვებულ ედუარდ პოღოსიანს ედავება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერის და თავისი ნათესავების სარჩელი დააკმაყოფილა. დააკისრებს თუ არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მცხოვრებ პოღოსიანს მერის ოჯახისა და ნათესავების სასარგებლოდ 13 300 აშშ დოლარს, 30 ივნისს გახდება ცნობილი.

ბათუმში, პუშკინის ქ. #112-ში, ედუარდ პოღოსიანის ოჯახმა 1990 წლის იანვარში, სახლმფლობელობის 1/7 ნაწილი: 824,7 კვ.მეტიდან 117 კვ.მეტრი და 67.8 კვ. მეტრი შენობის ფართი შეიძინა. შესაბამისად, ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებშიც იგივე ფართობია დაფიქსირებული. 1999 წელს, პოღოსიანმა, ბათუმის სასამართლოს მიმართა და მოითხოვა თავისი წილიდან 59 კვ.მეტრის გამოყოფა, რაც სასამართლომ დაუკმაყოფილა და პირად საკუთრებაში გადასცა. 

რობერტ ჩხაიძის ოჯახი და ნათესაობა აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ცდილობდა. თუმცა, იმ პერიოდში ჩხაიძეებს სასამართლო „არ სწყალობდა”. 2005 წელს რობერტ ჩხაიძე დასაქმდა ბათუმის მერიაში და სამეზობლო დავაც განახლდა. მან თავის ბიძაშვილთან, ზურაბ ჩხაიძესთან და მამიდაშვილ ისრაფილ ლორთქიფანიძესთან ერთად (ერთ ეზოში ცხოვრობენ) ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო ხელახლა მიმართა სასამართლოს. სასამართლომ ეს სარჩელი კვლავ არ მიიღო. იმავე წლის 12 აპრილს, სასამართლოში ახალი განცხადება შევიდა კიდევ ერთი მეზობლის, სამველ აბრამოვის სახელით. აბრამოვი მაშინაც რუსეთში ცხოვრობდა და ახლაც იქ ცხოვრობს. ის პოღოსიანის მიერ მოგებულ სასამართლო პროცესს, 59 კვ.მეტრის გამოყოფასთან დაკავშირებით, შესაბამისად არ დასწრებია და სასამართლო პროცესის განახლება ამ მიზეზით მოითხოვა.

როგორც პოღოსიანების ადვოკატი, ირაკლი შავაძე აცხადებს, „ხუთწლიანი ვადა გადიოდა და ჩხაიძეებმა მიმართეს ხერხს: გამონახეს ისეთი მეზობელი, რომელიც რუსეთში იყო წლების წინ წასული და მას - სამველ აბრამოვს მოათხოვინეს სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რადგან აბრამოვი თვითონ, როგორც ერთ-ერთი თანამესაკუთრე, არ ესწრებოდა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას. დღეს სამველ აბრამოვი უსაფუძვლო გამდიდრებაზე აღარ დაობს. უბრალოდ, ეს კაცი ფორმალურად გამოიყენეს საქმის გასაგრძელებლად“.

სამეზობლო დავის განახლების პარალელურად რობერტ ჩხაიძემ თანამდებობრივი აღმასვლა დაიწყო. ჯერ ვიცე-მერი გახდა, შემდეგ კი ბათუმის მერი. ამასობაში პოღოსიანებმა 2007 წლის 31 ოქტომბერს, 59 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი გაყიდეს.

„რადგან ჩემი მარწმუნებლის ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული, მან ეს მიწის ნაკვეთი გაასხვისა. ეს იყო სამართლებრივად სწორი და კანონსაწინააღმდეგო ამაში არაფერია, რადგან მიწის ნაკვეთზე ყადაღა არ იყო დადებული. ჩემმა მარწმუნებელმა გაასხვისა ის ფართობი, რაც მას ეკუთვნოდა“, - ამბობს ადვოკატი ირაკლი შავაძე. მისივე თქმით, „უსაფუძვლო გამდიდრება“ ნიშნავს იმას, რომ სხვის ხარჯზე გამდიდრდა, რომ პოღოსიანმა სხვების მიწის ნაკვეთი გაასხვისა. პოღოსიანს კი იმაზე მეტი არ გაუსხვისებია, რაც მას ეკუთვნოდა“.

ამ პერიოდის განმავლობაში, პოღოსიანების სამწევრიანი ოჯახი, პუშკინის #112-ში ჩხაიძეების მხრიდან შევიწროებულნი აგრძელებენ ცხოვრებას. სამეზობლო დავის დაწყებისთანავე ბათუმის მერის ოჯახმა პოღოსიანებს ეზოში სიარული აუკრძალა. ამის გამო ისინი სარეცხს არა ეზოში, არამედ პუშკინის ქუჩის ტროტუარზე ფენენ.

„გაყიდვა მინდა აქაურობის და წასვლა, მაგრამ ჩხაიძეები ამის საშუალებას არ მაძლევენ, ისინი კლიენტს ყიდვის საშუალებას არ აძლევენ. სიღარიბეში ვცხოვრობთ, მაგრამ ფულადი დახმარებას არ მაძლევენ. სოციალური აგენტები იმაზე მეტ ქულას მანიჭებენ, ვიდრე მეკუთვნის“, - ჩივის ვერა პოღოსიანი.

მისი სახლის სახურავი მას შემდეგ უფრო დაზიანებულა, რაც ჩხაიძეებს თავიანთი სახლის სახურავი შეუცვლიათ: „გადახურვისას ჩემს ძველ სახურავს ზიანი მიაყენეს, თუმცა, არც კი შეუკეთებიათ. ნახეთ რა დღეში ვარ! სახურავიდან ჩვეულებრივად წვიმს და ჩამოვარდნის პირასაა“, - გვეუბნება დიასახლისი.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა კომენტარისთვის რობერტ ჩხაიძეს მიმართა. თუმცა, ბათუმის მერმა ამ საკითხზე კომენტარი არ მოგვცა.

კომენტარისთვის დავუკავშირდით რობერტ ჩხაიძის ოჯახს. დედამისის, ეთერ ჩხაიძის თქმით, პოღოსიანების ბრალდებები უსამართლოა: „ეზოში როგორ არ დადიან. ვინ უშლით გავლას? მის სახლის სახურავზე კიდევ იქით გადავედით და გადავუხურეთ. რა სახურავი დავუზიანეთ?! თაღლითურად გამიყიდეს ჩემი მიწა. იმ მიწაში მე ნაღდი ფული მაქვს გადახდილი 1936 წელში. მაგას პატიმრობა ეკუთვნის, თაღლითურად გაყიდა ჩემი მიწა...“

ბათუმის მერმა რობერტ ჩხაიძემ თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობა კერძო სამეზობლო დავებში გამოიყენა და სასამართლო პროცესზე თავის წარმომადგენლად საჯარო მოხელე - მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გელა მახარაძე მიავლინა. მან 2010 წლის 25 ივნისს მახარაძეს მისცა საქართველოს ყველა სასამართლო ინსტანციაში წარმომადგენლობის უფლება ნოტარიუს ხათუნა კალანდაძის მიერ ნოტარიულად დამოწმებული. ამჟამად, კი ბათუმის მერის ოჯახის წევრისა და ნათესავების უფლებებს, გელა მახარაძის თანაკურსელი, დავით გაბაიძე იცავს. პოღოსიანის ადვოკატის, ირაკლის შავაძის განცხადებით, გელა მახარაძემ  ჩხაიძეების კერძო ინტერესების დასაცავად რამდენიმე სასამართლო პროცესში მიიღო მონაწილეობა: „მერი არღვევს კანონს, როცა თავის საჯარო მოხელეს უწევს ექსპლუატაციას. როცა მე ეს ვთქვი პროცესზე, მოსამართლემ მითხრა - პოლიტიკურ განცხადებებს ნუ აკეთებო“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილმა 2011 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით, ედუარდ პოღოსიანს, ლიანა (ბათუმის მერის და) და ზურაბ (ბათუმის მერის ბიძაშვილი) ჩხაიძეებისა და ისრაფილ ლორთქიფანიძის (ბათუმის მერის მამიდაშვილი) სასარგებლოდ 7 700 აშშ გადახდა დააკისრა, ხოლო რუსტამ აბრამოვისთვის - 5 600 დოლარი. ასევე მხარის ადვოკატის მომსახურება - 500 ლარის ოდენობით და სახელმწიფო ბაჟი.

შეიცვლება თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯაშიაშვილის განჩინება პოღოსიანების სასარგებლოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, 30 ივნისს გადაწყდება. ამჟამად, მათ საკუთრებაში არსებული ფართს საჯარო რეესტრის მონაცემებით, ყადაღა ადევს. დაყადაღებულია ასევე პოღოსიანების ყოფილი საკუთრება, ამჟამად, გასხვისებული 59 კვ.მეტრი ფართობი.

ახალი ამბები