კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავა ბიზნესმენის სახლზე

1 ივლისი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

თელავის რაიონულმა სასამართლომ აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის ნოდარ საქუაშვილის შვილის, ინგა საქუაშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო. ინგა საქუაშვილი სასამართლოს იმ დოკუმენტის ბათილად ცნობას სთხოვს, რომლის საფუძველზეც თელავის რაიონის სოფელ სანიორეში მდებარე ბინა 2007 წელს საკუთრებად მისმა ბებიამ დაირეგისტრირა.

„საკომლო წიგნის ჩანაწერებით, სანიორეში მდებარე სახლში მე, ჩემი დები, დედა და მამა ვართ ჩაწერილები. პაპა-ბებია კი იმავე სოფელში, მათ კუთვნილ სახლში არიან ჩაწერილები. მიუხედავად ამისა, ახლა ჩვენს სახლში ბებია-პაპა ცხოვრობენ. მოვიძიეთ დოკუმენტიც, რომლის საფუძველზეც გაიფორმა ბებიაჩემმა ბინა, რომელიც შემდგომ ჩუქების ხელშეკრულებით მამიდას აჩუქა, მან კი ვინმე მაია მარღნიშვილზე გააფორმა და ამბობს, რომ გაყიდა. აღმოჩნდა, რომ ბინა 73-ე ხულშეკრულებით გაიფორმა. მოვიკითხეთ, რა იყო ეს ხელშეკრულება. გავარკვიეთ, რომ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს. მოვიძიეთ ცნობაც, რომლის თანახმადაც ჩვენ და ბებია-პაპა ცალკე კომლად ვწერივართ. მიუხედავად ამისა, სოფლის რწმუნებულმა გასცა ყალბი ცნობა, რომ ბებია იყო ჩვენი კომლის წევრი და ამის საფუძველზე მან შეძლო ბინის დარეგისტრირება. ჩვენ სწორედ იმ დოკუმენტის გაბათილებას ვითხოვთ, რომლის საფუძველზეც მათ ეს ბინა დაირეგისტრირეს“, -განაცხადა ინგა საქუაშვილის დამ ნანა საქუაშვილმა.

სასამართლოზე მოპასუხე მხარეს ნოდარ საქუაშვილის დის ქეთევან ჯინჭველაძისა და მაია მარღნიშვილის ადვოკატი მირდატ ქამატაძე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელი შოთა ბაკურიძე წარმოადგენდნენ.

მოპასუხე მხარემ სხდომაზე წარმოადგინა სოფელ სანიორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობები. ერთ-ერთი ცნობის მიხედვით, ქეთინო საქუაშვილის მფლობელობაში იყო 0, 3730 ჰექტარი მიწა და მასზე განლაგებული სახლი. მეორე ცნობის მიხედვით კი, ქეთინო საქუაშვილძს ოჯახი შედგებოდა 2 წევრისგან, მისგან და მისი მეუღლისგან.

სასამართლოზე ინგა საქუაშვილის ადვოკატმა ვაჟა შოშიაშვილმა, ნინო და ნანა საქუაშვილებისა და მათი დედის ლია ელიზბარაშვილის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა დააყენა. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ქეთინო ლუაშვილმა შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლო პროცესი 7 ივლისს 12:00 საათზე განახლდება.

შეგახსენებთ, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ნოდარ საქუაშვილი კახეთში პრეზიდენტის მასპინძელი იყო. მიხეილ სააკაშვილს სანიორეში მასთან წლების განმავლობაში მაღალი რანგის სტუმრებიც ჩაჰყავდა. ნოდარ საქუაშვილი სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში პრივილეგირებულ ბიზნესმენად იქცა, რასაც დიდწილად საქართველოს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ოჯახთან საქუაშვილის დის ნათესაობითაც ხსნიდნენ. ნოდარ საქუაშვილის გარდაცვალების შემდეგ თითქმის მთლიანი ქონება ვანო მერაბიშვილის ნათესავებმა დაიტაცეს.

ახალი ამბები