კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების უფროსის სპეციალისტი თომას დე ვაალის აზრით, "სააკაშვილის წასვლა ჯანსაღი მოვლენა იქნება".
ამის შესახებ ვაალმა, რომელიც თბილისში საკუთარი ნაშრომის - "საქართველოს არჩევანი: ცვალებად პირობებში გამოკვეთილი სამომავლო სურათი" ქართული თარგმანის წარსადგენად იმყოფება, "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისივე აზრით, "ლოგიკურია, რომ სააკაშვილს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით აქამდე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია".
"როცა გადაწყვეტილებას მიიღებს, ის მიხეილ სააკაშვილი ვეღარ იქნება, რაც ამჟამად არის. ის ან იქნება ადამიანი, რომელიც პოლიტიკური სცენიდან მიდის და სუსტია, ან პირიქით, რომელიც პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს და ამის გამო ბევრ კრიტიკას დაიმსახურებს. ამიტომაა, რომ გადაწყვეტილებას არ იღებს და დრო გაჰყავს. რა თქმა უნდა, ეს გარე ფაქტორებზეცაა დამოკიდებული. პირადად მე მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის დიდი მიღწევა იქნება, თუკი ის პოლიტიკური სცენიდან წასვლას გადაწყვეტს, რადგანაც ეს საქართველოსთვის ჯანსაღი მოვლენა იქნება. თუკი დასავლეთში მეტად მკაფიოდ განაცხადებენ, "კონსტიტუცია კი იძლევა პრემიერ-მირისტრის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას, მაგრამ ამას ცუდად ვუყურებთო", ეს მოვლენებზე გავლენას იქონიებს",- აცხადებს ვაალი.
რაც შეეხება შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის შესაძლო გაპრემიერებას, ანალიტიკოსის აზრით, მას, როგორც გარედან დამკვირვებელს, ამ საკითხზე მსჯელობა უჭირს, თუმცა მიიჩნევს, რომ "მერაბიშვილი საჯარო პოლიტიკოსი არ არის და უფრო კულისებში მოქმედი ფიგურაა, ამდენად არ იქნება ჯანსაღი მოვლენა, თუკი ის ასეთ ძლიერ ფიგურად დარჩება".
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საშუალებით ხელისუფლებამ კრიმინალთან და ყოველდღიურ კორუფციასთან დაკავშირებული დიდი პრობლემები გადაჭრა. ეს დიდი მიღწევაა, მაგრამ მეორეს მხრივ, სამწუხაროდ, შსს ხელისუფლების სხვა შტოების მიმართ ანგარიშვალდებული აღარ არის"- დასძინა ვაალმა.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=73736&Itemid=1