კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ ფინანსდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან პოლიცია

4 ივლისი, 2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

აჭარის მუნიციპლიტეტეტის ბიუჯეტებში სოფლის მეურნეობა 0 ლარით არის დაფინანსებული, პოლიციის სამსახურებისათვის კი ათასობით ლარია გამოყოფილი. დაფინანსების ოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით სხვადასხვა ოდენობისაა: 10 000-დან 40 000 ლარამდე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ თემაზე რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს დაუკავშირდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტში შემოსავალი 7 810 500 ლარია მითითებული, ხოლო ხარჯის ოდენობა 5 182 950 ლარით არის განსაზღვრული. მათ შორის სოციალური უზრუნველყოფა 196 200 ლარითაა დაფინანსებული (გასულ წელს კი 354 400 ლარი იყო), ხოლო პოლიციის სამსახური 40 000 ლარით ფინანსდება.

მალხაზ ფარტენაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: „შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარიმო სანქციებიდან შემოსული თანხა რაიონის ბიუჯეტში, ეს არის დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი. აქედან გამომდინარე, პოლიცია ჩვენი თანხმობით ფინანსდება. ჩვენ ვიხდით მუნიციპალიტეტის პოლიციის კომუნალურ და შუქის გადასახადებს. თუ იქნება დამატებითი თანხა საჭირო, ჩვენ ბიუჯეტში შევიტანთ ცვლილებას და დავუმატებთ. ეგ პრობლემა არ არის. სოფლის მეურნეობა ჩვენ ბიუჯეტში აღარ გავითვალისწინეთ, რადგან მისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროშია გამოყოფილი თანხები. ბიუჯეტის უახლოეს ცვლილებაში სოფლის მეურნეობისთვის გამოვყოფთ თანხას, კერძოდ - ციტრუსის შეწამვლასთან დაკავშირებით. მოსახლეობისათვის ეს შხამ-ქიმიკატები ფასიანი იქნება, რაღაც შეღავათებით“.

სულიკო მიქელაძე, „ეროვნული საბჭო“, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი: „ამას ჰქვია ბიუჯეტში ხვრელები, იმიტომ, რომ პოლიციას სულ არ სჭირდება  დაფინანსება მუნიციპალიტეტის დონეზე. მას თავისი ბიუჯეტი აქვს. მაგრამ ესენი მაინც აძლევენ ამ ოდენობის თანხას. ოპოზიციამ ამას მხარი არ დავუჭირეთ, მაგრამ ბიუჯეტი მაინც ამ სახით დამტკიცდა“.

პოლიციის სამსახური ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 2010 წელს 50 000 ლარითაა დაფინანსებული.

ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლების მაჩვენებელი 2011 წელს 3 338 800 ლარს შეადგენს. მათგან ხარჯად 3 028 200 ლარია გაწერილი. სოციალური უზრუნველყოფისათვის 108 900 ლარია განსაზღვრული, რაც გასულ წელთან შედარებით 72 000 ლარით ნაკლებია. სამაგიეროდ, უცვლელია პოლიციის სამსახურის დაფინასების ოდენობა და ის როგორც გასულ წელს, 2011 წელსაც 10 000 ლარს შეადგენს.

სოფლის მეურნეობის დაფინანსების გრაფაში კი აქაც 0 ლარია მითითებული. ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობა არც გასულ წელს ყოფილა დაფინანსებული, ხოლო, 2009 წელს მხოლოდ 8 000 ლარით დაფინანსდა.

ბადრი დიასამიძე, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: „სადაც გვიჭირდა დაფინასება, უფრო იმ მხარეს მივმართეთ თანხები. დაფინანსდა ის, რაც რაიონისთვის უფრო სარგებლიანი და მომგებიანი იქნება. სახელმწიფო ერთია და რომელი ბიუჯეტიდან მოხდება დაფინანსება, მაგას მნიშვნელობა არა აქვს. პოლიცია ადრიდანვე მასე ფინანსდებოდა და ჩვენც ვაგრძელებთ“.

ჯამბულ ბერიძე, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“: „ბიუჯეტის მიღებას მხარი დავუჭირეთ ოპოზიციამ. გასულ წელსაც იყო პოლიცია ასე დაფინანსებული. ჩვენ ფრაქცია გვაქვს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ორ წევრთან ერთად და კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, მხარი დაგვეჭირა“.

2011 წლის შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიხედვით მიმდინარე წელს სოციალური უზრუნველყოფის სფერო მხოლოდ 116 500 ლარით არის დაფინანსებული. რაც 2009 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ დაფინასებასთან შედარებით 84 000 ლარით ნაკლებია. უცვლელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დაფინანსება, რაც 10 000 ლარით არის განსაზღვრული. ბიუჯეტში საერთოდ არ არის მითითებული სოფლის მეურნეობის გრაფა.

იური ქათამაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: „პოლიციის დაფინანსება ზედმეტია? ჩვენ გამოყოფილ თანხებს სხვა მხრივაც ვიყენებთ, მაგრამ ვითვალისწინებთ პოლიციის დაფინანსების აუცილებლობასაც. ეს აუცილებლობაა სამსახურის სპეციფიკა, ოპერატიულობაზე ხელის შეწყობა, საწვავის გამოყოფა, პოლიციის საფოსტო, სატელეფონო და კომუნალური გადასახადები. სოფლის მეურნეობის მხრივ, ვმსჯელობთ და ვმუშაობთ, რომელი დარგი უნდა განვითარდეს: მეფრინველეობა, მეცხოველეობა, თუ მევენახეობა? წინასწარ თანხები რაში ჩავდოთ? სტიქიურად ხომ ვერ გამოვყოფდით თანხას? დამატებითი ხარჯებისათვის პოლიციიდან არ მოგვმართავენ. ეს დახმარება მათი, ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლების ზეპირი განცხადების საფუძველზეა გათვალისწინებული“.

ზაზა დავითაძე, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე: „ბიუჯეტს მხარი დავუჭირე. იქ ყველაფერი სამართლიანი იყო და არაფერი იყო ისეთი, რომ ეჭვი შემეტანა. ჩვენი მოქალაქეებისთვისაც არის საკმარისი თანხები. არ ვგრძნობთ დეფიციტს“.

ტარიელ დუმბაძე, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი: „ბიუჯეტისთვის მხარი არ დამიჭერია, რადგან სოციალური ხარჯები შემცირებულია და სხვა ხარჯებია გაზრდილი. პოლიციის დაფინანსება ისევ იმდენია, რამდენიც გასულ წელს“. 

ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიხედვით, მიმდინარე წლის გადასახადების ოდენობა 5 614 370 ლარია. ბიუჯეტში სპეციალური გრაფაა ტექსტით: შსს ადგილობრივი განყოფილება, მის პარალელურად კი 10 000 ლარია მითითებული. თვით ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ თავართქილაძე ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ ბიუჯეტის 95 % ტრანსფერია, მაგრამ როგორც ჩანს, პოლიციის დაფინანსებისათვის თანხა მაინც აქვთ ამ მუნიციპალიტეტში.

ნოდარ თავართქილაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: „ჩვენ პოლიციას მხოლოდ და მხოლოდ შუქისა და კომუნალურ გადასახადს ვუხდით. ჩვენს მუნიციპალიტეტში მდებარეობს პოლიციის განყოფილებები და ამიტომ მიზანშეწონილია მათი კომუნალური გადასახადების დაფარვა. ბიუჯეტზე მყოფი სოფლის მეურნეობის დაწესებულება არ გვყავს და ამიტომ არ ვაფინანსებთ სოფლის მეურნეობას“. 

გურამ დეკანაძე, „ეროვნული საბჭო“, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი: „ბიუჯეტს მხარი არ დავუჭირე. იყო ისეთი სოციალური მუხლები, რომლებიც შესაცვლელი იყო. ახლა მუნიციპალიტეტმა გამოყო თანხა დამატებითი ხელშეკრულებით აყვანილი 7 თუ 8 პოლიციელის ხელფასებისთვის. არ მიმაჩნია სწორად, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს პოლიციელების ხელფასები. თუმცა, ერთი კაცის განსხვავებულმა აზრმა ვერაფერი შეცვალა“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს, ზურაბ გვენეტაძეს დაუკავშირდა. მან საკითხის გაცნობის დასრულებამდე გვითხრა - „გავარკვევ და დაგიკავშირდებით“. თუმცა, შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს, ტრადიციულად, აღარ პასუხობდა.

საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, 49 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თვითმმართველ ერთეულს საკუთარი შემოსულობების ხარჯვა შეუძლია განახორციელოს დამოუკიდებლად და თავისი შეხედულებისამებრ. აღნიშნული თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების ძირითადი პრინციპები 2010 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს. თუმცა, აჭარის მუნიციპალიტეტეტბის გასული წლის ბიუჯეტებთან შედარებით, აშკარაა, რომ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები მათ კანონიერ უფლებას არ იყენებენ, ხოლო საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები, სიმცირის გამო, ვითარებას ვერ ცვლიან.

აჭარის დამოუკიდებელ ექსპერტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, ასლან ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა. ამ დროს, ამ დარგის სუბსიდირებისა და წახალისებისათვის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში არც ერთი ლარი არ არის გათვალისწინებული: „აქედან გამომდინარე პოლიციის განყოფილებისათვის მათი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების გაცემა, არამიზნობრივ ხარჯად შეიძლება ჩაითვალოს იმ ფონზე, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 829,1 მლნ ლარია, ანუ ბიუჯეტის 13 %. მსოფლიოს არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში პოლიციის დაფინანსება ბიუჯეტის 13 % არ არის. როგორც წესი, 5%-ზე მეტით არ ფინანსდება. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მუნიციპალიტეტებს ყავთ მათზე დაქვემდებარებული მუნიციპალური პოლიცია, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივ დონეზე წესრიგის დაცვას. საქართველოში კი ეს უწყება მკაცრად ცენტრალიზებულია“.

ახალი ამბები