კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსაბჭოს პრეს-რელიზი: „საქართველო - ადამიანის უფლებები უკეთ უნდა იქნას დაცული სასამართლო სისტემაში“

6 ივლისი, 2011

სტრასბურგი. 05/07/2011. „უფრო მეტი ძალისხმევა უნდა იქნას მიმართული სასამართლო სისტემის სერიოზული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და მისი გამჭვირვალობისა და სამართლიანობის გასაზრდელად“, - აცხადებს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამერბერგი 5 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ასახავს მის ვიზიტს საქართველოში 2011 წლის 18-20 აპრილში. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა დაცვის დონეზე საქართველოს სასამართლო სისტემაში.

კომისარი აღნიშნავს, რომ ნაბიჯები გადაიდგა სისხლისსამართლებრივი სფეროს რეფორმირებისთვის, თუმცა, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა წვრილმან დანაშაულებზე უკიდურესად ხანგრძლივი პატიმრობით იწვევს წუხილს სასჯელის პროპორციულობასთან დაკავშირებით.

„კომისარმა მოუწოდა ხელისუფლებას, შეიმუშავოს უფრო ჰუმანური და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელიც პირველ რიგში, მოქალაქეთა გამოსწორებაზე და არა დასჯაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების მაგალითი იქნება. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ერთ-ერთი პოზიტიური ასპექტი არის აქცენტის გადატანა პატიმრობის ალტერნატიულ სასჯელებზე. კომისარმა მოუწოდა ხელისუფლებას, შემდგომი ნაბიჯები გადადგას სასჯელის ზომად დაკავებისა და პატიმრობის გამოყენების (რაც ასე ხშირია საქართველოში) შემცირებისკენ“.

მართალია, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მაგრამ კომისარი ფიქრობს, რომ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო უკანონო ჩარევისაგან დაცულობის უზრუნველსაყოფად. მისი რეკომენდაციით, საჭიროა დამატებითი ზომები იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ზეგავლენის მოსახდენად, რათა დაცული იქნას მოსამართლეთა დამოუკიდებლობა.

ასევე ის აცხადებს, რომ არსებობს შემთხვევები, როცა გამოძიებისას დაშვებული პროცედურული დარღვევები დაედო საფუძვლად სისხლისსამართლებრივ დევნას. მიღებულია ასევე ცნობები პოლიტიკური მოტივით განხორციელებულ სისხლისსამართლებრივ დევნაზე ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ. კომისარი დაჟინებით ითხოვს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნათელი და გამჭვირვალე გზით უპასუხოს თითოეულ ასეთ შემთხვევაზე გამოთქმულ შეშფოთებას: „დიდი ძალისხმევაა საჭირო სასამართლო პროცესის გარანტიებისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად“.

ადვოკატები ჯერ კიდევ სიძნელეებს აწყდებიან თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. მითითებულია ძალადობის, შეურაცხმყოფელი დაკავებისა და ზეწოლის სხვა ფორმებზე. თუმცა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ზრდის დაცვის უფლებებს, სისხლისსამართლებრივი სისტემა წარმოაჩენს ბალანსის ნაკლებობას ბრალდების სასარგებლოდ. „საჭიროა სისტემური ზომების მიღება ჭეშმარიტად შეჯიბრობითობის პრინციპზე დაფუძნებული პროცესის უზრუნველსაყოფად. დაცვის მხარის ადვოკატებს საშუალება უნდა მიეცეთ იმოქმედონ შეფერხებების გარეშე სრული კონფიდენციალურობით“.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საპროცესო გარიგების პროცედურას, რომელიც ფართოდ გამოიყენება სისხლისსამართლებრივ საქმეებში საქართველოში. „რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობას, კერძოდ, პატიმრობის ძალზე მაღალ მაჩვენებელს, მკაცრი სასჯელების პოლიტიკასა და მართმსაჯულების აღსრულების მიმართ მოსახლეობის დაბალ ნდობას ნამდვილად შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ბრალდებულზე და მან, უდანაშაულობის შემთხვევაშიც კი, ბრალი აღიაროს, რაც მართლმსაჯულების სამართლიანობის პრინციპის დარღვევას გამოიწვევს. კომისარი სთხოვს ხელისუფლებას, ფრთხილად მოეკიდოს იმ გაზრდილ უფლებამოსილებას, რომელსაც პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პროცესში ახორციელებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებელია ეფექტური და შესაბამისი სასამართლო კონტროლის მექანიზმის შემუშავება, რათა კანონით გათვალისწინებული გარანტიები სრულად აღსრულდეს პრაქტიკაში. საჭიროა დამატებითი ძალისხმევა იმისათვის, რომ პროცედურები უფორ მეტად გამჭვირვალე გახდეს“.

საქართველოს ხელისუფლების პასუხი თან დართულია კომისრის ანგარიშზე.

თომას ჰამარბერგის ანგარიში ქართულ ენაზე

ახალი ამბები