კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პირველი საპროტესტო აქცია დაკავებული ფოტოკორესპონდენტების მხარდასაჭერად

11 ივლისი, 2011

სოფო გეწაძე

ფოტორეპორტიორების - ზურაბ ქურციკიძის, გია აბდალაძის, შახ აივაზოვისა და ირაკლი და ნათია გედენიძეების დაკავებას მედიასაშუალებები იმავე დღეს გამოეხმაურნენ და 7 ივლისს 13:00 საათზე შსს-ს კონსტიტუციური დეპარტამენტის,  ე. წ. მოდულის შენობის წინ დაკავებულთა მხარდასაჭერი აქცია გამართეს. პროტესტს ადამიანის უფლებათა ცენტრი და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლიც შეუერთდა, დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით.

ფოტოკორესპონდენტები 7 ივლისს, შუაღამისას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ერთდროულად დააპატიმრეს.  დაკავებულია ევროპის ფოტოსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, გაზეთ „პრაიმ-თაიმის“ ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და „ალია“ ჰოლდინჰის ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, რომელიც პარალელურად საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა მიწვეულ სპეციალისტად.

აქციას ადამიანის უფლებათა ცენტრი და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლიც შეუერთდა. მათ აქციაზე წარმოადგინეს ტრანსპარანტი ბელარუსისა და საქართველოს პრეზიდენტების ერთად გადაღებული ფოტოებით და წარწერით: „მიშა ლუკაშენკო“. როგორც უფლებადამცველებმა განაცხადეს, ამით საზოგადოებისთვის უგზავნიან მესიჯს, რომ სააკაშვილის ავტოკრატიული მმართველობის რეჟიმი თანდათან ლუკაშენკოს საყოველთაოდ აღიარებულ დიქტატურას ემსგავსება.

„მე კარგა ხნის წინ მოვუწოდე უცხოეთის ქვეყნებს, რომ მიშა ისევე გამოაცხადონ პერსონა ნონ გრატად, როგორც ლუკაშენკო. კარგია, რომ ჩემს აზრს სხვებიც იზიარებენ. ყველამ უნდა მოვაწეროთ ხელი და შევიტანოთ საჩივარი ევროკომისრის სახელზე, რომ სააკაშვილი ევროპაში გამოცხადდეს პერსონა ნონ გრატად. აქ მარტო ფოტორეპორტიორების დაკავებაზე არაა საუბარი. აღმაშფოთებელია ის მეთოდები, რა მეთოდებითაც ისინი დააკავეს“, - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ზაზა ხატიაშვილმა, რომელიც აქციას ესწრებოდა.

მედიასაშუალებების საპროტესტო აქციას დაკავებულთა ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. როგორც გიორგი აბდალაძის მეუღლე ნესტან ნეიძე აღნიშნავს, ღამის სამ საათზე მათ სამოქალაქო ფორმაში მყოფი პირები დაადგნენ თავს და ყოველგვარი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე სახლში ჩხრეკა დაიწყეს: „კითხვებზე მპასუხობდნენ - მოდულის შენობაში გავარკვევთ ყველაფერსო, თვითონ გიორგის ვეტყვითო. ჩაატარეს ჩხრეკა და ოქმიც არ შეუდგენიათ, არ სჭირდება ოქმი ამასო. ერთი სიტყვით გვითხრეს - ჯაშუშობაში ედება ბრალიო. კონკრეტულად არც ფოტოს და არც რაიმე დოკუმენტს არ ეძებდნენ“, - განაცხადა ნესტან ნეიძემ.

ჟურნალისტები დაკავებულების ჯაშუშობის ფაქტს გამორიცხავენ.  როგორც ადამიანის ულებათა ცენტრის ინტერნეტ-გაზეთის humanrights.ge-ს რედაქტორი, ალეკო ცქიტიშვილი აღნიშნავს,  დაკავებულ ფოტოკორესპონდენტებს ჟურნალისტურ წრეებში ყველა იცნობს და ყველა დარწმუნებულია, რომ ამ ადამიანებს არანაირი დანაშაული არ მიუძღვით. მათი დაპატიმრება არის რაღაც ავადმყოფური ფანტაზიის ნაწილი. იგივეს ამბობს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინატორი ნინო ღვედაშვილი: „ვუერთდები მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ კორესპონდენტები და შეწყდეს ზეწოლა მედიაზე. დაკავებულთაგან რამდენიმეს პირადად ვიცნობ და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა - ისინი არიან ისეთი ადამიანები, რომ მათთვის წაყენებული ბრალდება აბსურდად მეჩვენება“.

როგორც „ალიას“ აღმასრულებელმა რედაქტორმა დიმიტრი ტიკარაძემ humanrights.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, გია აბდალაძისთვის წაყენებული ბრალდება აბსურდულია: „კარგად ვერ გავიგე, როგორ აკავშირებენ საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებასთან ჟურნალისტის საქმიანობას, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ფოტოების გადაღება და გავრცელება?! ვერც ვერანაირ ფაქტს ვუკავშირებ მის დაკავებას, რადგან გიორგი არა მხოლოდ „ალიას“ თანამშრომელი, ჩემი მეგობარიცაა. კარგად ვიცნობ მას და ვიცი, რომ უდანაშაულოა“.

ე. წ. მოდულის შენობაში დაკავებულების ადვოკატების შესვლაც გამკაცრებული იყო. დაცვის თანამშრომლებმა ეს ფაქტი შენობაში მყოფი იურისტების დიდი რაოდენობით ახსნეს. შენობიდან გამოსული დაკავებულის ადვოკატები აღნიშნავდნენ, რომ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

მერაბ ჩიქოვანი, გიორგი აბდალაძის ადვოკატი:  „ჯერჯერობით ჩვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არ შევხვედრივართ. რაც შეეხება თვითონ საქმეს ამ საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო ანუ მოცემული სისხლის სამართლის საქმის მასალები არის გასაიდუმლოებული და წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. აქედან გამომდინარე სამწუხაროდ ვერაფერს ვერ გეტყვით მოცემული საქმესთან დაკავშირებით“.

ნინო ანდრიაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ზურაბ ქურციკიძის ადვოკატი:  „რა თქმა უნდა, ზურა დანაშაულს არ აღიარებს.  იგი არის გაოცებული, გაოგნებული ამ სიტუაციის გამო. ვერ წარმოუდგენია, თუ მის გარშემო ხდება ეს ყველაფერი“.

ევროპის პრესფოტოს სააგენტოს (EPA) მთავარმა რედაქტორმა, ფოტორეპორტიორ ზურაბ ქურციკიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათთან მუშაობის პერიოდში რეპორტიორისთვის არასდროს უთხოვია, გაეშუქებინა მოვლენა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას. ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება შეცდომას გამოასწორებს და უახლოეს მომავალში გაათავისუფლებს ფოტოკორესპონდენტებს. 

ახალი ამბები