კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამოქალაქო საზოგადოება დაკავებულ ფოტორეპორტიორებს თავდებში უდგება

15 ივლისი, 2011

სოფო გეწაძე

„ალია ჰოლდინგის“ ინიციატივით, ჟურნალისტებმა მორიგი საპროტესტო აქცია პრეზიდენტის რეზიდენციის წინ მოაწყვეს და დაკავებული ფოტორეპორტიორების გათავისუფლება მოითხოვეს. ამავე დროს, ჟურნალისტებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება დაკავებულთა თავდებით გათავისუფლებაზე.
 
„ალია ჰოლდინგი“ ვარაუდობს, რომ 200 000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, დაკავებული ფოტორეპორტიორების თავდებით  გათავისუფლებას შეძლებენ. სათავდებო დოკუმენტი სამივე დაკავებულისთვის ცალ-ცალკეა შედგენილი, მოქალაქეები კი სურვილისამებრ რომელიმე მათგანს, ან სამივეს ხელს აწერენ და პირად ნომერს აფიქსირებენ, რითაც თანხმობას აცხადებენ, რომ ფოტოკორეპონდენტებს თავდებში უდგებიან.

როგორც გაზეთ „ალიას“ პასუხისმგებელი რედაქტორი, დიმიტრი ტიკარაძე აღნიშნავს, ამ დოკუმენტზე ხელმოწერით მოქალაქეები თანხმდებიან, რომ დაკავებულების  გათავისუფლების შემთხვევაში, პასუხისმგებლობას იღებენ, რომ ფოტორეპორტიორები გამოძიებასთან თანამშრომლობას გააგრძელებენ:  არ დაიმალებიან, ნებისმიერ გამოძახებაზე მივლენ, მისცემენ ჩვენებას  და ა.შ. 

ინიციატივის ორგანიზატორების განმარტებით, სამოქალაქო საზოგადოების ხელმოწერები ყველა იმ ორგანიზაციას გადაეცემა, ვინც შეიძლება ამ საქმეზე გავლენა მოახდინოს: საერთაშორისო და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საელჩოებს, პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტს. 

ინიციატივასთან ერთად მედიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის რეზიდენციის წინ თეატრალიზებული აქცია-შოუ მოაწყეს. მათ ეცვათ თეთრი მაისურები, ფოტოგადაღების აკრძალვის ნიშნითა და წარწერით - NO PICTURES - NO DEMOCRACY. აქციის მონაწილეებმა თვალები დახუჭეს, ყურებზე ხელები აიფარეს და სასტვენებით სტვენა დაიწყეს.

როგორც humanrights.ge-სთან საუბრისას „ალია ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა გიორგი ბრეგვაძემ აღნიშნა, თვალების დახუჭვა ნიშნავს, რომ ჟურნალისტებმა ხელისუფლებას ვერაფერი დაანახეს, ხოლო დაცული ყურები ნიშნავს - „ვერაფერი შეგასმინე“.

შეკრებილმა საზოგადოებამ წინა დღით შს მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და ჟურნალისტების შეხვედრაზეც ისაუბრა.

ალეკო ელისაშვილი, ტელეკომპანია „კავკასია“: „ძალიან კარგი იყო გუშინდელი შეხვედრა. დავრწმუნდით, რომ საპროტესტო აქციები უნდა განვაგრძოთ. მე პირადად კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ეს ხალხი არაფერ შუაშია. კარგია, რომ პირველწყაროდან მოვისმინეთ - მათ არაფერი არა აქვთ სატელეფონო ამონაბეჭდების გარდა. ამიტომაც უნდა განვაგრძოთ აქციები. გუშინ ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა: დედას ვფიცავარ, ესენი აგენტები არიანო. არ მჯერა ვანო მერაბიშვილის დედის დაფიცების. გვაჩვენონ მტკიცებულებები ან ეს ხალხი გამოუშვან. სანამ არ გამოუშვებენ და სანამ არ გაირკვევა ეს ყველაფერი, მანამდე გავაპროტესტებთ“.

აქციების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ ჟურნალისტები და შედეგს - უახლოეს მომავალში დაკავებულების გათავისუფლებას ელიან.

დავით აქუბარდია, ტელეკომპანია „კავკასია“: „ვანო არ უშვებდა კიდევ ვიღაცებს, მაგრამ როგორც კი ვიღაცებმა უთხრეს, წუთში გაუშვეს. ხომ გაუშვეს კიდევ ერთი დაკავებული - შახ აივაზოვი?! მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, გონიერება გამოიჩინოს და აუცილებლად გაათავისუფლოს სხვები, თორემ ხვალ და ზეგ უფრო მეტი ხალხი მოვა აქ და გაივსება ეს ადგილი. ამ რაიხსტაგ-რეზიდენციას ცუდი ბედი აქვს. ჯობია, რომ დაკავებულები გაათავისუფლონ“.

მერაბ მეტრეველი, მედია „პალიტრა“:   „აქციები უნდა გაგრძელდეს, რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მუდმივად ამ საკითხზე იყოს მიპყრობილი. უნდა მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა ჩვენს ხელისუფლებაზე, რომ სამართლიანი სასამართლო შედგეს და ჩვენ გავიგოთ, რას ედავებიან დაკავებულებს, კონკრეტულად რა ფაქტები აქვთ. სასამართლო რომ იყოს საქართველოში დამოუკიდებელი და  სანდო, მაშინ ბუნებრივია, არავინ მოითხოვდა, მომხდარიყო საქმეზე გრიფის „საიდუმლოს“ მოხსნა. სასამართლოს არ ვენდობით და სწორედ  ამიტომ გვინდა, რომ მტკიცებულებები თავიდანვე გვაჩვენონ“.

ამ მოსაზრებას იზიარებს ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილიც. მისი თქმით, გამორიცხული არაა, უახლოეს მომავალში ფოტორეპორტიორების აღიარებითი ჩვენებები გამოქვეყნდეს, ეს კი დაკავებულებზე ზეწოლით უნდა აიხსნას: „ხელისუფლება ჩიხში შევიდა, რადგან არა აქვს არანაირი ფაქტობრივი მტკიცებულებები. ჟურნალისტებისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან კი არის სერიოზული წნეხი და მოთხოვნა, რომ დაიდოს ფაქტები რჩებათ ერთადერთი გამოსავალი - აღიარებები“.

საქმეს გრიფით საიდუმლოს საკითხი საეჭვოს ხდის - აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე. როგორც ავთო იმნაძე „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას განმარტავს, მისთვის გაუგებარია, რატომაა ქართველებისთვის გასაიდუმლოებული ის მასალები, რაც მტრებისთვის უკვე კარგადაა ცნობილი. „ადამიანები აცხადებენ, რომ ეს ინფორმაციები მიწოდებული არის რუსეთისათვის ამ დროს დაფარული არის ჩვენთვის?! მტერმა და დუშმანმა იცის და ჩვენ გვიმალავენ?! გუშინ რომ იყვნენ ჟურნალისტები მერაბიშვილთან შეხვედრაზე რატომ არ კითხეს ეს? თუ მოსკოვმა იცის, ნიუ იორკმა იცის, ყველამ იცის და ჩვენ რაღაზე გვიმალავთ? შეიძლება ჩვენი ჯაშუში რომ გაუშვან სადმე, იმისი მასალები დააგრიფირონ, და ის რაც  მტერმა და დუშმანმა იცის, რატომ უნდა გვიმალავდნენ ჩვენ“, - აცხადებს იმნაძე.

აქციას ჟურნალისტების გარდა დაკავებულების ოჯახის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

საბა წიწიკაშვილი, ჟურნალისტი: „ვაპროტესტებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც ფოტოგრაფები დააპატიმრეს. მათ არ მოსწონთ ის ფოტოები, რომლებიც ამ ფოტოკორეპონდენტებმა 26 მაისს გადაიღეს და მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის ამ პირად გადაწყვეტილებას თავისუფალი ჟურნალისტები და მედია არ უნდა შეეწიროს“.

ნესტან ნეიძე, გიორგი აბდალაძის მეუღლე: „სოლიდარული ვარ აქციის მიმართ. გიორგი ჩემი მეუღლე რომც არ ყოფილიყო და ზურა - მისი მეგობარი, აუცილებლად, როგორც მოქალაქე, ვიდგებოდი აქ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვისაც არ ეშინია, ვინც სოლიდარულია და ვინც იბრძვის სიმართლისთვის. იმედი არ მაქვს, რომ რამეს მივაღწევთ, მაგრამ გულის სიღრმეში პატარა ნაპერწკალი მაინც არის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ“.

სოზარ სუბარი, „ქართული პარტია“:  „დღეს დილით ჩამოვედი. სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიყავი, სადაც შეხვედრები მქონდა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარესთან, თომას ჰამერბერგთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მე და ირმა ინაშვილი ვიყავით ერთად ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში, სადაც არც ამ ფაქტის შესახებ იცოდნენ რამე და არც იმის შესახებ, თუ როგორი დევნა განხორციელდა ჟურნალისტებზე 26 მაისს. ფაქტია, ბევრი რამ არ იციან იქ, სადაც უნდა იცოდნენ. დაუშვებელია, როცა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (რომელსაც  ჰყავს წარმომადგენელი საქართველოში) არ იცის ფოტოჟურნალისტების დაკავების შესახებ. თომას ჰამერბერგს კი ვესაუბრე იმ უკანონო დევნაზე და დაპატიმრებებზე, რაც  პოლიტიკური პარტიების წევრების წინააღმდეგ ხორციელდება. ასევე, ვილაპარაკეთ ამ დაკავებულ ჟურნალისტებზე. უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებული ინტერესი ჟურნალისტების თემამ გამოიწვია. მათთვის დაუჯერებელი იყო დაკავებულების დაკავშირება ჯაშუშობის თემასთან“.

ახალი ამბები