კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„უბედურება ის არის, რომ მკვლელი სამართალდამცველია... გესმით, ეს რას ნიშნავს?“ - ეკითხება სამხატვრო აკადემიის რექტორი პრეზიდენტ სააკაშვილს

18 ივლისი, 2011
გელა მთივლიშვილი, კახეთი

8 ივლისს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში 21 წლის გიგა გემაზაშვილი და შოთიკო ბატიაშვილი მოკლეს. პოლიციის ცნობით, ახალგაზრდებს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელმა დავით ჩოთალიშვილმა მიაყენა. ჩოთალიშვილმა ესროლა გიორგი დათუკიშვილსაც, რომელიც დაჭრილების დახმარებას ცდილობდა, მაგრამ ააცილა. გიორგი დათუკიშვილმა გაქცევა მოახერხა.

შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, დავით ჩოთალიშვილი დანაშაულის ჩადენის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია და ბრალდებულის აღიარებით ჩვენება არ გაუვრცელებია.

წინანდლის მაცხოვრებლების თქმით, მკვლელობის მიზეზი ახალგაზრდებსა და კუდ-ის თანამშრომელს შორის ურთიერთშელაპარაკება გახდა. მოკლული შოთიკო ბატიაშვილის ნათესავი ამბობს, რომ დავით ჩოთალიშვილი, გიგა და შოთიკო ადრე მეგობრობდნენ, მკვლელობა კი ძველი უსიამოვნების გამო მოხდა.

ვაჟა ბატიაშვილი, შოთიკო ბატიაშვილის ნათესავი: „ნასვამები იყვნენ და როგორც ჩანს, კამათი მოუვიდათ. დაზუსტებით არავინ იცის მკვლელობის მიზეზი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ შეიძლება ადრინდელი წყენის გამო შელაპარაკდნენ. წლების წინ მოკლულებიც და ეჭვმიტანილიც მეგობრობდნენ. ვიღაცასთან ჩხუბი მოსვლიათ და გარდაცვლილებს ჩოთალიშვილი ჩხუბში მიუტოვებიათ. შეიძლება ეს ყოფილიყო მიზეზი“.

„იმ საღამოს სტუმრები მყავდა და გვიან დავიძინეთ. დაახლოებით ღამის პირველი საათი იქნებოდა, როცა რამდენიმე გასროლის ხმა გავიგეთ. პერანგიანი გამოვიქეცი. უკვე ხალხი იყო შეკრებილი. სისხლიანი ბიჭები ძირს ეყარნენ, მანქანებში ჩასვეს და საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ გზაში დაიღუპნენ. პატრული ყოველ საღამოს აქეთ-იქით დადის, მაგრამ იმ ღამეს არ მორიგეობდნენ“, - აღნიშნა შემთხვევის ადგილთან ახლოს მცხოვრებმა ქალბატონმა.

„ძალიან კარგად ვიცნობ გარდაცვლილების ოჯახებს, განსაკუთრებით - გიგას ოჯახს. ეს ერთი შვილიღა ჰყავდათ. მის მშობლებს მე-10 კლასელი ბავშვი დაეღუპათ და ესღა იყო მათი იმედი. ძალიან ბეჯითი ბიჭი იყო. თბილისში სწავლობდა და არდადეგებზე იყო ჩამოსული“, - ამბობს გიგა გემაზაშვილის მეზობელი გულნაზ ციხისთავი.

მკვლელობაში ბრალდებულ კუდ-ის თანამშრომელს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს ცნობით, დავით ჩოთალიშვილს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველის სსკ-ის 19-109-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ჩვენ მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლებთან გასაუბრებას შევეცადეთ, თუმცა მათ კომენტარი არ გააკეთეს. ოჯახის წევრები კი მკვლელობის შემდეგ თელავის რაიონში მდებარე საცხოვრებელ სახლში აღარ იმყოფებიან.

მკვლელობის გამოძიებას გარდაცვლილთა ოჯახის წევრები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სთხოვენ. დამნაშავის დასჯა მოითხოვა სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია ბუღაძემაც: „გიგა გემაზაშვილი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სტუდენტი, უნიჭიერესი ახალგაზრდა იყო. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ დღეს გიგა ცოცხალი აღარ არის. ამ ბიჭს ფერის საოცარი გრძნობა ჰქონდა. თან გულღია, გულმართალი ბიჭი, მრავალმხრივი ნიჭის პატრონი გახლდათ. წარმოიდგინეთ, ერთხელ რეფერატი ლექსად დაწერა ვან გოგზე. გაოგნდნენ პედაგოგები. ახლა არ იკითხავთ, თანაკურსელებს როგორ უყვარდათ?! შეიძლებოდა, არ შეგყვარებოდა მთასავით მაღალი, როხროხა კახელი ბიჭი?! რა ჩხუბი, რის ჩხუბი, ასეთი რამ მის ცხოვრებაში არ არსებობდა. სამი წელი ვუყურებდი ამ ბავშვს და ერთი შემთხვევა ჩხუბის ან აყალმაყალის ხომ უნდა გამეგო? პირიქით, ყველამ იცის, რომ ეს იყო მშვიდობის მტრედი... და ასეთი ახალგაზრდა მოკლა ვიღაც ნაძირალამ... უბედურება ის არის, რომ მკვლელი სამართალდამცველია. გესმით, ეს რას ნიშნავს? ეს ორმაგი მკვლელობაა, მან არა მარტო ახალგაზრდა კაცი მოკლა, არამედ ამ გარეწარმა საქართველოს მოუკლა ნიჭიერი ადამიანი! ათმაგად დამნაშავეა, მით უმეტეს, რომ ძალოვანია. შეიძლება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელმა ორი ტყვია ესროლოს გულში ახალგაზრდა ბიჭს და მერე საკონტროლოც დაახალოს შუბლში? ამ ნაძირალამ ბოლომდე უყურა, სანამ სისხლისგან არ დაიცალა ორივე ბიჭი. ვფიქრობ, ეს კაცი სადისტია და საშიში საზოგადოებისთვის. მე მის მთელი სიმკაცრით დასჯას მოვითხოვ“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ 21 წლის გიგა გემაზაშვილის და შოთა ბატიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული კუდ-ის თანამშრომლის დავით ჩოთალიშვილის საქმეში გამოძიება აუცილებელი მოგერიების ვერსიას ამუშავებს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საოლქო პროკურატურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, დავით ჩოთალიშვილი 26 მაისს, საპროტესტო აქციის დარბევაში აქტიურად მონაწილეობდა, რის გამოც პრემიაც მიიღო და კუდ-ის ხელმძღვანელობის მიერ ის ჯილდოზე იყო წარდგენილი.

„კუდ-ში მუშაობის პარალელურად დარბევებში მონაწილეობდა და სისასტიკით ათეულშია შესული. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბრალდების შემსუბუქების მიზნით, გამოძიება აუცილებელი მოგერიების ვერსიას ამუშავებს, თითქოს 21 წლის ბიჭები მასზე დანით თავდასხმას ცდილობდნენ და ჩოთლაშვილმა მოგერიების მიზნით ესროლა. გამოძიება თითქმის ერთი კვირაა რაც მიმდინარეობს და თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ ბიჭებს დანა არ ჰქონიათ და თავდასხმას არ ცდილობდნენ, გამომძიებელს დღემდე არ დაუკითხავს“, - აღნიშნა პროკურატურის თანამშრომელმა.

არც შსს-ში და არც პროკურატურაში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.


ახალი ამბები