კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისში ძველი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობაც გაძვირდა

19 ივლისი, 2011

თბილისში ზოგიერთი ძველი სამარშრუტო ტაქსით მგზავრობაც გაძვირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ #122, #171 და #109 სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა განუცხადეს, მგზავრობის 80 თეთრამდე გაზრდა მათ თბილისის მერიამ აიძულა. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ 80-თეთრიანი #4 სამარშრუტო ტაქსებით აღარავინ მგზავრობდა. ამიტომ მერიამ კონკურენციაში უხეში ჩარევა გადაწყვიტა.

თუმცა, მათივე განცხადებით, მგზავრების ნაწილი დღეს ისევ 50 თეთრს იხდის.
„ვერავის ვაიძულებთ 80 თეთრის გადახდას. გაზრდილი გადასახადების პირობებში მოსახლეობას მგზავრობის გაძვირებული საფასურის გადახდა უჭირს“, - აცხადებენ მძღოლები.

აღნიშნულ ხაზებზე ისევ ძველი სამარშრუტო ტაქსები მოძრაობენ. #122 „მარშუტკა“ გადასასვლელი ხიდიდან თსუ-ს მაღლივ კორპუსამდე რეისს ასრულებს, #109 - დიდი დიღმიდან კოლმეურნეობის მოედნამდე.

მგზავრობის 50-დან 80 თეთრამდე გაზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში ახალი, ყვითელი სამარშრუტო ტაქსები გამოჩნდნენ. თუმცა, მერიამ პირობა დადო, რომ მგზავრობის საფასური 80 თეთრამდე მხოლოდ ახალ „მარშუტკებზე“ მოიმატებდა.

საინტერესოა, რომ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებზე მგზავრობის ღირებულების გაზრდის მიზნით, რაიმე სახის ზეწოლის განხორციელებას უარყოფენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეონა ნიორაძემ განუცხადა, სამარშუტო ხაზების მძღოლები იძულებული არავის გაუხდია, რომ მგზავრობის ღირებულება გაეზარდათ. იგი მიიჩნევს, რომ მძღოლებმა ფასი თვითნებურად გაზარდეს, რადგან მგზავრობის ღირებულება #4 სამარშრუტო ხაზზე გაიზარდა.

„ნამდვილად ვიცი, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. გუშინ უკვე იყო საუბარი, რომ რამდენიმე სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის ღირებულება 80 თეთრი გახდა. მე ვფიქრობ, ეს მძღოლებმა თვითნებურად გააკეთეს. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ძველ სამარშრუტო ხაზებს, ჩვენ ვაკონტროლებთ მხოლოდ #4-ს, სადაც ახალი მიკროავტობუსები მოძრაობენ“, - აღნიშნა თეონა ნიორაძემ.

ნიორაძემ ასევე უარყო, რომ ფასის გაძვირება არც თბილისის მერიიდან არ მომხდარა და „მერია ნამდვილად არაფერ შუაშია“.

ასევე, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მათ მგზავრობის გაძვირებასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები