კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იძულება სატელევიზიო ეთერით!

20 ივლისი, 2011

ნათია დანელიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

მომხმარებლები თელავის საკაბელო ტელეკომპანია „გორდას“ უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. როგორც თელავის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, მას შემდეგ, რაც „გორდამ“ ტელეკომპანიების „მაესტროს“ და „კავკასიის“ ტრანსლირება შეწყვიტა, აბონენტების ნაწილი გადასახადს აღარ იხდის. საპასუხოდ, „გორდა“ეთერში აცხადებდა დავალიანების მქონე აბონენტების გვარს, სახელს და საცხოვრებელ მისამართს. ამ ინფორმაციას საკაბელო ტელევიზია მორბენალ სტრიქონშიც უშვებდა.

„რამდენიმე თვის განმავლობაში აცხადებდნენ ეთერში ჩემი ოჯახის წევრს, რომ ფული ჰქონდა გადასახდელი. გვარის და სახელის გარდა მისამართსაც ამბობდნენ. მას შემდეგ რაც დავინტერესდი, ჰქონდა თუ არა საკაბელო ტელევიზიას ამის უფლება და ვუთხარი მათ, რომ არასამთავრობოებს და ჟურნალისტებს მივმართავდი, გამოცხადება შეწყვიტეს. ამ ინფორმაციას ეთერში ახალგაზრდა გოგო ნათია ნანაშვილი გადასცემდა“, - აღნიშნა თელავის მცხოვრებმა მარინა მეტრეველმა.

საკაბელო ტელევიზია ეთერში იმ ადამიანების შესახებაც გადასცემდა ინფორმაციას, რომლებსაც „გორდასთან“ ხელშეკრულება არ ჰქონდათ გაფორმებული. არადა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, „საკაბელო ოპერატორი ვალდებულია საკუთარ აბონენტებს გაუფორმოს მომსახურების გაწევის ხელშეკრულება და უზრუნველყოს ის საჭირო ინფორმაციით.“

„ეს გრძელდებოდა თვეების მანძილზე. ჩვენთან ხელშეკრულებაც არ აქვთ გაფორმებული, მაგრამ მაინც გვაცხადებდნენ. როცა მათი მომხმარებელი გავხდით, ხელშეკრულება არ დაუდიათ, მაგრამ „მაესტროს“ და „კავკასიას“ ვუყურებდით. ეს ტელევიზიები რომ გამორთეს, გადასახადი აღარ გადავიხადეთ და ამის შემდეგ დაიწყეს პირდაპირ ეთერში გამოცხადება. მერე იძულებული გავხდი, რომ ფული გადამეხადა. არ მინდოდა, ყველას გაეგო, რომ ვალი გვქონდა. სანამ ფული არ გადავიხადე, მანამდე გვაცხადებდნენ“, - აღნიშნა ნინო გველუკაშვილმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის მარეხ მგალობლიშვილის თქმით, ტელეკომპანიამ დავალიანების მქონე აბონენტების ვინაობის საჯაროდ იდენტიფიცირებით მომხმარებლების უფლებები დაარღვია.

„ადამიანის ფინანსების, ჯანმრთელობის, გადასახადებისა და ა.შ ინფორმაცია არის  პერსონალური ინფორმაცია და არავის აქვს უფლება, საჯარო გახადოს. ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის და თუ მტკიცებულება ექნებათ, დაზარალებულ აბონენტებს შეუძლიათ საჩივრით მიმართონ კომისიას ან ჩვენ. თუ პასუხი არადამაკმაყოფილებელი იქნება, შემდეგ უკვე შეუძლიათ სასამართლოშიც იჩივლონ,“ - განაცხადა მარეხ მგალობლიშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ტელეკომპანია „გორდას“ ჟურნალისტს ნათია ნანაშვილს დაუკავშირდა. „რასაც მავალებდნენ, იმას ვკითხულობდი. ოფისმენეჯერს დაუკავშირდით“ - აღნიშნა ნანაშვილმა.

„გორდას“ ადმინისტრაციაში ამ საკითხებზე კომენტარი არ გააკეთეს.

თელავის საკაბელო ტელევიზიამ „მაესტროს“ და „კავკასიის“ გადაცემების ტრანსლირება 2010 წლის 29 სექტემბერს, ტექნიკური მიზეზების საბაბით შეწყვიტა. საკაბელო ტელეკომპანიის დირექტორმა გივი მამუკელაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრისთანავე „მაესტროს“ და „კავკასიის“ ტრანსლირებას აღადგენდა, თუმცა უშედეგოდ. 2010 წლის ნოემბერში მამუკელაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ „ტელევიზია მისია და რასაც უნდა ჩართავს და რასაც უნდა გამორთავს“. „მაესტროს“ და „კავკასიის“ ტრანსლირების შეწყვეტის შემდეგ, ასზე მეტმა აბონენტმა, პროტესტის ნიშნად, „გორდასთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა.

„გორდას“ ხელმძღვანელობა უარს ამბობს თელავის დამოუკიდებელი ტელეკომპანია „თანამგზავრის“ ტრანსლირებაზეც.

ამასთან, თელავის საკაბელო ტელევიზიამ 2010 წლის 25 - 26 ნოემბერს, როცა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ოპოზიციის საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხიც გათიშა. „გორდამ“ მეორე არხის ტრანსლირება 18 ნოემბერსაც შეწყვიტა, როცა „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ საინიციატივო ჯგუფი თელავში მხარდამჭერებს შეხვდა და „მეორე არხი“ შეხვედრის შესახებ ეთერში რეპორტაჟებს უშვებდა. აბონენტების თქმით, მეორე არხის ტრანსლირება პერიოდულად ახლაც წყდება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ საკაბელო ტელევიზიების მხრიდან მომხმარებელთა უფლებების დარღვევას ხშირად აქვს ადგილი, რის გამოც „მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანა ხდება საჭირო. თუმცა, კომისია აქცენტს „მაესტროს“ და „კავკასიის“ ტრანსლირების შეწყვეტაზე არ აკეთებს.

„ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ვლინდება სხვადასხვა სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების ფაქტები. იმის გამო, რომ საკაბელო ოპერატორები სხვადასხვა არხების რეტრანსლირებაზე არ აფორმებენ შესაბამის ხელშეკრულებებს (არ მოიპოვებენ სანებართვო წერილებს), ზარალდება მომხმარებელი, რომელიც საკაბელო ოპერატორთან ხელშეკრულებას აფორმებს მისთვის სასურველ პაკეტზე, ხოლო შემდეგ საკაბელო ოპერატორის მიერ არამართლზომიერად ტრანსლირებული არხები მომხმარებლის გაუფრთხილებლად ითიშება.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტში“ უახლოეს მომავალში შევა ცვლილებები. ცვლილებების თანახამად, ყველა საკაბელო ოპერატორს დაევალება ოფიციალური ვებ-გვერდის გახსნა, სადაც ასევე სავალდებულო წესით განთავსდება მომხმარებლებისათვის მისაწოდებელი პაკეტები, სამაუწყებლო არხებით, რომლებსაც ეს ოპერატორი სთავაზობს მომხმარებელს და ასევე, მომსახურების საფასური პაკეტების მიხედვით. საკაბელო ოპერატორებს დაევალებათ, პაკეტში ცვლილების შეტანის შემთხევაში 10 სამუშაო დღით ადრე აცნობოს მომხმარებელს,“ - აღნიშნეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

თელავის საკაბელო ტელევიზიას რაიონში დაახლოებით 5 000-მდე აბონენტი ჰყავს. ხელშეკრულების თანახმად, საკებელო ტელევიზიის დამონტაჟება აბონენტის კუთვნილ შენობაში 50 ლარი ღირს, ხოლო სააბონენტო გადასახადი თვეში 10 ლარია. ხელშეკრულების მიხედვით, საკაბელო ტელევიზია მომხმარებელს აწვდის 30 სატელევიზიო არხს. „მაესტროს“ და „კავკასიის“ ტრანსლირების შეწყვეტის შემდეგ „გორდამ“ გასართობი არხები დაამატა და საერთო ჯამში აბონენტებს 30 სატელევიზიო არხზე მეტს აწვდის.

ახალი ამბები