კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება დევნილთა იძულებით გამოსახლებას აგრძელებს

21 ივლისი, 2011

სოფო გეწაძე

თბილისში დევნილების გამოსახლების მესამე ეტაპი ტრადიციული ხმაურით და კანონდარღვევებით მიმდინარეობს. ამ დღეებში დევნილები თბილისში მდებარე 4 კომპაქტური ჩასახლებიდან: ვარკეთილის 204 ბაგა-ბაღიდან, სამღერეთის ქუჩიდან, უზნაძის 8 და ყაზბეგის 16-დან გამოასახლეს.

დევნილებმა რამდენიმე დღით ადრე (8 ივლისს) მიიღეს წერილი საცხოვრებელი ფართის დატოვების შესახებ, სადაც მითითებული იყო, რომ მათ ალტერნატიულ ფართებს კახეთისა და სამეგრელოს რეგიონის სოფლებში სთავაზობდნენ. დოკუმენტს არც ერთი სავალდებულო რეკვიზიტი არ ახლდა: არც თარიღი, არც საცხოვრებლის დატოვების ვადა და არც ხელმოწერა. საცხოვრებელი ფართების დატოვების შესახებ მეორე დოკუმენტი დევნილებმა უკვე პოლიციისგან უშუალოდ გასახლების წინა დღეს, არასამუშაო საათებში მიიღეს.

როგორც კონსერვატიული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი აღნიშნავს, 8 ივლისს მიღებული წერილი შეგნებულად არ ატარებდა დოკუმენტის სახეს, ხელმოწერა და ვადა არ იყო მითითებული, რითაც შეუძლებელი ხდებოდა მისი გასაჩივრება. მეორე შემთხვევაში კი, ეს კეთდებოდა სპეციალურად დროითი შეზღუდვის მიზნით. ჩხარტიშვილი განმარტავს, რომ დოკუმენტები შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მიერ მიღებული 747-ე ბრძანების მიხედვითაა გაცემული, რაც გასახლების თაობაზე ვადების გაუქმებას გულისხმობს. „ეს სწორედ იმისთვის კეთდება, რომ ადამიანებმა ვერ მოახერხონ სასამართლოში გასაჩივრება“, - აღნიშნავს ჩხარტიშვილი.

გამოსახლების მესამე ეტაპის შედეგად თავშესაფრის გარეშე 70-მდე ოჯახი დარჩა. მათ ნაწილს ალტერნატიული ფართები შესთავაზეს, ნაწილს კი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დახმარება უკვე მიღებული აქვს.

სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, თბილისში მდებარე 4 შენობაში დევნილები ბოლო 2 წლის მანძილზე შეიჭრნენ და თვითნებურად ცხოვრობენ. ვებ-გვერდზე, ასევე, აღნიშნულია, რომ ამ დევნილთა დიდი ნაწილი ბოლო 2 წლის განმავლობაში სწორედ სამეგრელოდანაა ჩამოსული.

„ბინების საკუთრებაში გადაცემის პარალელურად, სამინისტრო დევნილებს ადგილზეც ეხმარება. ურიგებს მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ეხმარება მათ დამუშავებაში და ასევე არსებობს სპეციალური პროექტები, რომელიც მათ ხელს უწყობს საკუთარი შემოსავალი ჰქონდეთ“, - აღნიშნულია სამინისტროს ვებ-გვერდზე.   

მიუხედავად ამისა, დევნილები მთავრობის შეთავაზებებზე უარს აცხადებენ. მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, თბილისში უკვე არსებული სამუშაო ადგილებია. რეგიონებში კი სამუშაო და ოჯახის შენახვის საშუალება არ არსებობს.

„დევნილებს ასეთნაირი არჩევანიც მისცეს - ან სამუშაო ან საცხოვრებელი სოფლად, კორპუსის ბინებში ან ყოფილ ფერმებში. თუ დათანხმდებიან იმ ფერმებში ცხოვრებას, ამ შემთხვევაში, კარგავენ სამუშაოს, რომელიც უკვე აქვთ თბილისში. ხოლო თუ არ მიიღებენ შეთავაზებას, ამ შემთხვევაში, უწევთ თავი შეაფარონ ნათესავებს, ან ქირით გავიდნენ საკუთარი სახსრებით“, - აღნიშნავს ჩხარტიშვილი.

დევნილთა გამოსახლების დეტალებზე არანაირი ინფორმაცია არაა მოცემული სამინისტროს ვებ-გვერდზე. ამ ფაქტებზე humanrights.ge-სთან საუბრობს ჩხარტიშვილი და აღნიშნავს, რომ დევნილებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებასთან ერთად სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც ჰქონდა ადგილი. მისი ინფორმაციით, დევნილებისა და პოლიციის შეფარდება 1:5 იყო.

სხვა უბნებთან შედარებით, ვარკეთილის II მიკრორაიონში მდებარე #204-ე ბაგა-ბაღში  მცოვრებმა დევნილებმა პროტესტი ყველაზე მწვავედ გამოხატეს. მას შემდეგ, რაც პოლიციამ დევნილებს გამოსახლების შესახებ ფურცელი ჩააბარა, ქალბატონებმა და ბავშვებმა ჩაკეტეს შენობა, ხელში სანთლები და ხატები დაიკავეს. ისინი ლოცულობდნენ და ითხოვდნენ, რომ მათ არ შეხებოდნენ ფიზიკურად და მათი გამოსახლება არ მომხდარიყო. შენობა რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის ალყაში იყო მოქცეული, შემდეგ კი პოლიციამ პირდაპირ ფიზიკური შტურმი მიიტანა იმ კარზე, სადაც ბავშვები იდგნენ მჭიდროდ. პოლიციელებმა კარი ელექტრო ხერხით გადაჭრეს, რითაც საფრთხეში ჩააგდეს იქ მყოფი ბავშვებისა და ქალების ჯანმრთელობა. იყო არაერთი შემთხვევა, როცა ადამიანები ცუდად ხდებოდნენ ფსიქოლოგიური სტრესისა და ფიზიკური ტრამვებისაგან.

აღნიშნულ შენობაში სულ 17 ოჯახი ცხოვრობდა. როგორც მათ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მთავრობა ალტერნატიულ ფართს არ სთავაზობს და ქუჩაში უშვებს. შენობის გარშემო გამოკრული იყო საპროტესტო პლაკატები: „ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია“ „ნუ გაგვყრით დევნილებს ქუჩაში“ „ვინ გაგვცემს პასუხს?“ „სამჯერ გადასახლებას სჯობს ერთხელ დაიწვა“.

გამოსახლებისას დევნილების გვერდით იმყოფებოდა კოალიცია „დევნილი სამოქალაქო საზოგადოებისათვის“ წარმომადგენლები. კოალიციის წევრმა, რამაზ გერლიანმა განაცხადა, რომ დევნილების გამოსახლება-გადასახლების პროცესი უსამართლოა, რადგან მათ საცხოვრებელ ფართებს სთავაზობენ დასავლეთ საქართველოში, სადაც არანაირი საარსებო წყარო არ არსებობს.

გამოსახლების ფაქტებს, ტრადიციულად, მწვავე შეფასება მოჰყვა ოპოზიციაში. როგორც კონსერვატიულ პარტიაში აღნიშნავენ, ხელისუფლებას ორი მთავარი მოტივი ამოძრავებს: ერთი - მიითვისოს მილიონობით ლარი, რომელიც დევნილების დამხარებისთვის გამოყოფილი და მეორე - პოლიტიკური მოტივი: სურს, რომ თბილისი დევნილების გარეშე დატოვოს. ისინი წარმოადგენენ პოტენციურ საფრთხეს ხელისუფლებისათვის, რადგან ხელისუფლება აღარ აპირებს მათთვის არანაირი გარანტიების შექმნას.

მასობრივ გამოსახლებებამდე თბილისში 90 000-მდე დევნილი ცხოვრობდა, მათგან 5% უკვე გადასახლებულია, დარჩენილის ნახევარი კერძო სექტორში ცხოვრობს, ნახევარი კი თბილისში არსებულ 350 საერთო ჩასახლებაში.

ახალი ამბები