კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის პროკურორი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა

22 ივლისი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

კახეთის საოლქო პროკურორი თამაზ ცაბუტაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებულებას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი 4 ივლისს მოაწერა. თამაზ ცაბუტაშვილმა ჯონი ხეცურიანის ადგილი დაიკავა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 6 ივლისს გაუვიდა.

ჯონი ხეცურიანი 1951 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული (1973 წ.) და ეკონომიკის (1988 წ.) ფაკულტეტები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა (1976 წ.). 1976-1989 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, ლაბორატორიის ხელმძღვანელად, სახელმწიფოსა და სამართლის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილედ. 1982 წელს მიენიჭა საკავშირო ახალგაზრდული პრემიის ლაურეატის წოდება მეცნიერების დარგში. 1977 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1994 წელს - სადოქტორო დისერტაცია. 1994 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 2001 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ - კორესპონდენტად. 1990–1992 და 1999–2000 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 1995–1999 და 2000–2001 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად. 2001 წლის 6 ივლისს  საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, 2001–2006 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის 6 წიგნი სამოქალაქო, კონსტიტუციური და სისხლის სამართლის პრობლემებზე. პირველი წერილი სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ 1979 წელს დაბეჭდა. აქტიურად მონაწილეობდა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა ჯარების მიერ მშვიდობიანი მიტინგის აღკვეთისას მომხდარი ტრაგედიის გამოძიებაში. არის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის (1991 წ.), საქართველოს კონსტიტუციის (1995 წ.), სამოქალაქო კოდექსის  (1997 წ.), კონსტიტუციური შეთანხმების (2002წ.), პროექტების ერთ - ერთი ავტორი.

თამაზ ცაბუტაშვილმა 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2004 წლიდან დღემდე არის კახეთის საოლქო პროკურორი. მანამდე, 2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე  ზედამხედველობის სამმართველოს, შსს ორგანოებში კორუფციის, ნარკოდანაშაულის და ადმინისტრაციულ პოლიციაში მოკვლევის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორად; 1996 – 2003 წლებში იყო ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების პროკურორი; 1995 – 1996 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის გენერალური  პროკურორის საგამოძიებო აპარატის კრიმინალისტური განყოფილების პროკურორ-კრიმინალისტად; 1994 – 1995 წლებში საქართველოს გენერალური პროკურორის საგამოძიებო აპარატის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად;

1993 – 1994 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლად;  1993 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა თბილისის სარაიონთაშორისო პროკურატურის უფროს გამომძიებლად; 1981 წლიდან 1993 წლამდე მუშაობდა თბილისის პროკურატურაში ტრანსპორტზე კანონიერების შესრულებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორად; გარდაბნის რაიონის საქსოფდამზადების სარაიონთაშორისო გაერთიანების მუშად.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 1996 წელს შეიქმნა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხებზე; იხილავს რეფერენდუმის, ასევე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ დავას; საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების კონსტიტუციურობის საკითხს; იძლევა დასკვნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის საკითხზე; იხილავს საერთო სასამართლოს წარდგინებას. წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანება, როდესაც კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც მან უნდა გამოიყენოს ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ.

საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია იხილავს: დავას სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის შესახებ; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის შესახებ; დავას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ; ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის (საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი) საკითხებთან მიმართებით; საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 5 ივლისს შეიცვალა ადგილმდებარეობა და თბილისიდან ბათუმში გადავიდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისგან - საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრისაგან შედგება. სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს ირჩევს პარლამენტი სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით, სამ წევრს ნიშნავს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა 10 წელია.

ახალი ამბები