კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეჩერდეს სატყეო რეფორმა - გადავარჩინოთ საკუთარი თავი, ერთმანეთი და ჩვენი მომავალი

25 ივლისი, 2011

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინიციატივით, სოციალურ ქსელებში გავრცელდა სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა, რომელიც ეხება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კომენტარს ტყეების 49–წლიანი იჯარით გაცემის შესახებ. ამ მიმართვას გთავაზობთ უცვლელად:

„ბოლო დღეებში საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კომენტარი ტყეების 49–წლიანი იჯარის შესახებ. ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, ტყეებს გრძელვადიანი (49–წლიანი) იჯარით გასცემენ. ხეთაგურის განცხადებით, პირველი გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულება მიმდინარე თვის ბოლოს მზად იქნება, ხოლო აუქციონი აგვისტოს შუა რიცხვებში ჩატარდება.

„გაიჯარდება 1 მლნ 800 ათასი ჰექტარი ტყის მასივი“, - აცხადებს მინისტრი. ეს საქართველოს სატყეო ფონდის 100%-ია და მასში შედის უკვე გაჩეხილი, მეორადი, ეროზირებული, ასევე ხელშეუხებელი (ქალწულებრივი), უნიკალური, რელიქტური, მაღალი კონსერვაციული ღირებულების, მაღალი მთის, დახრილი ფერდობების, ნიადაგდაცვითი, წყალმარეგულირებელი, რეკრეაციული, სათემო მნიშვნელობის, მოკლედ, ყველანაირი ტყეები, რაც ყოველგვარი წინასწარი შეფასების (ინვენტარიზაციის), რისკების ანალიზის, საზოგადოებისა და მოსახლეობის ინფორმირების გარეშე უნდა „გაიჯარდეს“.

შედეგად, 2011-2012 წლებში შეივსება სახელმწიფო ბიუჯეტი და აშენდება რამდენიმე შუშის შენობა, უახლოეს პერსპექტივაში კი საქართველოს აღარ ექნება ტყეები და გაორმაგდება ბუნებრივი კატასტროფების მასშტაბი, რისგან მიყენებული ზარალიც, ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად უკვე საშუალოდ 150 მლნ აშშ დოლარია, პიკურ შემთხვებში კი - გაცილებით მეტი. ეს ზარალი ბიუჯეტს თითქმის არ ეხება, რადგან სახელმწიფო სტიქიების შედეგების მხოლოდ 1,4 %-ის აღმოფხვრას ახერხებს, დანარჩენ 98,6 %-ს კი ტვირთად რეგიონების მოსახლეობას უტოვებს. ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიის თითქმის მესამედს სრულიად საიდუმლოდ ასხვისებს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან ერთად ისე მომზადდა, რომ არათუ საზოგადოება, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესაც არაფერი გაუგია. თვეზე მეტია, რეგიონებში მოგზაურობს და გამგებლებს „სატყეო რეფორმისთვის“ ამზადებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ბოლო დღეებამდე მედიაში ერთი სიტყვა რომ არ დასცდენია იმ რესურსის გასხვისების შესახებ, რაზეც ჩვენი ისედაც დაცარიელებული რეგიონების მოსახლეობის დიდი ნაწილია მიბმული.

შესაბამისად, ცენტრალურ მედიაში ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა და საზოგადოებამაც მთელი ამ რეფორმის შესახებ მხოლოდ commersant.ge-დან შეიტყო. ამასობაში გადაწყვეტილებაც მიღებულია და შესაბამისი კანონიც, საიჯარო ხელშეკრულებაც მზადაა და აგვისტოს შუა რიცხვებში აუქციონიც ჩატარდება. გასაგებია - რატომ აგვისტოში და რატომ - „მკვდარ სეზონზე“. არადა, 2009 წლის გაზაფხულზე ეკონომიკური განვითარების ყოფილი და გარემოს დაცვის მოქმედი მინისტრები ტყეების გასხვისების პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოებასთან შეთანხმდნენ, რომ პროცესი მანამდე არ გაგრძელდებოდა, ვიდრე არ აღმოიფხვრებოდა მისი ნაკლოვანებები და სერიოზული ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური რისკები, რაც ამ ნაკლოვან პროცესს ახასიათებდა. კერძოდ, პროცესის განახლებამდე უნდა მომხდარიყო სატყეო პოლიტიკის, სტრატეგიის შემუშავება, ტყეების ინვენტარიზაცია და კატეგორიზაცია - კლასიფიკაცია. გარემოს დაცვის სამინისტრომ ხედვაც კი წარმოადგინა, რომელიც ხელისუფლების დღევანდელი მოქმედებებს არანაირად არ ემთხვევა, მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ სამინისტროში უკვე მიმდინარეობდა სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის მომზადების პროცესი და ისიც, რომ სამინისტროს ინვენტარიზაციისთვის უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ჰქონდა დახარჯული.  საზოგადოებამ ტყეების ხელაღებით ათვისების წინაპირობად აღიქვა 2011 წელს გამოცხადებული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რესტრუქტურიზაციის პროცესი, რასაც შედეგად მოჰყვა სატყეო სექტორის ენერგეტიკის სამინისტროსათვის გადაცემა. თუმცა, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ საჯარო განხილვაზე მთელი 3 საათი ისაუბრა, რომ რეფორმას სახელმწიფო გარემოსდაცვითი ფუნქციების დაკნინებასთან საერთო არაფერი ჰქონდა.

როგორც ირკვევა, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ სულ რაღაც ერთი თვის წინათაც იცრუა და განცხადა, რომ ტყეების გასხვისების პროცესის განახლება არც კი განიხილებოდა სატყეო პოლიტიკისა და სხვა აუცილებელი საბაზისო დოკუმენტების მომზადების გარეშე.

ამ დღეებში აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ხელისუფლების ეს მოქმედება შეფასებულია, როგორც საზოგადოების იგნორირება და მისი შეცდომაში შეყვანა. ამასთან, საზოგადოების მონაწილეობის გარეშე მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისა და მისი სატელევიზიო აფიშირების პრაქტიკით საქართველოს ხელისუფლება უხეშად არღვევს საერთაშორისო კონვენციებით აღებულ ვალდებულებებს. ცალკეული ორგანიზაციები გეგმავენ სათანადო რეაგირებას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. თუმცა, შეუძლებელია, რამდენიმე ორგანიზაციის ძალისხმევა საკმარისი აღმოჩნდეს თითქმის ბოლომდე მიყვანილი პროცესის შემობრუნებისთვის, თუ საზოგადოებამ რეალურად ხმა არ ამოიღო და ხელისუფლებამდე არ მიაწვდინა“.

ახალი ამბები