კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პეტერ როჟიჩი: „ლუსტრაცია არა სამართლებრივი და მორალური, არამედ მხოლოდ პოლიტიკური გასამართლების ფორმაა“

27 ივლისი, 2011

ინტერპრესნიუსი

საქართველოს პარლამენტის მიერ 31 მაისს მიღებული „ლუსტრაციის კანონის“ მიღების მოტივაციაზე, ეფექტურობასა და ხარვეზებზე „ინტერპრესნიუსი“ ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოში ლუსტრაციის პოლიტიკისა და პრაქტიკის მკვლევარს, პეტერ როჟიჩს ესაუბრა.

პეტერ როჟიჩი: აღმოსავლეთ ევროპის 30 ქვეყნიდან „ლუსტრაციის კანონი“ მხოლოდ 12 ქვეყანაშია მიღებული. 18 ქვეყანას „ლუსტრაციის კანონი“ დღემდე არა აქვს. ლუსტრაცია სინათლესთან არის დაკავშირებული და ერთგვარი განწმენდის რიტუალს უკავშირდება, რომელსაც ამა თუ იმ ქვეყანაში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ახორციელებენ.

ლუსტრაცია ბრძოლის წინ ან ბრძოლის შემდეგ ხორციელდება ხოლმე. პოლიტიკური მნიშვნელობით ლუსტრაცია რომში, იმპერატორ ტრაიანის ეპოქაში იღებს სათავსეს. აღსანიშნავია, რომ იმ 12 ქვეყანაში, რომელშიც მიღებულია კანონი „ლუსტრაციის შესახებ“, ისინი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. ამ კანონების მიზანია რეჟიმების ყოფილ მსახურთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. ეს არის მცდელობა, გადახედონ წარსულს და რეჟიმის ყოფილ მსახურებს ახალ რეალობაში შეუზღუდონ ან აუკრძალონ სახელმწიფო და საზოგადოებრივი საქმიანობა.

რიგ ქვეყნებში „ლუსტრაციის კანონის“ მიღების თემაზე პარლამენტში არც უმსჯელიათ. ჩემს მშობლიურ სლოვენიაშიც არ მიუღიათ „ლუსტრაციის კანონი“. არიან ქვეყნები, სადაც პარლამენტში კენჭისყრა შედგა, მაგრამ კანონი არ მიუღიათ. რიგ ქვეყნებში კანონი მიღებულია, მაგრამ ცხოვრებაში არ გატარებულა. იმ 12 ქვეყანაში, სადაც კანონი მიღებულია, შეიძლება ვთქვათ შემდეგი – კანონი მკაცრი, საშუალოდ მკაცრი ანდაც ჩვეულებრივია. აღსანიშნავია, რომ მკაცრი კანონები იმ ქვეყნებშია მიღებული, სადაც კომუნისტური რეჟიმი საკმაოდ მკაცრი იყო.

„ლუსტრაციის კანონის“ მიღებამდე საჯარო მსჯელობა მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყნებში აღმოჩნდა შესაძლებელი. კანონი ქმედუნარიანი იმავე დემოკრატიულ ქვეყნებში აღმოჩნდა. თუმცა, ამ ტიპის ქვეყნებშიც კი „ლუსტრაციის კანონის“ შედეგები პოლიტიკური კონკურენციის დროს ხშირად გამოიყენება. ამ მხრივ გარკვეული თვალსაზრისით „ლუსტრაციის კანონი“ ანტიდემოკრატიულიც შეიძლება იყოს. იმისათვის, რომ კანონმა სრულად იმოქმედოს, აუცილებელია დემოკრატიულობის გარკვეული დონე.

რუსეთმა „ლუსტრაციის კანონი“ 1991 წელს ვერ მიიღო. იმ პერიოდის რუსეთი უფრო დემოკრატიული იყო, ვიდრე დღეს საქართველოა, მაგრამ საქართველომ „ლუსტრაციის კანონი“ 2011 წელს მიიღო, რუსეთს კი იგი დღემდე არა აქვს მიღებული. 90-იან წლებში რუსეთში „ლუსტრაციის კანონის“ მიღებაზე ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ ამ კანონის მიღება ვერ მოხერხდა. რუსეთში „ლუსტრაციის კანონზე“ აქტიურად მუშაობდა გალინა სტარავოიტოვა, მაგრამ მისი ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ ამ კანონზე პრაქტიკულად არც არავის უმუშავია. ამ კანონის მიღებაში პრეზიდენტი ელცინი იმ ადამიანებმა ვერ დაარწმუნეს, ვინაც მას ვიცე-პრემიერად ეგორ გაიდარის დანიშვნა ურჩია.

საქართველოში „ლუსტრაციის კანონის“ მიღება არ განუხორციელებია პრეზიდენტ გამსახურდიასაც, რომელიც დისიდენტი იყო და კომუნისტები არ უყვარდა. ამის მიზეზი შესაძლოა, ორი რამ ყოფილიყო - იგი თავად იყო დაკავშირებული სპეცსამსახურებთან ანდაც არ სურდა, გამოაშკარავებულიყო საბჭოთა წლებში მისი მამის სპეცსამსახურებთან სავარაუდო თანამშრომლობა.

რთული სათქმელია, კანონს შეუძლია თუ არა სამართლიანობის დამკვიდრება, მაგრამ ფაქტია, რომ მას ძლიერი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. უდავოა, რომ დემოკრატიულ პირობებში პოლიტიკური კონკურენციისას წარსულს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ „ლუსტრაციის კანონის“ ამოქმედება ქვეყანას და საზოგადოებას ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე აყენებს. ვიმეორებ, რაც უფრო დემოკრატიულია ქვეყანა „ლუსტრაციის კანონის“ ამოქმედების შემდეგ წარმოქმნილ საფრთხეებს შედარებით იოლად უმკლავდება.

„ლუსტრაციის კანონის“ მიღებისას გასათვალისწინებელია მოტივაცია და სამართლებრივი საკითხები. ამ თვალსაზრისით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრაქტიკის შესწავლა ჯერ არ დამისრულებია, მაგრამ გარკვეულ შედეგებზე საუბარი შემიძლია. გერმანიაში ლუსტრაცია ასეთი ლოზუნგით ჩატარდა - „უმჯობესია, თქვენ მოხვიდეთ ჩვენთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოვალთ თქვენთან“.

გერმანიამ ლუსტრაციის მკაცრი კანონი მიიღო და სწრაფადვე განახორციელა. ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, ვინაიდან გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში შტაზის სახელწოდებით ცნობილ სპეცსამსახურზე საკმაოდ ბევრი მოქალაქე მუშაობდა. საკმაოდ მკაცრი ლუსტრაციის კანონი მიიღეს ჩეხეთში და ასევე სწრაფ ტემპებში განხორციელდა. პოლონეთმაც „ლუსტრაციის შესახებ“ მკაცრი კანონი 1996 წელს მიიღო. ამ კანონის საბოლოოდ მიღება 2007 წელს მოხდა, მაგრამ მისი სრულად განხორციელება ჯერ არ დაწყებულა. პოლონეთში მოქალაქეს ეკითხებიან მხოლოდ იყო თუ არა რეჟიმის ნაწილი. თუ იგი ამ საკითხში იცრუებს, მკაცრად ისჯება.
სხვადასხვა ქვეყნებში კანონის მიღების აუცილებლობა სხვადასხვა მიზეზით იყო განპირობებული. ჩეხეთში „ლუსტრაციის კანონის“ მიღება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ, 10 დღეში პრაღაში გავრცელდა პროკლამაციები, რომ კომუნისტებს უნდა დაებრუნებინათ ძალაუფლება. ამან დააჩქარა კანონის მიღება. ჩეხეთში კომუნისტური პარტია არ აუკრძალავთ, ჩეხ კომუნისტებს პარლამენტში დღესაც ჰყავთ თავისი წარმომადგენლობა. კანონის მიღებისას აკრძალვა არ დაწესებულა არჩევით ორგანოებში კომუნისტთა ყოფნაზე, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები დაწესდა აღმასრულებელ ორგანოებში მათ საქმიანობაზე.

გერმანიაში კანონის განსაკუთრებული სიმკაცრით მიღება იმას დაუკავშირდა, რომ საჭირო იყო ქვეყნის დეკოლონიზაცია. საუბარია ქვეყნის გაერთიანების შემდეგ ყოფილი დემოკრატიული რესპუბლიკის დეკოლონიზაციაზე. ანუ, კანონის მიღება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

აშკარაა, რომ საქართველოში „ლუსტრაციის კანონის“ მიღება პოლიტიკურად ძალიან მოტივირებული იყო. ძალიან ცუდია, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება სუსტია და ამ კანონის მიღების ინიციატორი სამოქალაქო საზოგადოება არ ყოფილა. ძალიან ცუდია ისიც, რომ კანონის მიღებამდე „ლუსტრაციის კანონზე“ და მის კონკრეტულ მუხლებზე მსჯელობა საზოგადოებაში საჯარო მსჯელობა არ გამართულა. 2007 წელს საქართველოში კანონის მიღება ვერ მოხერხდა, მაგრამ ახლა, როცა რუსეთიდან საფრთხის თვალსაზრისით პრაქტიკულად ისეთივე ვითარებაა, როგორც 2007 წელს, 2011 წელს კანონის მიღება შესაძლებელი გახდა.

2007 წელს საქართველოში „ლუსტრაციის კანონის“ მიღების ერთ-ერთმა ინიციატორმა მითხრა, რომ დეპუტატმა თორთლაძემ, რომლის ინიციატივითაც წელს იქნა მიღებული კანონი, სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ის კანონი, რაც თავად 2007 წელს ჰქონდა შემუშავებული. ჩემი აზრით, 2011 წელს „ლუსტრაციის კანონის“ მიღებას რამდენიმე ახსნა შეიძლება ჰქონდეს. შესაძლოა, ხელისუფლებას ამ ნაბიჯით ანტირუსული ქმედების განხორციელება სურდა ან ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მხარი დაეჭირა ოპოზიციის ინიციატივისათვის. შესაძლოა, იყოს უფრო სერიოზული ახსნაც - იმის გამო, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები რუსეთთან დაკავშირებული აღმოჩნდნენ, შსს-მ მოითხოვა „ლუსტრაციის კანონის“ მიღება. თუ მანამდე დეპუტატთა ნაწილი კანონის მიღებაზე თავს იკავებდა, 26 მაისის მოვლენების შემდეგ თავის შეკავება და წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედა.

ამრიგად, ჩემი აზრით, საქართველოში „ლუსტრაციის კანონის“ მიღება შიდა და გარე საფრთხეებით იყო მოტივირებული. არავინ დავობს, რომ რუსეთი საფრთხეა, მაგრამ ვიტყოდი, რომ საქართველო რუსეთით ზედმეტადაც არის შეშფოთებული. ის ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ საბჭოთა სპეცსამსახურთან, საქართველოში ძალაუფლებას ვერ დაიბრუნებენ. მიუხედავად ამისა, ისინი დღესაც ამ სტრუქტურებთან დაკავშირებულ ადამიანებად აღიქმებიან.

კითხვაზე, თუ რატომ მიება საქართველოში „ლუსტრაციის კანონს“ ანტიტერორისტული კონტექსტი? პეტერ როჟიჩის აზრი ასეთია - „ხელისუფლება შიშობს, რომ მარტო ლუსტრაცია საკმარისი არ იქნებოდა. „ლუსტრაციის კანონის“ ამოქმედების შემთხვევაში ლუსტრაცია არა სამართლებრივი და მორალური, არამედ მხოლოდ პოლიტიკური გასამართლების ფორმაა“.

ახალი ამბები