კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპროცესო გარიგების სტატისტიკა

28 ივლისი, 2011

დავით შალიკაშვილი, ინტერპრესნიუსი

საპროცესო შეთანხმების პრაქტიკა, რომელიც დაკავებულებთან ხელისუფლების ურთიერთობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პროცედურად იქცა, 2004 წელს დაინერგა ქართულ სამართლებრივ სივრცეში.

„ადამიანურად სულისშემძვრელია ჩემთვის, როდესაც ვუყურებ სიმართლისათვის მებრძოლ ჟურნალისტს გიორგი აბდალაძეს, რომელიც მზად იყო, თუნდაც სიცოცხლის ფასად საკუთარი და პროფესიის ღირსება დაეცვა და რამდენიმე დღეში, როგორ სცადა სახელმწიფო მანქანამ კრიმინალური მეთოდებით მორალურად გაეტეხა იგი. მე თუ არ ვილაპარაკებ ამ უკანონობაზე, ამით მოძალადე რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედების თანამონაწილე ვხდები. იმავე როლში აღმოჩნდება ყველა იურისტი, რომელიც ხელს მოაწერს უკანონო გარიგებას. ნუ დამალავთ სიმართლეს. ამით თქვენ გადაარჩენთ ფოტოკორესპოდენტებს ჯაშუშობის ცრუ განაჩენისგან და ამით გადაარჩენთ პროფესიულ ღირსებას“, - ეს გახლავთ ციტატა გიორგი აბდალაძის უკვე ყოფილი ადვოკატის ეკა ბესელიას მიმართვიდან.

ეკა ბესელია ჯერ აღნიშნავდა, რომ აბდალაძემ საპროცესო შეთანხმებაზე თხოვნის განცხადება ზეწოლის შედეგად დაწერა. მანამდე აბდალაძემ დამატებითი ჩვენება მისცა, რომელშიც მის მიერ აღიარებით ჩვენებაში დაშვებული უზუსტობები „გაასწორა“.

გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი და საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა მეორე ბრალდებულმა ზურაბ ქურციკიძემაც, რომლის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი თავად ჩამოშორდა საქმეს. ანდრიაშვილმა ქურციკიძესთან პირველივე შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მასზე ფიზიკური ზეწოლა ხორციელდებოდა, რაც თავად ქურციკიძემაც დაადასტურა, რომელიც მაშინ ბრალს არ აღიარებდა.

საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა ირაკლი გედენიძემაც.

საპროცესო შეთანხმება ეს არის „შეთანხმება პროკურორსა და დაცვის მხარეს შორის. თუ ბრალდებული ბრალს აღიარებს, სასჯელი შეუმსუბუქდება და მის მიმართ დანაშაულისთვის ნაკლებ მკაცრი სანქცია იქნება გამოყენებული“.

პროკურორი ასახელებს ფულად კომპენსაციასაც, რომელიც დამნაშავე მხარემ უნდა გადაიხადოს. პროკურორსა და დაცვის მხარეს შორის შეთანხმება წერილობით ფორმდება და დასამტკიცებლად სასამართლოს წარედგინება. სასამართლო შეთანხმების ტექსტს განიხილავს და თანხმდება ან უარს ამბობს მის დამტკიცებაზე. მოსამართლე ასევე უნდა დარწმუნდეს, რომ შეთანხმება ნებაყოფლობით, დაშინების, მოტყუებისა და ძალადობის გარეშე ფორმდება. მოსამართლე უნდა დარწმუნდეს იმაშიც, რომ ბრალდებულმა კვალიფიციური იურიდიული დახმარება მიიღო და იცის თუ არა, რომ შეთანხმების საფუძველზე უარს ამბობს სამართლიანი სასამართლოს გამართვის უფლებაზე.

საქართველოში მომხდარ დანაშაულისა და ბრალდებულებთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების სტატისტიკა ასეთია:

2005 წელს მოხდა 7 358 დანაშაული, გაფორმდა 932 შეთანხმება.

2006 წელს მოხდა 13 602 დანაშაული, გაფორმდა 3 791 შეთანხმება.

2007 წელს მოხდა17 526 დანაშაული, გაფორმდა 8 432 შეთანხმება.

2008 წელს მოსდა 17 639 დანაშაული, გაფორმდა 9 207 შეთანხმება.

2009 წელს იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით მოხდა 9 459 დანაშაული, გაფორმდა 5 380 შეფანხმება. 2008 წელს მხოლოდ რვა თვის განმავლობაში საპროცესო შეთანხმებებით ხაზინაში შევიდა 32 760 994 ლარი, ხოლო 2010 წელს საპროცესო შეთანხმებებმა სახელმწიფო ბიუჯეტი 112 795 907 ლარით შეავსო.

ეს გახლავთ საპროცესო შეთანხმებებისა და მის საფუძველზე ბიუჯეტში გადარიცხული თანხების ის სტატისტიკა, რაზეც დღეისთვის ხელი მიგვიწვდება. აქ არ არის ბოლო ორი წლის სრული მონაცემები. თუმცა, ვფიქრობთ, რომ გარკვეული დასკვნების გამოსატანად ესეც საკმარისია. მითუმეტეს, რომ უკანასკნელ ხანებში ამ მხრივ არსებითად არაფერი შეცვლილა.

არაპროფესიონალისთვისაც კი ადვილი იქნება იმის მიხვედრა, რომ ეს, ერთი შეხედვით, ჰუმანური სამართლებრივი პროცედურა თავის ჰუმანურ შინაარს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ მართლმსაჯულების სისტემის ყველა რგოლი გამართულად მუშაობს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო "სუსტია", ხოლო პროკურატურა "ძლიერი", სულ ადვილად შეიძლება ხელისუფლების მხრიდან ბიუჯეტის შევსების ეფექტურ ხერხად გადაიქცეს, ასევე არასასურველი პიროვნებებისა და ოპონენტების აბსურდული ბრალდებების საფუძველზე ანგარიშსწორების საშუალებად - განსასჯელი ხომ თავად ამბობს სამართლიან სასამართლოზე უარს.

სწორედ ამ ანგარიშსწორებას ეჭვობდა საზოგადოება, როდესაც ხელისუფლებამ ჯერ გრიფი "საიდუმლო" დაადო ფოტორეპორტიორების საქმეს, შემდეგ კი თვითაღიარებები და მათი მხრიდან საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა გამოაქვეყნა.
ეს ეჭვები დაადასტურა საქმის ირგვლივ დატრიალებულმა ბოლო მოვლენებმა.

უკვე თითქმის გადაწყვეტილად შეიძლება იმის თქმა, რომ შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ასეთი რიხით დაპირებული სასამართლო პროცესი, სადაც ფოტორეპორტიორთა ბრალეულობის დამამტკიცებელი საბუთები იქნებოდა წარმოდგენილი და რომლის შემდეგაც ჟურნალისტებს ბოდიშის მოხდაც მოუწევდათ, აღარ შედგება. დაკავებულთა ბრალეულობის დამადასტურებელი ახალი მტკიცებულებების გამოქვეყნებას, რომლებაც დამატებითი ეჭვები აღძრა, მთავარი პროკურატურის განცხადება მოჰყვა.

პროკურატურა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. როგორც გაირკვა, გარიგებაზე ხელისმომწერი ადვოკატებიც მოინახა.

მოკლედ, დანაშაულებათა და საპროცესო შეთანხმებათა სტატისტიკას კიდევ ერთი ბუნდოვანი და გამოუძიებელი საქმე დაემატა.

ორიგინალი

ახალი ამბები