კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები საქართველოში

29 ივლისი, 2011

შორენა ლათათია,თბილისის "ადამიანის უფლებათა სახლი "

წამება, სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი როგორც საერთაშორისო, ასევე ქართული კანონმდებლობით აბსოლიტურად აკრძალულია, თუმცა არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა ჩვენს ქვეყანაში მაინც პრობლემას წარმოადგენს. უფლებადამცველთა თქმით,  სახეზეა დაუსჯელობის სინდრომი, რაც არაეფექტურ გამოძიებაში გამოიხატება. ასეთ ვითარებას ხაზს უსვამს როგორც წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 2010 წლის საქართველოში ვიზიტის ანგარიში, ასევე სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშები, მათ შორის, 2010 წლის ანგარიში.

უფლებადამცველთა თქმით, ზემოაღნიშნულის მიზეზი, ერთი მხრივ, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლების არაობიექტური და მიკერძოებული დამოკიდებულება, ხოლო, მეორე მხრივ, თავად საკანონმდებლო ნაკლოვანებებია, რომელიც კიდევ უფრო უწყობს ხელს არაეფექტურ გამოძიებასა და დაუჯელობას.

„ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2003-2004 წლებში, შეინიშნებოდა არასათანადო მოპყრობის ფაქტების მკვეთრი ზრდა, თუმცა  2005 წლიდან, სასჯელაღსრულების სისტემაში რეფორმა დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ საგრძნობლად შემცირდა არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ამის მიუხედავად, პრობლემა დღემდე არ  აღმოფხვრილა, ვინაიდან არ არსებობს პოლიტიკური ნება, რათა დამნაშავეები დაისაჯონ“, - განაცხადა, უჩა ნანუაშვილმა, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი.

„ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კოდექსის (სსსკ) მიხედვით, დაზარალებული სისხლის სამართალწარმოების მხარეს აღარ წარმოადგენს, იგი სასამრთლოში გამოდის როგორც მოწმე. არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული დღევანდელი ვითარება, ერთის მხრივ, დაუსჯელობის მზარდი ტენდენცია და, მეორეს მხრივ, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება - ებრძოლოს მას, სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, რათა საკანონმდებლო დონეზე გააძლიეროს დაუსჯელობასთან ბრძოლა. ამ მხრივ კი, განსაკუთრებულ რეჟიმში დაზარალებულს უნდა მიენიჭოს დამატებითი უფლებები არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივართან დაკავშირებით“,- განაცხადა ჩვენთან საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ეკა ხუციშვილმა.

სახალხო დამცველის 2010  წლის  ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ხშირი იყო დაკავების პროცესში პოლიციის თანამშრომლების მიერ საჭიროებისთვის აშკარად შეუსაბამო ძალის გამოყენებისა და შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები.  ამასთან, პოლიციის მიერ ძალის გამოყენება ხდება როგორც დაკავებისას,  ისე დაკავებული პირების პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევები უმეტესწილად დაფიქსირდა დასავლეთ საქართველოში.

კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება გამოწვეულია აუცილებლობით, პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, დაასაბუთოს, თუ რამ გამოიწვია ფიზიკური იძულების გამოყენების აუცილებლობა, ამასთან, გამოყენებული ძალა აუცილებლად პროპორციული უნდა იყოს.

სახალხო  დამცველის აპარატის  მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად,  2010  წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული იყო 21603  პირი,  მათ შორის, სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებული 13009; ადმინისტრაციული პატიმრობაშეფარდებული – 2839;  ადმინისტრაციული წესით დაკავებული – 7684;  19 - არასრულწლოვანი გოგო და 437 - არასრულწლოვანი ბიჭი.2010  წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ პირთაგან 856–მა დაკავებულმა პირმა განაცხადა პრეტენზია დაკავების დროს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე, თვით დაზიანება კი მიიყენა 85–მა დაკავებულმა.

ამასთან, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2011 წელს პატიმართა რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, 2 586-ით გაიზარდა. კერძოდ, 2011 წლის 1 ივნისის მონაცემებით, საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში 23 968 ადამიანია განთავსებული. აქედან 22 597 მამაკაცი; 1162 ქალი; 94 უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი;  209 არასრულწლოვანი და 368 უცხო ქვეყნის მოქალაქე. 2011 წლის მაისის მონაცემებით კი, პირობით მსჯავრდებულ პირთა საერთო რაოდენობა 35 152-ს შეადგენს. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე სამართალდამცავების მხრიდან 26 მაისის აქციის დაშლისას არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე საუბრობს. „აბსოლუტურად ყველა მოწმე ადასტურებს, რომ პოლიციამ ღამის 12 საათისთვის და მანამდე ადრეც გადაკეტა ყველა გზა და ქუჩა, რომელიც აქციის მონაწილეებსა და სხვა პირებს აძლევდა პარლამენტის შენობის მიმდინარე ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობას. ეუთოს მიერ გამოცემული მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, აქციის მონაწილეებს პოლიციის ჩარევამდე უნდა მიეცეთ გონივრული ვადა და უსაფრთხო გასასვლელი. ამასთან, პოლიციამ მათ უნდა მიუთითონ გასასსვლელის შესახებ და აცნობოთ, რომ, თუ არ დაიშლებიან, ისინი შეიძლება დაექვემდებარონ დაკავებას. 26 მაისს კი აქციის მონაწილეებს გონივრული ვადა არ მისცემიათ და შესაბამისად გაფრთხილება ატარებდა ფორმალურ ხასიათს. ამასთან, დაკავებულ ადამიანთა მიმართ მოხდა ძალის გამოყენება“, - განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

2011 წლის 15 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სახალხო დამცველს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლაში მონაწილე 16 პოლიციელი დისციპლინური წესით დაისაჯნენ. მათ მიმართ გამოყენებული იქნა სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მათ შორის, 4 შემთხვევაში, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.

წამების საწინააღმდეგო კონვენცია საქართველოს ავალდებულებს, გამოიძიოს წამების ყველა ფაქტი, პასუხისმგებლობაში მისცენ და დასაჯონ დამნაშავეები, გადაუხადონ კომპენსაცია მსხვერპლს, ანუ მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა დაუსჯელობასთან საბრძოლველად. 

გამოძიება, მათ შორის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება,  პროკურატურის პრეროგატივას წარმოადგენს.  ამ სფეროში მომუშავე იურისტები აღნიშნავენ, რომ ერთ–ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებასთან,   მათი არასწორი კვალიფიკაციაა – ხშირად გამოძიება იწყება არა წამების ან და მამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის მუხლით, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით,  რაც სამოხელეო დანაშაულს წარმოადგენს და გაცილებით უფრო მსუბუქ სანქციას ითვალისწინებს.

„საქართველოში ისევ პრობლემად რჩება არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტური გამოძიება,  რაც ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და ყველაზე მეტად უშლის ხელს პრობლემის აღმოფხვრას. დაუსჯელობამ უკვე მიიღო სისტემური ხასიათი, რამაც შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს ის მიღწევები რომელიც ქვეყანას, სხვა მიმართულებით  აქვს.“ განაცხადა ნათია იმნაძემ, სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. 

„ერთ-ერთი პატიმარი (ი.მ.), რომლის ინტერესებსაც ვიცავ ფსიქიკურად დაავადებულია და რუსთავის N17 საპყრობილეში ჩვეულებრივ პატიმრებთან ერთად იხდის სასჯელს. მან საპყრობილეში სამჯერ სცადა თვითმკვლელობა, გამუდმებით ესმის ხმები და დაუყოვნებლივ გადაყვანას საჭიროებს, თუმცა მისი გადაყვანა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არ ხდება,“ - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ნინო ანდრიაშვილმა.

კიდევ, ერთი საქმე, რომელიც არაადეკვატურ ფსიქიატრიულ მკურნალობას ეხება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშია გასაჩივრებილი.

 უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ გარკვეული გამონაკლისების გარდა, როგოც წესი პატიმრები არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ღიად საუბარს ერიდებიან. “ზოგ შემთხვევაში, ისინი ელოდებიან საპროცესო შეთანხმებას, ან  კიდევ პროკურატურის მხრიდან უფრო ლმობიერ მოპყრობას და მიაჩნიათ, რომ მსგავსი ფაქტების გახმაურებით საქმეს გაირთულებენ. ამიტომაც ისინი ხშირად პრობლემის წერილობით დაფიქსირებისაგან თავს იკავებენ. თავად დაზიანებები კი აშკარად მიუთითებს არასათანადო მოპყრობას”, - განაცხადა ნათია იმნაძემ, სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.

მისი თქმით, ასევე არასწორი პრაქტიკაა, როცა დაზარალებულის საჩივრის გარეშე გამოძიება არ იწყება, მიუხედავად პატიმრის დაზიანებების ხარისხისა.

ფსიქოლოგი ლელა ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ 21-ე საუკუნეში წამება შეიძლება ისეთი მეთოდებით განხორციელდეს, რომ ადამიანის სხეულზე რაიმე განსაკუთრებული კვალი არც დატოვოს.

„წამება ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა მასზე რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - ჩვენს სხეულზე.  არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები, როგორც წესი არიან ღირსებააყრილები, გაბრაზებულები, რომ მათზე მსგავსი ქმედება განხორციელდა და აქვთ საოცარი უსამართლობის განცდა. ამასთან, არიან ძალიან შეშინებულები. დასჯის ერთი პრეცედენტი მაინც რომ შეიქმნას, ეს მსხვერპლებს გააძლიერებს“, - განაცხადა ლელა ცისკარიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ თითოეული ადამიანის უფლება - არ დაექვემდებაროს წამებას, აღიარებულია როგორც აბსოლუტური უფლება და მასში ჩარევა არ შეიძლება გამართლდეს თუნდაც ყველა მაღალ საფეხურზე მდგომი საზოგადოებრივი  აუცილებლობით და ფორს მაჟორული სიტუაციით.

ახალი ამბები