კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კერძო საკუთრების ნგრევა იუსტიციის სახლის მშენებლობისთვის

29 ივლისი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

გურჯაანში, „პაპას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, იუსტიციის სახლის მშენებლობისთვის კერძო მესაკუთრეს ანნა ზაკალაშვილ - მთივლიშვილს ქონებას ართმევენ. მესაკუთრეს შენობა გუშინ დაუნგრიეს, ვიდრე ის კახეთის გუბერნატორის და გამგებლის მოთხოვნას დააკმაყოფილებდა და საკუთრებას სახელმწიფოს აჩუქებდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ანნა ზაკალაშვილი - მთივლიშვილის სახელზე გურჯაანში, „პაპას ბაღის“ ტერიტორიაზე 90 კვმ არასასოფლო - სამეურნეო ნაკვეთი ირიცხება. ადრე ამ ტერიტორიაზე გურჯაანის საზოგადოებრივი საპირფარეშო და მაღაზიები იყო განთავსებული. ანნა ზაკალაშვილმა - მთივლიშვილმა ეს ქონება „სახალხო ბანკის“ გურჯაანის ფილიალის ყოფილი მმართველისგან ნოდარ ზაკალაშვილისგან მიიღო. ანნა ზაკალაშვილი ნოდარ ზაკალაშვილის დაა.

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ნოდარ ზაკალაშვილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით, 2009 წლის თებერვალში დააკავეს. დაკავების შემდეგ ზაკალაშვილი „სახალხო ბანკის“ ფილიალის მმართველის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 2010 წელს ზაკალაშვილმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, ჯარიმის სახით, ბიუჯეტში 12 ათასი ლარი გადაიხადა და 6 წლით თავისუფლების პირობითი აღკვეთა შეეფარდა.

დაზუსტებული ინფორმაციით, ნოდარ ზაკალაშვილს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შოთა უტიაშვილმა რამდენჯერმე დაურეკა და მოსთხოვა, მისმა დამ, „პაპას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ნაკვეთი სახელმწიფოს აჩუქოს. მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში ზაკალაშვილს დაპირდნენ, რომ პირობით მსჯავრს მოუხსნიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საქმეს ახლიდან აღძრავენ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემენ. ანნა ზაკალაშვილი - მთივლიშვილი ნაკვეთის გასხვისებაზე თანახმაა, თუმცა სახელმწიფოსგან მინიმალურ თანხას, 20 ათას ლარს ითხოვს. თავდაპირველად გამგებელი და გუბერნატორი ამ თანხის გადახდაზე თანხმობას ამბობდნენ, თუმცა მოგვიანებით, თანხის გადახდაზე უარი თქვეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი შოთა უტიაშვილი კერძო მესაკუთრეზე ზეწოლას უარყოფს.

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა იოსავამ ჩვენთან საუბარში, ორი დღის წინ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კერძო პირებისთვის საკუთრების ჩამორთმევის საკითხი არ განიხილებოდა და ამის აუცილებლობა არ იდგა.

„გურჯაანში იუსტიციის სახლის მშენებლობა იგეგმება, თუმცა ჯერ არ დაწყებულა. სავარაუდოდ, შენობა იქნება თანამედროვე სტანდარტების, ადგილობრივი არქიტექტურის სპეციფიკის გათვალისწინებით შექმნილი პროექტი, რომელიც აშენდება ქალაქის ცენტრში. ამ დროისთვის განიხილება „პაპას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორია, რადგან ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც მოქალაქეები ადვილად შეძლებენ მისვლას, თან გურჯაანს ლამაზი არქიტექტურული ნაგებობა შეემატება, რომელიც დაგვერწმუნეთ ყველა გურჯაანელისთვის საამაყო და სასურველ ადგილად იქცევა“, - აღნიშნა იოსავამ.

28 ივლისს, ანნა ზაკალაშვილი - მთივლიშვილის შენობა დაანგრიეს. შენობის ნგრევის პროცესს გამგეობის თანამშრომლები აკვირდებოდნენ, პროცესს კი გურჯაანის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თამაზ აბრამიშვილი ხელმძღვანელობდა. გუშინვე, „პაპას ბაღის“ ტერიტორიაზე მრავალწლიანი ნაძვები გაჩეხეს.

იუსტიციის სახლებს იუსტიციის სამინისტრო აშენებს. იუსტიციის სახლის მიზანი მოქალაქეებისთვის ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების უზრუნველყოფისათვის სერვისების ერთ სივრცეში გაერთიანებაა.

ახალი ამბები