კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფოტორეპორტიორთა საქმე

1 აგვისტო, 2011

შორენა ლათათია,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ოთხი ფოტოკორესპონდენტი თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 ივლისს სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლა. აღიარებითი ჩვენების საფუძველზე, პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა. სასამართლომ ისინი ჯაშუშებად სცნო და სასჯელის სახით ზურაბ ქურციკიძეს  3-წლიანი, ნათია გედენიძეს 1,6-წლიანი, გიორგი აბდალაძესა და ირაკლი გედენიძეს კი 4-წლიანი, პირობითი მსჯავრი შეუფარდა. 

სამოქალაქო პროტესტი

„ფოტოგრაფების საქმემ“ უპრეცედენტოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია, რადგანაც მისი შედეგები და მიმდინარეობა პირდაპირ აისახება საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების პერსპექტივებზე. ჩატარდა არაერთი საპროტესტო აქცია თბილისსა  და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ასევე უკრაინასა  და მოსკოვში. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებს საქმისთვის აეხსნათ გრიფი „საიდუმლო“ და გამოძიების პროცსი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართულიყო.  ამ მიზნით, საქმეში საქართველოში არსებული დიპლომატიური კორპუსიც ჩაერთო. 

საპროტესტო აქციების ფონზე, ცხარე პროტესტი გრძელდებოდა სოციალურ ქსელებში. Facebook-ში შეიქმა ღია ჯგუფი სახელწოდებით „ქართველ შპიონთა კავშირი“„, რომელიც დაახლოებით 200-მდე ადამიანს აერთიანებდა. Facebook-ის არაერთმა მომხმარებელმა პროტესტის ნიშნად ფოტოაპარატგადახაზული ავატარი დაიყენა, სლოგანით - no picture, no democracy.

საზოგადოების ნაწილმა ფოტორეპორტიორების გათავისუფლება მათი მხრიდან გამოხატული აქტიური პროტესტის შედეგად მიღწეულ გამარჯვებად მიიჩნია.  

„ძალიან მაგარია შედეგის შეგრძნება, უფრო და უფრო მემატება ძალა - ბედნიერი ვარ, რომ ვარ ჟურნალისტი!! ჩვენი კოლეგების თავისუფლებისთვის ასეთი ერთსულოვანი ბრძოლა იყოს სიმბოლო სხვა უკანონო პატიმრების თავისუფებისთვის ბრძოლის, არ შევჩერდეთ!!!! ჩვენ ბევრ ადამიანს ვჭირდებით ძალიან..“ , - წერს ერთ-ერთი Facebook მომხმარებელი გჯუფში „ქართველ შპიონთა კავშირი“.

ფოტოგრაფთა საქმე

მიუხედავად „საიდუმლო“ გრიფისა, „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ „ფოტოგრაფების საქმეში“ არსებულ მტკიცებულებათა ნაწილი გამოაქვეყნა. კერძოდ, ფოტოკორესპოდენტთა აღიარებითი ჩვენებები, ასევე მათი სამუშაო ოთახისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები და სატელეფონო ჩანაწერები.

გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბრებში ზურაბ ქურციკიძე გედენიძესა და აბდალაძისთვის ფულის გადარიცხვის მიზნით საბანკო რეკვიზიტებს სთხოვს, რაც ცალსახად დარღვევას არ წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ ფოტოგრაფთა საქმიანობა მოითხოვს ამას, ვინაიდან ისინი ხშირად ყიდულობენ სტრინგერებისგან ფოტოებს. 

 რაც შეეხება ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მასალებს, უნდა აღინიშნოს, რომ მოწმეთა თქმით, ფოტორეპორტიორთა ნივთების ამოღებისას არ მომხდარა მათი დალუქვა, რაც ეჭვქვეშ აყენებს მათ სანდოობას. შესაბამისად, გაუგებარია, მართლა ფლობდნენ თუ არა ფოტორეპორტიორები უცხოური დიპლომატებისა და ქართველი მაღალჩინოსნების შეხვედრების  სტენოგრამული ჩანაწერებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დამლაგებელთა და შპს "სახელმწიფო უზრუნველყოფის" მუშების სრული სიას, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივ ღონისძიებათა მუდმივმოქმედ გეგმებს. როგორც ზურაბ ქურციკიძის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი თავის არაერთ ინტერვიუში ამტკიცებდა, საქმეში არსებულ მასალებსა და დაკავებულ ფოტორეპორტიორებს შორის კავშირი არ დგინდება.

მეორე მხრივ, გაუგებარია, რატომ მიიჩნევს პროკურატურა პრეზიდენტის მარშრუტს საიდუმლო ინფორმაციად, მითუმეტეს, თუ ფოტოჟურნალისტებს აღნიშნული ინფორმაცია თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად მუდმივად სჭირდებათ და თავად პრეს-ცენტრისგან მიეწოდებათ.  ასევე გაუგებარია, რის რატომ არის გაეროსა და ეუთოში მომუშავე  საქართველოს მოქალაქეების სია საიდუმლო.

 რაც შეეხება სატელეფონო ჩანაწერებს, მთავარი პროკურატურა ასევე ადგენს, რომ  ფოტორეპორტიორებს კავშირი ჰქონდათ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტოს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლებთან. თუმცა, აღსანიშნავია, არ არსებობს სტენოგრაფიული ჩანაწერი, ხოლო მაგთის ნომერი, რომლიდანაც პროკურატურის მტკიცებით, 2004 წელს ქურციკიძე სინიცინთან და ოკროკოვთან რეკავდა, ეკუთვნოდა ქ. გორის მცხოვრებ, 1938 წელს დაბადებულ მედეა ჩანგალაძეს და მხოლოდ 2006 წლიდან არის აღნიშნული ნომერი ქურციკიძის მფლობელობაში. ასევე, აღსანიშნავია, რომ "პალიტრა TV"-" გადაამოწმა მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო ნომრები, რომლებიც სამართალდამცველების ვერსიით, გრუ-ს თანამშრომლებს სინიცინსა და ოკროკოვს ეკუთვნოდა. აღნიშნულ სატელეფონო ნომერებს ამჟამად ვინმე არჩილი და მოქალაქე ალექსანდრე ჩიხლაძე პასუხობს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს ნომრები უკვე დიდი ხანია მათ ეკუთვნით.

საზოგადოების ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსაც, რომ აღარაფერი ვთქვათ აღიარებით ჩვენებებზე, რომელიც, მათი აზრით, ფიზიკური თუ ფსიქიკური ზეწოლის შედეგია. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით დუმილს ამჯობინებენ თავად ფოტოკორესპოდენტები. 

„ზურაბ ქურციკიძეს და გიორგი აბდალაძეს პირადად ვიცნობ. განსაკუთრებით ძალიან ახლოს ვიცნობ ქურციკიძეს - გაზეთ „რეზონანსში“ და „ახალ ვერსიაში“ 8 წელი ერთად ვმუშაობდით. დარწმუნებული ვარ, იგი ისევეა ჯაშუში, როგორც მე. ამიტომაც ამ საქმემ პირდაპირი დასკვნების საშუალება მომცა. მივხვდი, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თანდათან მოახდინა ხელისუფლების უზურპირება და დღესდღეობით მსგავს ოდიოზურ გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ პირის დაჭერასთან დაკავშირებით ხშირად პირადად ის იღებს. ასევე ცხადია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი თვითონ არის დამნაშავე, როცა ასეთ ფალსიფიცირებულ საქმეებს კერავს და ადამიანებს მოგონილი ბრალდებებით იჭერს. იმედია, დადგება დრო, როცა მას და მისი ბრძანებების შემსრულებლებს ამ დანაშაულებისთვის პასუხი პირდაპირ მოეთხოვებათ“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის რედაქტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა.

„შედეგით ნაწილობრივ ვარ კმაყოფილი. პირველ რიგში მიხარია, რომ ეს ადამიანიები დღეს თავისუფალნი არიან, თუმცა, ცუდია, რომ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და საბოლოოდ ვერც საზოგადოებამ გაიგო საქმის ნამდვილი არსი. მტკიცებულებები, რომელიც მთავარმა პროკურატურამ გამოქვეყნდა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“, - განაცხადა სახლთან საუბრისას გაზეთ რეზონანსის მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა.

„პიროვნულად ახლოს, არცერთ დაკავებულ ფოტორეპორტიორებს არ ვიცნობდი, თუმცა სრულიად გულწრფელად მჯერა რომ გამოძიებას არ ჰქონდა ბრალდებისათვის მყარი არგუმენტები. დარწმუნებული ვარ, რომ არა საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების გამოხმაურება, მათ ციხეში ჩასვამდნენ. არა მგონია, სასამართლოს იმის ობიექტური შეფასება დაეწყო რამდენად მყარი ან სუსტი არგუმენტები ჰქონდა ბრალდების მხარეს. მეორეს მხრივ, ის, რაც მივიღეთ, არის ძალიან პარადოქსული, იმიტომ რომ რეალურად მათ ვერ დაუმტკიცეს ბრალდება და საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს, თუმცა ბრალი მაინც აღიარებინეს,“ - განაცხადა, მედიაექსპერტმა ია ანთაძემ.

თავად ფოტოგრაფები სამომავლო გეგმებზე ღიად არ საუბრობენ, თუმცა გიორგი აბდალაძე კვირის პალიტრისთვის მიუცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ:  „ჩემი, როგორც რეპორტიორის კარიერა ცუდად, მაგრამ დამთავრდა. შეიძლება გადავიღო დაბადების დღეები, ქორწილები. აბა, წარმოგიდგენიათ, მე პოლიტიკური პრესკონფერენციები ან მიტინგები როგორ უნდა გავაშუქო?“

ფოტორეპორტიორთა საქმე და თვითცენზურა

ფოტორეპორტიორების დაპატიმრება ერთგვარი წყალგამყოფი აღმოჩნდა ადამიანის უფლებათა ცენტრის რედაქტორ ალეკო ცქიტიშვილისთვისაც, როგორც ჟურნალისტისთვის, როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის და როგორც მოქალაქისთვის ან თუნდაც, როგორც ამომრჩევლისთვის.

„15 წელია, აქტიურ ჟურნალისტიკაში ვარ, და ამ ხნის განმავლობაში ხშირად მიფიქრია იმ რისკებზე, რაც ამ პროფესიას ახლავს. რისკიან თემებზე, მძაფრ ჟურნალისტურ გამოძიებებზე მიმუშავია და ისეთ გაზეთსაც ვარედაქტორობდი, სადაც წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლების უკანონობებზე თვალს არ ვხუჭავდით. შემოუთვლიათ მუქარები. შესაბამისად, რისკებზე ფიქრი ძალაუნებურად მიწევდა. თუმცა, აქ მთავარი არჩევანია - ან ირჩევ, რომ ხარ ჟურნალისტი და უკან არ იხევ, ან თავს ანებებ ამ საქმიანობას. არის კიდევ მესამე გზა, რასაც ზოგიერთი ჩემი კოლეგა ადგას, როცა უსამართლო რეჟიმის პირობებში იწყებ ლავირებას - რაღაცაზე თვალს ხუჭავ, პირში წყალს იგუბებ, პოზიცია არა გაქვს, ბოლოს კი კონფორმისტი ხდები და პოზას იჭერ, რომ რაც ხდება, ის შენს მიღმაა, „სხვა თემაა“-, განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) რედაქტორს გიორგი კუპატაძეს მიაჩნია, რომ ფოპტორეპორტიორების დაკავებამ შეიძლება საშიში პრეცედენტი შექმნას.

“პრაქტიკამ აჩვენა, რომ მსგავსი შემთხვევებისგან არავინაა დაზღვეული.  ფოტორეპორტიორების დაკავებამ ჟურნალისტები დააფიქრა, რომ დაუცველები არ არიან და, ბუნებრივია, მომავალში ბევრი მათგანი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს, ვიდრე აქამდე იჩენდა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ფაქტის შემდეგ ზოგიერთ ჟურნალისტში თვითცენზურაც გაიზარდოს, რაც ძალიან ცუდია“,- განაცხადა, გიორგი კუპატაძემ.

„ნებისმიერი მსგავსი ფაქტი გარკვეულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის რისკს, რომ ჟურნალისტებს გაუჩნდებათ შიში, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ამ პრობლემას გადავლახავთ და ჟურნალისტები საკუთარ თავს ცენზურას არ დაუწესებენ“, - გვითხრა ლაშა ტუღუშმა, გაზეთ რეზონანსის მთავრმა რედაქტორმა.

 „როგორც იცით, ფოტორეპორტიორებს ბრალი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდების გამო წაუყენს. ანუ გამოდის, რომ ჩვენ გვევალება ვიცოდეთ, რომელი სააგენტო რომელი ქვეყნის საფარ ქვეშ მოქმედებს?! ამ ყველაფრის მერე, ზუსტად ვიცი, რომ  თუ რომელიმე უცხოურმა სააგენტომ შემომთავაზა თანამშრომლობა აუცილებლად უარს ვიტყვი“,- განაცხადა ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა ია ანთაძემ.

საკონსტიტუციო საჩივარი

ფოტოკორესპოდენტების დაკავების შემდგომ საზოგადოების განსჯის საგნად იქცა თავად სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლიც, რომლიც ჯაშუშობის სამართლებრივ დეფინიციას იძლევა.

მედია სამართლის სპეციალისტმა სანდრო ბარამიძემ, კონსტიტუციონალისტმა  ვახტანგ ხმალაძემ და გაზეთ „რეზონანსის" რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი მოამზადეს, რომელიც ჯაშუშობის ბრალდების განმსაზღვრელი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის  არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

სარჩელის ავტორების განცხადებით, ხსენებულ მუხლში მოცემული ზოგიერთი „ბუნდოვანი" ტერმინი და  განმარტება ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. საკონსტიტუციო სარჩელის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ბუნდოვანია ტერმინები - „სხვა ინფორმაცია“ და „უცხოური ორგანიზაცია“, რომელიც „შეიძლება იყოს კერძო ან არასამთავრობო ორგანიზაცია“ 

„სამწუხაროდ, ჯაშუშობის მუხლში მოცემული ზოგიერთი ტერმინი ბუნდოვანია და სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ბუნებრივია, როცა კანონში მსგავსი ხარვეზია, ხელისუფლებას აქვს იმის ლეგალუირი საშუალება, რომ დასაჯოს ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც იმას გააკეთებს, რაც ხელისუფლებას არ აწყობს,“ - განაცხადა ია ანთაძემ.

„სარჩელი ამ ეტაპზე მზადდება და ჩვენ უახლოეს მომავალში შევიტანთ მას საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენი მიზანია, საზოგადოებაში დაწყოს ფართო დისკუსია, რათა ყველამ გაიგოს თუ რასთან გვაქვს საქმე“,- აცხადებს ლაშა ტუღუში.


1  314-ე მუხლის თანახმად, „უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე".

ახალი ამბები