კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი მსჯავრდებულის სხეულის დაზიანების ფაქტის შესწავლას ითხოვს

3 აგვისტო, 2011

გელა მთივლიშვილი

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, დაიწყოს გამოძიება მსჯავრდებულ ახმედ აბილოვის სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით. ომბუდსმენი ითხოვს, უმოკლეს დროში ჩატარდეს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა მსჯავრდებულის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმომავლობის და ხანდაზმულობის დასადგენად.

ქუთაისის N2 დაწესებულებაში განთავსებულმა მსჯავრდებულმა ახმედ აბილოვმა სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით 2011 წლის 28 ივლისს მიმართა.

განმცხადებლის განმარტებით, 2011 წლის 25 ივლისს, იგი გაიყვანეს დაწესებულების „D“ კორპუსის მე-3 სართულზე განლაგებულ სამორიგეო ნაწილში, სადაც დაწესებულების თანამშრომლებმა ვინმე ანზორიმ და ირაკლიმ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულს წინ უძღოდა პატიმრის მხრიდან სუფთა ჰაერზე გასეირნების მოთხოვნა და უარის მიღების შემდგომ შიმშილობის დაწყების სურვილის გაცხადება.

მსჯავრდებულის თქმით, დაწესებულების თანამშრომლები ასევე შეეხნენ მის ეთნიკურ წარმომავლობასაც და ეთნიკურ ნიადაგზე მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ იგი გადაიყვანეს ამავე დაწესებულების საკნის ტიპის სადგომში, სადაც დაადეს ხელბორკილები და რეჟიმის უფროსი გაგა ლიპარტელიანი და კიდევ ერთი თანამშრომელი (რომლის სახელი და გვარიც არ იცის) აიძულებდნენ დაჩოქებას, რაზეც მსჯავრდებულმა უარი განაცხადა. მისი გადმოცემით, იგი კვლავ ცემეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ კი გადაიყვანეს დაწესებულების ე.წ. ბოქსში (F102), შიშველი და ხელებზე ბორკილებდადებული, სადაც გააჩერეს დაახლოებით 2 საათი. შემდეგ მასთან კვლავ მივიდა რეჟიმის უფროსი და მისთვის უცნობი თანამშრომელი და უთხრეს, რომ საკანში დააბრუნებდნენ.

მსჯავრდებულის გადმოცემით, მას საკანში დაეწყო თავის ტკივილები, გულისრევის შეგრძნება. აღნიშნულის გამო, მან მოითხოვა ექიმთან შეხვედრა, რაზეც მიიღო უარი.
 
2011 წლის 27 ივლისს სახალხო დამცველის რწმუნებულები შევხვდნენ და გაესაუბრნენ D-312 საკანში განთავსებულ პატიმრებს.

პატიმრების თქმით, მათი თანასაკნელი ახმედ აბილოვი 2011 წლის 25 ივლისს დაწესებულების თანამშრომლებმა საკნიდან გაიყვანეს და ცემეს. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, აჰმედ აბილოვის თანასაკნელები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ა.აბილოვი  25 ივლისს, დაახლოებით 11 საათზე, დაწესებულების თანამშრომლებმა გაიყვანეს საკნიდან და დაახლოებით 15 საათზე შეიყვანეს ნაცემ მდგომარეობაში.

სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ ვიზუალური დათვალიერებისას მსჯავრდებულ ახმედ აბილოვს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები: ზურგის არეში დაახლოებით 10–15 სმ–ის სამი სისხლნაჟღენთი, გულმკერდის და კისრის მიდამოებში მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ექსკორაციები, ორივე ფეხის მუხლზე ფუფხით დაფარული ნაჭდევები, ორივე ხელის მაჯაზე ჰიპერემია, ნაჭდევი და შეშუპება თავის არეში.

სახალხო დამცველმა ასევე რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს ახმედ აბილოვის გადაყვანა სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ასევე, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება.

სახალხო დამცველისადმი გაგზავნილ განცხადებაში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული განცხადების შემდეგ შესაძლებელია, მას  დაემუქროს საფრთხე დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან.

ახმედ აბილოვის ცემის ფაქტზე არც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში და არც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში კომენტარს არ აკეთებენ.

ახალი ამბები