კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო: ფოტოგრაფთა ჯაშუშობის საქმის პლუსები და მინუსები

3 აგვისტო, 2011

eurasianet.org

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია ფოტოგრაფების/ჯაშუშობის საქმის უეცარი დასასრულის გამო დარტყმას იღებს. ბევრ ჟურნალისტს საქმეში ფაქტების ნაკლებობის განცდა აქვს, ხოლო უცხოელი მოკავშირეები, კერძოდ კი შეერთებული შტატები, როგორც ამბობენ დაღალა ქართული მთავრობის ფიქსაციამ რუსების ჯაშუშობაზე

22 ივლისს საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს სამი ფოტოგრაფი, რომლებიც სკანდალთან დაკავშირებით იყვნენ დაპატიმრებულები – ირაკლი გედენიძე, სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი, გიორგი აბდალაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს შტატგარეშე ფოტოგრაფი და ზურაბ ქურციკიძე, European Pressphoto Agency-ის ფოტოგრაფი. გედენიძის ცოლმა ნათიამ, რომელიც გაზეთის ფოტოკორესპონდენტად მუშაობდა და რომელიც თანამონაწილეობაში იყო დადანაშაულებული, თავისი საქმეც ასევე საპროცესო გარიგებით დახურა. ეს ოთხი ფოტოგრაფი 7 ივლისს დააპატიმრეს.

ჯაშუშობის ამ საქმის ნაჩქარევმა დასასრულმა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა. სასამართლოს გარეთ ფოტოგრაფებს არაერთგვაროვნად შეხვდნენ, ზოგიერთი მხარდაჭერით, ზოგიერთი ცივად და ზოგიც თავშეკავებულად. ეს განსხვავება ასახავდა იმ გამყოფ ხაზებს, რომლებიც აშორებს სხვადასხვა მედია-საშუალებას საქართველოში.

ჟურნალისტები, რომელთა პოზიცია მტკიცედ ანტისამთავრობოა და რომლებიც არასდროს ეთანხმებოდნენ გედენიძის, აბდალაძისა და ქურციკიძის ბრალეულობის იდეას, გათავისუფლებულ სამეულს პატივით შეეგებნენ. აბდალაძის ერთ-ერთმა ყოფილმა მედია-დამქირავებელმა მას სამსახურში უკან დარუნებაც კი შესთავაზა.

ზოგიერთმა ჟურნალისტმა ასეთი დამოკიდებულება პოლიტიკურ მიკერძოებულობას მიაწერა. „ფოტოგრაფებმა თავისუფლება და მოკრძალებული სასჯელი გამოძიებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ მიიღეს“, – განაცხადა დავით პაიჭაძემ, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის დეკანმა და მთავრობისადმი კეთილგანწყობილი საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის თოქ-შოუს წამყვანმა, - „ისინი ციხეში აღარავის სჭირდება… მათი რეპუტაცია სერიოზულად შეილახა და მიმაჩნია, რომ ისინი ამას იმსახურებდნენ“.

აბდალაძემ კი საგაზეთო ინტერვიუში მწარედ აღნიშნა, რომ მისი ერთადერთი არჩევანი ახლა ქორწილებისა და დაბადების დღეების გადაღებაა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა მისი სამსახურში დაბრუნების ნებისმიერ შესაძლებლობაზე.

ამასობაში კი ჟურნალისტები, რომლებსაც ქართულ ჟურნალისტიკაში ზომიერი პოზიცია უკავიათ ამბობენ, რომ ამბის არსებითი მხარის დეფიციტმა აღაშფოთა. „კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც პირადი შეხედულებები და არა უტყუარი ფაქტები აყალიბებენ მედია-დისკურსს“, – განაცხადა ყოველკვირეული ჟურნალ „ლიბერალის“ ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ – „ჩვენ აღმოვჩნდით ვითარებაში, როდესაც ერთმა მხარემ წინასწარვე დაიჯერა (ფოტოგრაფების) უდანაშაულობა, მთავრობის მხარდამჭერები მათ ბრალეულობაში არიან დარწმუნებულები, ხოლო ჩვენ, ისინი ვისაც დასკვნის გასაკეთებლად უტყუარი ფაქტები გვჭირდება, არაფერი შეგვრჩა ხელში“.

ფოტოგრაფებმა საპროცესო გარიგების ფარგლებში თანხმობა განაცხადეს იმაზე, რომ არ ილაპარაკებენ საქმეზე. პროკურატურის მიერ გავრცელებული დოკუმენტები ძალიანაა რედაქტირებული და საზოგადოებას მხოლოდ ისღა დარჩენია თავი იმტვრიოს გავრცელებულ ხმებზე და არადამაჯერებელი სამხილების ფრაგმენტებზე.

„მთავრობამ საკმაოდ უპასუხისმგებლოდ, მხოლოდ ერთი არჩევანი დაგვიტოვა – გამოვიცნოთ, თუ რა მოხდა რეალურად, რაც უაზრობაა“, – ამბობს კაკაბაძე და მას ასეთი კითხვა უჩნდება – იქნებ ის ფაქტი, რომ დანაპირები ღია პროცესი არ ჩატარდა, ერთ რამეს ნიშნავს: „ბრალდებას არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები“.

გარდა გედენიძის, აბდალაძის და ქურციკიძის აღიარებითი ჩვენებებისა, ფოტოგრაფების წინააღმდეგ წარმოდგენილი სამხილები შეიცავდა პრეზიდენტის რეზიდენციის პროექტს, პრეზიდენტის მარშრუტებს და უმაღლესი რანგის შეხვედრების პროტოკოლებს, რომლებიც ფოტოგრაფების კომპიუტერებში აღმოაჩინეს.

ნაწილი რეპორტიორებისა, ისინი ვინც ამ დაპატიმრებების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას აცხადებენ, რომ გამოძიების საბაბი 26 მაისს თბილისში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი სასტიკი შეტაკების ფოტოსურათები გახდა. მთავრობის ორი თანამშრომლის, გედენიძისა და აბდალაძის მიერ გადაღებული დარბევის სურათები საერთაშორისო სააგენტოებმა იყიდეს. მთავრობის წარმომადგენლები ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და მათ ”სამთავრობო მოხელეების” მიერ ”სახელმწიფო საიდუმლოებების” მიტაცების ფაქტის ”უპასუხისმგებლო” დამახინჯებას უწოდებენ.

ბოკერია უარყოფს იმ განცხადებებსაც, რომელთა თანახმად აღიარება ზეწოლის მეშვეობით იქნა მოპოვებული; განცხადებები გაკეთდა ადვოკატების თანდასწრებით და გამეორებულ იქნა ღია მოსმენებზე, განაცხადა მან.

ქართულმა კონტრდაზვერვამ კავშირი პოტოგრაფებსა და რუსულ სამხედრო დაზვერვას შორის მაშინ აღმოაჩინა, როდესაც იმ ორი რუსი სამხედრო ოფიცრის სატელეფონო ზარების კვალს გაჰყვა, რომელთაც საქართველო ჯაშუშობისთვის ეძებდა. გამოქვეყნდა სატელეფონო ჩანაწერები, რომლებიც ამ ორი ოფიცრისა და ქურციკიძის კონტაქტების ნიმუშს წარმოადგენდა.

მაგრამ ეჭვები მტკიცებულებებთან დაკავშირებით რჩება, ნაწილობრივ იმის გამოც, რომ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადეს საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ფაქტების გამოქვეყნებაზე. ერთი-ერთი სატელეფონო ნომერი, რომელიც თითქოს რუს სამხედროს ეკუთვნოდა, თბილისელ პენსიონერს აღმოაჩნდა, ის კი აცხადებს, რომ არც ქურციკიძესთან, არც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არაფერი აკავშირებს.

შინაგან საქმეთ სამინისტროს მტკიცებით, ფოტოგრაფებმა მას დამატებითი ინფორმაცია მისცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობენ სხვებიც, ვინც რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობენ. ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ ”უახლოეს მომავალში” პატიმრობაში სხვებსაც აიყვანენ.

მაგრამ კავკასიის ერთმა ცნობილმა ანალიტიკოსმა შენიშნა, რომ საქართველოს უახლოესი მოკავშირე, აშშ-ს მთავრობა დაიღალა თბილისის უწყვეტი რუსული ჯაშუშური საქმეებით. „განცხადებები, რომ მოსკოვი დევნის პრეზიდენტ სააკაშვილს და საქართველოში აფინანსებს ტერორიზმს, ვერ ჯდება ვაშინგტონის გადატვირთვის რუსულ პოლიტიკაში“, – განაცხადა თომას დე ვაალმა, კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის წამყვანმა თანამშრომელმა.

ზოგიერთი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ამბობს, რომ „საქართველომ ეს საკითხები ბევრად უფრო წყნარად უნდა დააყენოს თავისი დასავლელი მეგობრების წინაშე და არ იხმაუროს მათზე მედიაში, არ უნდა აჩვენოს ჩანაწერები და აღიარებები ნაციონალური ტელევიზიით“, – დასძინა დე ვაალმა.

საპასუხოდ ბოკერიამ განაცხადა, რომ თბილისი მიესალმება უფრო ახლო კავშირებს რუსეთსა და დასავლეთს შორის, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა – „საქართველო ვერ გაჩუმდება, თუ გრძნობს, რომ მოსკოვი პატივს არ სცემს მის სუვერენიტეტს“.

ორიგინალი

ახალი ამბები