კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზერეკიძეების ოჯახის ტრაგედია - „შეაჩერეთ სერიული მკვლელობები!“

23 აგვისტო, 2011

230 აბი სუბუტექსი სტრასბურგიდან დაბრუნებულებს „აღმოუჩინეს“

ხათუნა პაიჭაძე, „კვირის პალიტრა“

16 აგვისტოს რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში პატიმარი მამუკა ზერეკიძე გარდაიცვალა. ოჯახს მიზეზად ციხის თანამშრომლებმა დენის დარტყმა დაუსახელეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალური ვერსია ზერეკიძის გარდაცვალებაზე ჯერჯერობით არა აქვს.

ამ უწყებაში ორსიტყვიანი ჯადოსნური წინადადება აქვთ დაზეპირებული  - „მიმდინარეობს გამოძიება“ და ნებისმიერ პრობლემურ საკითხზე ამ ფრაზით პასუხობენ. ცხედარს სახესა და ყელზე დაზიანებები აშკარად აღენიშნება. ექსპერტიზა ჯერ არ დასრულებულა, ამიტომაც დასკვნის გაკეთება ნაადრევია. გამოძიების დასრულებისა და ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში. მისი აზრით, პატიმრის დენის დარტყმით გარდაცვალება არაერთ კითხვას ბადებს. საზოგადოება ეჭვობს, რომ ეს უბედური შემთხვევა არ ყოფილა.

ზერეკიძეების ოჯახის წევრებმა საუბარი არ ისურვეს. როგორც ჩანს, მამუკა ზერეკიძის მეუღლე, ლიკა ზერეკიძე ამჯერად შვილის სიცოცხლეზე ზრუნავს (საზოგადოებას კარგად ახსოვს განზრახ მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდადებული არასრულწლოვანი გიორგი ზერეკიძის გახმაურებული საქმე).

მამუკა ზერეკიძე საზოგადოებამ 2006 წლის ზაფხულში გაიცნო შვილის, გიორგი ზერეკიძის საქმის გახმაურების შემდგომ. გამოძიებამ 14 წლის გიორგი ზერეკიძეს ანგარების მიზნით მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა და ხულიგნობა დასდო ბრალად. სასამართლომ მას ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ზერეკიძეებმა საქმე სტრასბურგში გაასაჩივრეს. მოგვიანებით გიორგი ზერეკიძის მამა, მამუკა ზერეკიძე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მამუკა ზერეკიძე სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა 2010 წლის 24 მარტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას დააკავა. მის ბარგში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - 230 აბი სუბუტექსი აღმოაჩინეს. მამუკა ზერეკიძემ დანაშაული აღიარა, ტელეკამერების წინ განაცხადა, რომ 230 აბი სუბუტექსი 11.050 ევროდ პარიზში იყიდა. სატელევიზიო აღიარებაში ზერეკიძე ამტკიცებდა, სუბუტექსი შარვლის ჯიბეში მედო და თვითმფრინავის სალონში ასვლის შემდეგ გადავდე ხელჩანთაში, რომელიც თვითმფრინავიდან თბილისის აეროპორტში ჩამოვიტანეო.

ნანა კაკაბაძე, ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი: „ამ ამბავს დიდხანს ვინახავდი საიდუმლოდ, მაგრამ ამის მოთმენა შეუძლებელია. ზერეკიძის ოჯახს ამაზე ლაპარაკი არ უნდა და არ ვიცი, როგორ მიიღებს ჩემს ამ ნაბიჯს. გიორგი ზერეკიძე როცა დააპატიმრეს, ოჯახმა გადაწყვიტა, ებრძოლა. გიორგი ზერეკიძეს კონფლიქტი მოუვიდა დისტრიბუტორთან და ბრელოკის დანით გაკაწრა. დაზარალებული დაჭრილიც არ ყოფილა და ზერეკიძეს იმაზე მეტი დანაშაული ნამდვილად არ ჩაუდენია, ვიდრე გირგვლიანის მკვლელებმა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ სააკაშვილის მიერ ახალგამოცხადებული იყო ნულოვანი ტოლერანტობა. სწორედ ამ ბადეში მოჰყვა გიორგი ზერეკიძე. მას ყველაზე მძიმე მუხლი მიუყენეს და მაქსიმალური სასჯელიც მიუსაჯეს. ეს საქმე ძალიან გახმაურდა, მასში ჩაერთვნენ მთელი პოლიტიკური სპექტრი და საერთაშორისო ორგანიზაციები. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ უკან არ დაიხია და გიორგი ზერეკიძე ციხეში დარჩა, საერთაშორისო ორგანიზაციების წყალობით მხოლოდ რამდენიმე წლის ჩამოკლება მოხერხდა. 

მისმა ოჯახმა სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა სარჩელი და აქედან დაიწყო მათი უბედურება: ემუქრებოდნენ, გამოიტანეთ სტრასბურგიდან სარჩელი, თორემ გიორგი ციხიდან ვერ გამოვაო. ამ საქმეში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩართული იყო სამღვდელოებაც! სტრასბურგიდან სარჩელის გამოტანის სანაცვლოდ გიორგის გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ. ბოლოს, ოჯახში მათი ძალიან ახლობელი, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი მივიდა და უთხრა - „თქვენ ისეთ შთაბეჭდილებას ქმნით, რომ  ფულისთვის იბრძვით, არ გინდათ გიორგის ციხიდან გამოშვება. ბოლოს და ბოლოს, თქვენთვის რა არის მთავარი, გამოიტანეთ ეს საქმე და გამოუშვებენ“.

მოკლედ, ოჯახმა ვეღარ გაუძლო ზეწოლას და საქმის გამოთხოვაზე განაცხადი დაწერა. ეს აბსოლუტურად საკმარისი იყო იმისათვის, რომ ევროსასამართლოში საქმე შეწყვეტილიყო, მაგრამ ხელისუფლებას სხვა რამ ჰქონდა ჩაფიქრებული. ზერეკიძეები დაიბარეს და  უთხრეს. განაცხადის გამოთხოვა არ არის საკმარისი - თქვენ უნდა წახვიდეთ სტრასბურგში და საქმე თავად უნდა წამოიღოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ მართლაც გამოიტანეთო. ზერეკიძეები სტრასბურგში ჩაფრინდნენ. სწორედ უკან დაბრუნებულებს „აღმოუჩინეს“ 230 აბი ნარკოტიკი. ლიკა ზერეკიძეს  ხელში ეჭირა ჩანთა, სადაც დუტი-ფრიში ნაყიდი ორი სუვენირი ედო. სწორედ იმ ჩანთაში ჩაუგდეს სუბუტექსი. თბილისში ჩამოსვლამდე ორი აეროპორტი გამოიარეს და ორი ქვეყნის საზღვარი გადმოლახეს და ვერავინ შეამჩნია 230 აბი სუბუტექსი და მხოლოდ ჩვენმა სოდელებმა იპოვეს?!

მამუკა ზერეკიძემ როცა დაინახა, რომ  მის მეუღლეს ციხეში ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით უშვებდნენ, გადაწყვიტა, თავად აეღო საკუთარ თავზე დანაშაული. იგი დათანხმდა სატელევიზიო აღიარებაზეც, თითქოს ნარკოტიკი პარიზში შეიძინა. მამუკა ზერეკიძის აღიარების სანაცვლოდ ლიკა ზერეკიძე ციხეში არ გაუშვეს, თუმცა მაინც გაასამართლეს და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. ის დღემდე პრობაციონერია. მამუკა ზერეკიძემ მეუღლე ციხიდან კი იხსნა, თუმცა ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადატანისთვის უვადო პატიმრება მიუსაჯეს. ამის შემდეგ ლიკა ზერეკიძემ ყველაფერს თავი დაანება. აღარც იბრძოდა. იფიქრა, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა და აღარავის ეკონტაქტებოდა. 2010 წლის დეკემბერში გიორგი ზერეკიძე გაათავისუფლეს. მან ბოლომდე მოიხადა სასჯელი, მაგრამ ორ თვეში პროვოკაცია მოუწყვეს და ხულიგნობის ბრალდებით ისევ შეაბრუნეს ციხეში, ამჯერად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამგვარად, ზერეკიძეების ოჯახს სასტიკად გაუსწორდნენ. ხოლო მამუკა ზერეკიძე მოკლეს! ამაში დარწმუნებული ვარ.

სხვათა შორის, ციხეში გიორგი ზერეკიძემ  ეროვნული გამოცდები ჩააბარა. ალბათ, გახსოვთ, ხელისუფლებამ განაცხადა - მას, ვინც ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებდა, ციხიდან გაათავისუფლებდნენ. გიორგი ზერეკიძემ გამოცდები ჩააბარა, მოხვდა კიდეც უნივერსიტეტში, მაგრამ რატომღაც ხელისუფლების დანაპირები არ შეეხო! ამ საქმით ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია დაინტერესდა და ხელისუფლებას იმიჯი გვარიანად შეელახა. როგორც ჩანს, ამიტომაც ჩათვალეს, რომ ოჯახი, რომელმაც ასეთი „დარტყმა“ მიაყენა ხელისუფლებას, სამაგალითოდ უნდა დასჯილიყო და შური იძიეს“.

სანდო წყაროს ინფორმაციით, ზერეკიძეებს საქმის სტრასბურგში განახლება ჰქონდათ განზრახული, მაგრამ მას შემდეგ, რაც მამუკა ზერეკიძე ციხეში საეჭვო გარემოებაში დაიღუპა, ძნელი სათქმელია, რას მოიმოქმედებს ლიკა ზერეკიძე, მას ახლა შვილის სიცოცხლე აქვს გადასარჩენი.

საზოგადოებრივ დამცველ ირინა ფუტკარაძის განცხადებით, მამუკა ზერეკიძის სიკვდილის გარემოების დადგენა ადვილი არ იქნება.

ირინა ფუტკარაძე: „ვფიქრობ, ოჯახი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებისგან თავს შეიკავებს. არადა, გარდაცვლილს დაზიანებული აქვს ცხვირისა და საფეთქლის მიდამო, კისრის არეში კი ჭრილობა აქვს“.

კახა კუკავა, კონსერვატიული პარტია: „სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში პატიმრების ცემა და წამება ჩვეულებრივი ამბავია. არაოფიციალურ საუბრებში რომ ჰკითხოთ კალმახელიძესა და მერაბიშვილს, გეტყვიან, რომ ეს არის პრევენციული ცემა და ამით წესრიგს უზრუნველყოფენ! საერთაშორისო ორგანიზაციებს მკვლელობების სერიის შეჩერებას ვთხოვ და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით მამუკა ზერეკიძის გარდაცვალების საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებას მოვითხოვ“.

ეკა ბესელია, „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“: „ქართულ ციხეებში სერიული მკვლელობები ხდება. რამდენი ჩამოვთვალო?! თამაზ დადვანი, ზვიად ხალვაში, კახაბერ თედლიაშვილი (გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ამბობდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა)... სია უსასრულოდ შემიძლია გავაგრძელო. რით გარდაიცვალნენ ეს პატიმრები, ამ კითხვაზე გამოძიებას პასუხი დღემდე არ გაუცია. არადა, ყველა მათგანს სიკვდილის მიზეზად დასახელებული მდგომარეობის არაადეკვატური დაზიანებები ჰქონდა.

მამუკა ზერეკიძეს თავისა და ყელის არეში აქვს დაზიანებები. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერსია, რომელიც სასჯელაღსრულების თანამშრომლებმა ოჯახს შესთავაზეს, საეჭვოა. მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ სისხლის სამართლის წესით უნდა აგოს პასუხი იმ დანაშაულებზე, რაც ციხეებში ხდება. გარწმუნებთ, ამის დროც მალე დადგება. თუმცა, ძნელია თანამდებობრივ პასუხისმგებლობაში ჩაეტიოს ის ბრალდებები, რაც ამ უწყების ხელმძღვანელს უნდა წაეყენოს. გამომძიებლები და პროკურორები ციხეებში ღამით რომ შედიან და აღიარებით ჩვენებებს წამებითა და აკრძალული მეთოდებით იღებენ, არ იცის კალმახელიძემ? ვისი პასუხისმგებლობაა ეს, თუ არა მინისტრის? ისღა დაგვრჩენია, მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ შეაჩერონ საქართველოს ციხეებში სერიული მკვლელობები!"

შემზარავი სტატისტიკა

საქართველოს ციხეებში პატიმრების წამებისა და სიკვდილიანობის არნახული მასშტაბია. 2010 წელს 142 პატიმარი გარდაიცვალა, მათი დიდი ნაწილი 28-დან 35 წლის ასაკისა იყო. უმეტესობას სხვადასხვა სახის დაზიანებები ჰქონდა. 2011 წლის პირველ ნახევარში 38 კაცი დაიღუპა.

ახალი ამბები