კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ექიმები დირექტორის წინააღმდეგ

23 აგვისტო, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

„სახელფასო დავალიანებები; საავადმყოფოს რეანომობილი, რომელიც დირექტორმა მოადგილის მეუღლეს მიაქირავა და მკვდრები გადაჰქონდათ; დავალება, რომ თუ ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე არ არის, საავადმყოფოში არ დააწვინონ; სამკურნალო საშუალებების დეფიციტი; სადაზღვევო კომპანიებთან გარიგება და გამდიდრება“, - ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც გურჯაანის საავადმყოფოს ექიმები დირექტორს გელა ორველაშვილს უყენებენ.

ექიმები ორველაშვილს გასულ კვირას დაუპირისპირდნენ და პირველ ეტაპზე ფინანსური დოკუმენტების გასაჯაროება მოსთხოვეს. ჩვენ რამდენიმე ექიმს ვესაუბრეთ. ამ ეტაპზე მათ ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება არ ისურვეს, თუმცა აღნიშნეს, რომ უახლოეს დღეებში საინიციატივო ჯგუფის შექმნას აპირებენ, რომელიც დირექტორს თანამდებობიდან გადადგომას ოფიციალურად მოსთხოვს.

ექიმების თქმით, დაწესებულების ფინანსური საქმიანობით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხელფასები ვერ მიიღეს. ორი დღის წინ, მათ ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის სამსახურის უფროსი გურამ კერესელიძე შეხვდათ და დაპირდა, რომ ხელფასებს მიიღებენ. გუშინ ექიმებს მხოლოდ ივნისის თვის ხელფასი ჩაერიცხათ.

ექიმებს პრეტენზიები აქვთ საავადმყოფოს აფთიაქზეც, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაკეტილია და სტაციონარში მოთავსებულ ავადმყოფებს სამკურნალო საშუალებების მიტანა თავად უწევთ, მათ შორის სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულებსაც. მათივე თქმით, ორი თვის წინ, საავადმყოფოს დირექტორმა ერთ-ერთ თათბირზე გამოუცხადათ, რომ თუ დაზღვეული ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე არ იქნებოდა, ის საავადმყოფოში არ დაეწვინათ. „ამით სადაზღვევო კომპანიები თანხებს ზოგავენ. პოლიკლინიკის მომსახურება გაცილებით იაფი ღირს. ეს გვაფიქრებინებს, რომ ორველაშვილი სადაზღვევო კომპანიებთან გარიგებაში შევიდა. რამდენიმე ავადმყოფი მართლაც არ მოვათავსეთ საავადმყოფოში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა“, - აღნიშნეს ექიმებმა.

კიდევ ერთი პრეტენზია რეანომობილს უკავშირდება. საავადმყოფოს დირექტორს რეანომობილის მანქანა, რომელიც სტაციონარს საარჩევნოდ რაიონის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ნიკა კვეზერელმა აჩუქა, მოადგილის, მარინა ნაცაურის მეუღლეზე ჰქონდა გაქირავებული. ნაცაურის ქმარს „რეანომობილის“ მანქანით სამგლოვიარო ცერემონიების დროს ცხედრები გადაჰქონდა, საავადმყოფოში მიყვანილ ავადმყოფებს კი რეანომობილის გამოძახება თელავიდან და თბილისიდან უხდებოდათ და მომსახურებაში გაცილებით მეტ თანხას იხდიდნენ.

ექიმების თქმით, გელა ორველაშვილი მუშაობს რაბიოლოგადაც. სანამ ის ამ თანამდებობას შეითავსებდა, მისი წინამორბედის ყოველთვიური ხელფასი 70 – 80 ლარს არ აღემატებოდა, ორველაშვილი კი 500 ლარს და მეტს იღებს.

ექიმების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელია საავადმყოფოს უჭირს და ორგანიზაციას მოგება არ ჰქონია, გელა ორველაშვილმა რამდენიმე ბინის ყიდვა მოახერხა.

ორველაშვილის მიმართ პრეტენზიები არაერთხელ გამოუთქვამთ პაციენტებსაც. კახეთის საინფორმაციო ცენტრის არქივში ამის დამადასტურებელი არაერთი მასალა ინახება.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე, საავადმყოფოდან 52 წლის ანზორ დათუკიშვილს არ უშვებდნენ. ქირურგი მიშა ზვერიაშვილი აცხადებდა, რომ ოპერაციის შემდეგ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის საავადმყოფოდან გასაწერი იყო, მაგრამ საავადმყოფოს დირექტორი გელა ორველაშვილი პაციენტისგან 1600 ლარის გადახდას ითხოვდა. ჟურნალისტებს დახმარებისთვის პაციენტის მეუღლემ მიმართა. სიუჟეტის მომზადების შემდეგ ანზორ დათუკიშვილი საავადმყოფოდან გაუშვეს.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა ერთი თვის წინ მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მძიმედ დაშავებული, უგონო მდგომარეობაში მყოფი, საშუალო ასაკის ქალბატონი შეიყვანა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი ერთ-ერთი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულის მდგომარეობა კი იმდენად მძიმე იყო, რომ რეანიმაციაში მოთავსეს. ცოტა ხანში კატასტროფის ცენტრის ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. ბრიგადის გურჯაანში ჩამოსვლის შემდეგ, გელა ორველაშვილმა დაშავებული ქალბატონის მეუღლეს უთხრა, რომ თუ ის საავადმყოფოს უკვე გაწეული მომსახურების თანხას, 324 ლარს არ გადაუხდიდა, რეანიმაცია პაციენტის თბილისში გადაყვანაზე უარს იტყოდა. ორველაშვილმა კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადას ავადმყოფის წაყვანის საშუალება მას შემდეგ მისცა, რაც საქმეში რაიონის ხელმძღვანელობა ჩაერია.

უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტად ასეთი შემთხვევა ცოტა ხნის წინაც მოხდა. კარდენახის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, რომელსაც მანქანამ დაარტყა, რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. დაშავებული მძიმე, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა კატასტროფის მედიცინის ცენტრი მანამდე არ გამოიძახეს, ვიდრე საქმეში რაიონის პირველი პირები არ ჩაერივნენ. ამ შემთხვევაშიც დაშავებულის ახლობლებისგან უკვე გაწეული მომსახურების თანხის გადახდას ითხოვდნენ, არადა დაშავებულს, პედაგოგის დაზღვევა ჰქონდა. თბილისში გადაყვანის შემდეგ პედაგოგი გარდაიცვალა.

გელა ორველაშვილი ბრალდებებს უარყოფს. „ყველაფერი ტყუილია. საავადმყოფოს აფთიაქი ყოველთვის მუშაობს. რეანომობილს რაც შეეხება, რაც თქვენ დაწერეთ, რომ მკვდრების გადასატანად იყო გაქირავებული, მოვიტანეთ და ეზოში დგას. მანქანა ამორტიზებულია მთლიანად და ვერ ვხმარობთ, აღარ ვარგა. რაბიოლოგად ვმუშაობ და თითო აცრაზე ერთი ლარი მერიცხება. ერთი ბინა გურჯაანში მაქვს, მეორე თბილისში და რაც დირექტორი ვარ, სხვა ბინა არ მიყიდია. ყველაფერი ტყუილია“, - განაცხადა ორველაშვილმა.

გელა ორველაშვილი: - რამე დაგიშავეთ?

ჟურნალისტი: - ეგ რა შეკითხვაა?

გელა ორველაშვილი: - აბა რატომ წერთ ჩემზე ასეთ რაღაცას?

ჟურნალისტი: - ექიმები გიყენებენ სხვადასხვა ბრალდებებს, თანაც არაერთი ექიმი. გაშუქება ჩვენი მოვალეობაა.

გელა ორველაშვილი: - არ მესმის რა დაგიშავეთ.

ჟურნალისტი: - ცუდია, თუ ასე ფიქრობთ და გგონიათ, რომ რამე დაგვიშავეთ და ამიტომ ვწერთ.

ჩვენი ინფორმაციით, გასულ წელს საავადმყოფოს საქმიანობით ფინანსური პოლიცია დაინტერესდა და გამოძიებაც დაიწყო, თუმცა ზუსტად ამ პერიოდში, გელა ორველაშვილმა გულზე ოპერაცია გაიკეთა და გამოძიება შეწყდა.

ახალი ამბები