კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არაადამიანური წამების ქრონიკა

24 აგვისტო, 2011

ადვოკატი მოითხოვს, დაისაჯონ ის თანამდებობის პირები, რომლებმაც პატიმარი მალხაზ არქანია აწამეს

რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა მიიღო ადვოკატ ლექსო არქანიას მიმართვა, რომელსაც თან ახლავს #8 საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი პატიმრის, მალხაზ არქანიას ახსნა-განმარტება და სხვა დოკუმენტები. მალხაზ არქანია 2011 წელს დააკავეს ენგურის ხიდთან, როცა იგი გალის რაიონიდან გადმოდიოდა.

პატიმრის ახსნა-განმარტების თანახმად, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ცდილობდნენ, მისთვის ბრალად წაეყენებინათ საქართველოს ტერიტორიაზე მოწყობილ დივერსიულ აქტებში მონაწილეობა. თუმცა, საბოლოოდ, ადამიანის უფლებების დამოუკიდებელი კომისიის ცნობით, მალხაზ არქანიას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისათვის მიუსაჯეს. პატიმრის განმარტებით, ნარკოტიკი მას დაკავებისას ჩაუდეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი უერთდება ადვოკატის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, რათა შეისწავლოს როგორც ადვოკატის მიმართვაში, ისე უშუალოდ პატიმრის ახსნა-განმარტებაში ასახული ფაქტები. ვინაიდან პროკურატურას ამ საქმის გამოძიება ჯერ კიდევ არ დაუწყია, ცენტრმა გადაწყვიტა, გამოაქვეყნოს ადვოკატ ლექსო არქანიას წერილი საჯარო განხილვისათვის. ამ დოკუმენტს საზოგადოებას სრული სახით ვთავაზობთ.

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ უჩა ნანუაშვილს ადვოკატ ლექსო არქანიას წერილი

მოგახსენებთ, რომ წარმოვადგენ და ვიცავ პატიმარ მალხაზ არქანიას ინტერესებს, რომელსაც მსჯავრი დაედო დანაშაულისათვის, რომელიც მას არ ჩაუდენია (იხ. დანართი N1). დაკავებისას მას ჩაუდეს ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი“. ხოლო ქ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2011 წლის 4 აპრილის განაჩენით, მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

2011 წლის 19 მაისს პატიმარი მალხაზ არქანია მოულოდნელად ზუგდიდის სასჯელაღსრულების N4 დაწესებულებიდან, გადმოყვანილ იქნა თბილისის  N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც სასტიკად აწამეს აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, ზუგდიდის შსს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოს მაღალჩინოსნის მეგის ქარდავასა და ამავე სამმართველოს გამომძიებელ ლაშა ყოლბაიას დავალებით და თანამონაწილეობით, რაც აღნიშნულია ახსნა-განმარტებაში (იხ. დანართი N1). მათ პატიმარ მალხაზ არქანიას, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქიკური და მორალური ტანჯვა მიაყენეს.

2011 წლის 22 ივნისს სახალხო დაცვის აპარატის წარმომადგენლისთვის მიცემული ახსნა-განმარტებით, პატიმარი მალხაზ არქანია დეტალურად აღწერს, როგორ სასტიკად აწამეს ზუგდიდის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ, ამავე სამმართველოს გამომძიებელმა ლაშა ყოლბაიამ, ს.ა.დ. საპყრობილის 8 დაწესებულების დირექტორმა ალეკო მუხაძემ და სხვა პირებმა. პატიმარი აღწერს, როგორ შეაჭამეს თავისი ხელით დაწერილი ჩვენება, რომელიც მათ არ მოეწონათ. იგი ამბობს, რომ აყურებინეს თუ როგორ აუპატიურებდა ნიღბიანი კაცი მისთვის უცნობ მამაკაც პატიმარს. მას კი აიძულებდნენ, ეყურებინა და კარგად დაემახსოვრებინა, ვინაიდან ანალოგიურად მოექცეოდნენ, თუ მათთვის სასურველ ჩვენებას არ დაწერდა. ასევე, პატიმარი ამბობს, როგორ ჩახადეს ძალის გამოყენებით შარვალი და როგორ უღებდნენ ფოტოსურათებს. ამ ფორმით ცდილობდნენ, პატიმარ მალხაზ არქანიასგან დაშინებითა და იძულებით მიეღოთ აღიარებითი ჩვენება დანაშაულზე, რომელიც მას არ ჩაუდენია.

პატიმარ მალხაზ არქანიას რამდენჯერმე ჰქონდა თვითმკვლელობის  მცდელობა. მას დღესაც ეტყობა მარცხენა ხელზე კვალი ვენების გადაჭრისა და გულის არეში ავტოკალმით ნაჩხვლეტი ჭრილობა. ასე ცდილობდა იგი თავის მოკვლას.

მალხაზ არქანიაზე დღემდე ინტენსიურად ხორციელდება ზეწოლა და არაადამიანური მოპყრობა. 2011 წლის 22 ივნისს პატიმარ მალხაზ არქანიასთან ვიზიტით იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი. სახალხო დაცვის წარმომადგენლის თქმით, იგი მთელი ოთხი საათის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმართან, რომელიც მას აძლევდა ახსნა-განმარტებას იმ საშინელებებზე, რასაც მის მიმართ ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში.

პატიმარ მალხაზ არქანიას თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლის წასვლიდან ნახევარ საათში (სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და პატიმრის ლაპარაკი ისმინებოდა) მასთან შესულან სასჯელაღსრულების  N8 დაწესებულების უფროსი ა. მუხაძე და გამომძიებელი ლაშა ყოლბაია, რომლებმაც ყველაფერი იცოდნენ იმ საუბარზე, რაც პატიმარმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს მოუყვა. პატიმრის თქმით, მას სასტიკად გაუსწორდნენ. გამომძიებლის მიერ შედგენილ ოქმზე გამომძიებელმა და ციხის უფროსმა მუქარით მოაწერინეს ხელი, სადაც დააწერინეს, რომ თითქოსდა სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში აღწერილი ფაქტები არ შეეფერებოდა სიმართლეს და მას ადვოკატმა აიძულა მიეცა მსგავსი ახსნა-განმარტება. ასევე აიძულეს და დაემუქრნენ გაუპატიურებით, თუ ის მე - მის ადვოკატს არ მომცემდა აცილებას.

2011 წლის 27 ივნისს ზეწოლის შედეგად მალხაზ არქანიას უარი ათქმევინეს, ახსნა-განმარტებაში მოყვანილ ფაქტებზე სახალხო დამცველის აპარატს განეხორციელებინა  საქმის წარმოება (იხ. დანართი N2).

2011 წლის 28 ივნისს ვიმყოფებოდი სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში პატიმრის მალხაზ არქანიას მოსანახულებლად. ციხის ადმინისტრაციამ უარი მითხრა მასთან შეხვედრაზე და მიზეზად პატიმრის ავადმყოფობა დამისახელა. კერძოდ, მათი განმარტებით, მალხაზ არქანიას დასჭირდა მცირე ქირურგიული ოპერაცია და ოპერაციის შემდგომ მას აქვს  მაღალი ტემპერატურა და არ შეუძლია გადაადგილება. ჩემს მოთხოვნაზე, გადამემოწმებინა ეს ინფორმაცია და პირადად მენახა პატიმარი, მათ უარი განმიცხადეს. მე წერილობით მოვითხოვე მოეცათ ოფიციალური დოკუმენტი - ფორმა #100 და მალხაზ არქანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია. ს.ა.დ. დაწესებულების დირექტორის, ალეკო მუხაძისადმი არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ეს დოკუმენტაცია არ გადმოუციათ.

2011 წლის 29 ივნისს ისევ მივაკითხე სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებას, რათა მენახა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მალხაზ არქანია. დაწესებულებაში განმიცხადეს, რომ არ მანახებდნენ პატიმარს. მიზეზად განმიმარტეს, რომ მალხაზ არქანიამ, როგორც ადვოკატს, მომცა აცილება და არ სურს განვახორციელო მისი დაცვა. ჩემს მოთხოვნაზე - პირადად შევხვედროდი დასაცავ პირს და მისგან გამეგო აღნიშნული აცილების შესახებ, საპატიმროში შეშვებაზე უარი განმიცხადეს. მიუხედავად არაერთგზის წერილობითი მიმართვისა, სადაც ვითხოვდი სად N8 საპყრობილის დირექტორს ალეკო მუხაძეს გადმოეცა ოფიციალურად წერილობითი დოკუმენტი აცილებაზე (რომელიც მისივე განმარტებით პატიმარ მალხაზ არქანიას ჰქონდა დაწერილი), ეს დოკუმენტი არ გადმოუციათ.

იმავე დღეს - 2011 წლის 29 ივნისს, პატიმრის დის, ნინო არქანიას განცხადების საფუძველზე, მედიაკავშირმა „ობიექტივმა“ მალხაზ არქანიას დასაცავად გამოყო ადვოკატები ელგუჯა ჩხაიძე და ჯუმბერ მილორავა. სასჯელაღსრულების N8  დაწესებულების უფროსმა ა. მუხაძემ მათ ყოველგვარი მიზეზის გარეშე უარი უთხრა პატიმართან შეშვებაზე. მიზეზად ადვოკატებს ციხის ადმინისტრაციამ აუწყა, რომ თითქოსდა პატიმარმა მალხაზ არქანიამ აცილება მისცა მათ. არადა, პატიმარს საერთოდ არ უნახავს ეს ადვოკატები და საერთოდ ინფორმირებული არ ყოფილა მათ ვიზიტზე.

სახალხო დამცველის აპარატი უმოქმედოდაა. ჩვენთან საუბარში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა განგვიცხადა, რომ სამწუხაროდ, ვერაფრით დაგვეხმარებოდნენ, ვინაიდან  პატიმარმა მალხაზ არქანიამ 2011 წლის 23 ივნისს მოითხოვა 22 ივნისს მიცემულ ახსნა-განმარტებაზე წარმოების შეწყვეტა და მათ სამართლებრივად უფლება არა აქვთ, წავიდნენ პატიმრის ნების წინააღმდეგ და ახსნა-განმარტებაზე მოახდინონ რეაგირება.

მინდა იხილოთ დანართი N2, სადაც პატიმარი მალხაზ არქანია სახალხო დამცველის წარმომადგენელს უხსნის, თუ რატომ თხოვს, არ მოახდინონ ახსნა-განმარტებაზე რეაგირება, მომყავს ციტირება სახალხო დამცველის წარმომადგენლის წერილიდან: „პატიმარ მალხაზ არქანიას განმარტებით, 22/06/2011 მან წერილობით ახსნა-განმარტება მისცა სახალხო დამცველის რწმუნებულებს, სადაც საუბარია მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე. მისივე განმარტებით, მას აღარ სურს ახსნა-განმარტებაზე მოხდეს რეაგირება. მიაჩნია, რომ მის მიერ მითითებული დამნაშავე პირები უარეს უზამენ. ეშინია შურისძიების“.

ჩვენ მივმართეთ წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ და ვთხოვეთ, ეროვნული პრევენციული მექანიზმის ფარგლებში, სასწრაფოდ გამოეყოთ ექსპერტთა ჯგუფი პატიმარ მალხაზ არქანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად. ჯგუფი მზად იყო განეხორციელებინა ვიზიტი #8 დაწესებულებაში პატიმარ მალხაზ არქანიასთან, მაგრამ ამისთვის მათ სჭირდებოდათ სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის თანხმობა.

„ემპათიამ“ წერილობით შეგვატყობინა, რომ მათ მიუმართავთ ელექტრონული  ფოსტით სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის, საიდანაც მიუღიათ სიტყვიერი პასუხი, რომ პატიმარი უარს აცხადებს სამედიცინო შემოწმებაზე. მიუხედავად არაერთგზის მიმართვისა, სახალხო დამცველის აპარატს არ წარმოუდგენია დოკუმენტი, სადაც იქნებოდა ასახული მალხაზ არქანიას უარი შემოწმებაზე.

პატიმარი, ვისზედაც გიყვებით, არის ჩემი ბიძაშვილი (სამეგრელოში კი ბიძაშვილი აღიქმება, როგორც ძმა) - ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად გაიზარდა. ის ფაქტი, რომ მალხაზ არქანიამ აცილება მომცა, არ შეეფერება სიმართლეს. მას დაშინებითა და მუქარით აწერინებენ იმას, რაც მათ სურთ. ჩვენ ვშიშობთ, რომ მალხაზ არქანია სასტიკადაა ნაცემი და ამის გამო არ გვიშვებენ ციხეში ადვოკატებს. ჩვენ მივმართეთ მღვდელს, კახაბერ ასათიანს, რომელიც არის მალხაზ არქანიას მოძღვარი, შესულიყო საპატიმრო დაწესებულებაში და მოენახულებინა პატიმარი. მამა კახაბერის არაერთი მცდელობის მიუხედავად, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების დირექტორი ალეკო მუხაძის პირადი დავალებით, მას არ უშვებენ ციხეში...

2011 წლის 12 ივლისს სასულიერო პირს დართეს ნება შეხვედროდა პატიმარ მალხაზ არქანიას, რომელთანაც საუბარში პატიმარმა აღწერა, როგორ დაემუქრნენ მას გაუპატიურებით, თუ ის არ მომცემდა აცილებას. მას ასევე ემუქრებოდნენ ჩემი დაჭერითა და ოჯახის წევრების ლიკვიდაციით. ასევე საკანში შეუშვეს ექვსი მისთვის უცნობი პატიმარი და უბრძანეს, გაეუპატიურებინათ პატიმარი მალხაზ არქანია, თუ ის არ მოითხოვდა სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაზე აღწერილ ფაქტებზე წარმოების შეწყვეტას.

2011 წლის 25 ივლისს ადვოკატებმა და უფლებადამცველებმა: გელა ნიკოლაიშვილმა, ეკა ბესელიამ, ქეთი ბექაურმა, მანანა კობახიძემ, ზაზა ხატიაშვილმა მოაწყვეს პატიმარ მალხაზ არქანიასა და ჩემი მხარდამჭერი აქცია. ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგობის მიუხედავად ისინი მაინც შევიდნენ მალხაზ არქანიასთან, ესაუბრნენ პატიმარს და ციხიდან გამოიტანეს პატიმრის მიერ დაწერილი განცხადება, სადაც იგი ოჯახს - მეუღლეს, მაია ჩაკაბერიასა და დას, ნინო არქანიას სთხოვს, დაუყონებლივ აუყვანონ მათთვის სასურველი მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი.

2011 წლის 25 ივლისს პატიმრის მალხაზ არქანიას ოჯახის წევრებმა მეუღლემ, მაია ჩაკაბერიამ და დამ, ნინო არქანიამ ჩემთან დადეს ხელშეკრულება იურიდიული  მომსახურეობის გაწევასთან დაკავშირებით, რითაც დამევალა მალხაზ არქანიას ინტერესების დაცვა. 2011 წლის 26 ივლისს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების ადმინისტრაციამ  უარი მითხრა პატიმარ მალხაზ არქანიასთან შეშვებაზე.

უფლებადამცველების: ეკა ბესელიას, ქეთი ბექაურის, მანანა კობახიძისა და გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, პატიმარ მალხაზ არქანიას სხეულზე აღენიშნება ნაჭდევები -  წამებისა და ფიზიკური ზემოქმედების კვალი. იგი არის დათრგუნული, საუბრისას იყურებოდა კამერებისაკენ და ანიშნებდა მათ, რომ მასთან ლაპარაკი ისმინებოდა და ვერ ლაპარაკობდა - ეშინოდა, რომ ციხის ადმინისტრაცია კვლავ გაუსწორდებოდა, თუ მათთან იტყოდა როგორ სცემენ და აწამებენ მას N8 დაწესებულების ადმინისტრაციაში.

უფლებადამცველების განმარტებით, პატიმარ მალხაზ არქანიას სასაწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. თუმცა, ამისთვის საჭიროა მალხაზ არქანიას წერილობითი თანხმობა, რომელიც უნდა დაადასტუროს ციხის ადმინისტრაციის უფროსმა  ალეკო მუხაძემ. მუხაძე კი პატიმარს წერილობითი თანხმობის დაწერის უფლებას არ აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მალხაზ არქანია გაფრთხილებულია, რომ მას სასტიკად გაუსწორდებიან.

2011 წლის 04 ივლისს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა პატიმრის დის, ნინო არქანიას წერილობითი თხოვნის საფუძველზე რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რათა უზრუნველეყოთ მსჯავრდებულ მალხაზ არქანიას უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა ღონისძიების გატარება, ასევე (საჭიროების შემთხვევაში) მისი გადაყვანა სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ხათუნა კალმახელიძის უწყებამ სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის რეკომენდაცია არ დააკმაყოფილა, რადგან სამინისტროს განმარტებით, მალხაზ არქანიას უფლებები არასოდეს არ დარღვეულა.

ჩვენ განცხადებით მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, ახსნა-განმარტებაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე; მოვითხოვდით, დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებულიყვნენ სახელმწიფო მოხელეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მალხაზ არქანიას წამებაში და დასჯილიყვნენ კანონის ძალით. მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, დამნაშავეები ისევ რჩებიან თავიანთ თანამდებობებზე, უფრო მეტიც - ისინი საერთოდ არც დაკითხულან ახსნა-განმარტებაში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით.

ჩვენ დახმარებისთვის მივმართეთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ევროპარლამენტის წარმომადგენლებს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონის აპარატს, ევროკომისიის პრეზიდენტის, ჯოზე მანუელ ბარუზოს აპარატს, ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს, საერთაშორისო ობსერვატორიის ორგანიზაციის წარმომადგენლობას, საქართველოში მოქმედ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ზემოთ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, გთხოვთ თქვენს უშუალო ჩარევასა და დაინტერესებას ამ საქმით. პატიმარ მალხაზ არქანიას და იმ ადამიანებს, რომლებიც ვიბრძვით მალხაზ არქანიას გადასარჩენად, გვჭირდება თქვენი დახმარება და მხარდაჭერა.

პატივისცემით, ადვოკატი ლექსო არქანია 

ახალი ამბები