კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოვლისშემძლე კეზერაშვილი

29 აგვისტო, 2011

ლევან მარტაძე, „ბანკები და ფინანსები“

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის“ თანახმად 50 000 ლარზე მეტი შესყიდვის განხორციელება ტენდერის გარეშე არ შეიძლება. „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ კი შეუძლია 3 მილიონი ლარი უტენდეროდ განკარგოს.

„საქართველოს ფოსტისა“ და „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ „საინტერესო“ ურთიერთობაზე „ბანკები და ფინანსები“ ადრეც წერდა. სახელმწიფომ კერძო მფლობელობაში არსებული „საქართველოს ლატარიის კომპანია“ სრულიად უცნაურ ვითარებაში გადაიფორმა.

როგორც ცნობილია, „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ დაგეგმილი მოგება 10-წლიან პერსპექტივაში 4.3 მლრდ ლარი იყო. თავის დროზე, როცა კომპანიამ ლატარიის მოწყობის ექსკლუზიური მოწყობის უფლება მიიღო, სატენდერო პირობები ითვალისწინებდა, რომ ამ უფლების სანაცვლოდ მას 10 წლის განმავლობაში გადასახადების სახით 900 მილიონ ლარზე მეტი უნდა შეეტანა საქართველოს ბიუჯეტში. 2011 წლის 9 აგვისტოს შემდეგ „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ 70%-იანი წილი უკვე სახელმწიფოს მფლობელობაშია და მას „საქართველოს ფოსტა“ განკარგავს. ამ შემთხვევაში, გაურკვეველია, ვინ შეასრულებს სატენდერო პირობებს.

ზოგადად, ძალიან უცნაურია, რომ ამხელა მასშტაბის კერძო ბიზნესი, როგორ გადაიფორმა სახელმწიფომ. მეორე კუთხით კი დღეს აღარავინ საუბრობს იმ ვალდებულებებზე, რაც კომპანიას უნდა შეესრულებინა. როგორც ცნობილია, „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ცნობილი პროდუქტი „ლოტო“ აღარ არის ისეთი პოპულარული, როგორც წინა წელს. შესაბამისად, კომპანიას დაგეგმილ მოგებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. აქედან ისიც გამომდინარეობს, რომ მას სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაც გაუჭირდება.

გავიხსენოთ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ამჟამად ბიზნესმენ დავით კეზერაშვილის ბიზნესი სახელმწიფომ იმ მოტივით წაიღო, რომ ამ გზით, „საქართველოს ფოსტის“ რენტაბელურობის ზრდა მომხდარიყო. საკითხავი ისაა, რომელი ბიზნესის რენტაბელობის ამაღლება უნდა მოხდეს ამ ოპერაციით.

რეალურად ეს გარიგება ორივე მხარისთვის მისაღებია, მხოლოდ იმის რეალური დაშვებით, რომ ეს ორი ბიზნესი მომავალშიც ერთობლივად გააგრძელებს არსებობას.

უპირველეს ყოვლისა, ეს გარიგება რეალურად მიანიშნებს, რომ „საქართველოს ფოსტაც“ კეზერაშვილის ინტერესის სფეროში მოხვდა. სადაც კეზერაშვილის ინტერესი ერთვება, იქ ყოველთვის მისი იმარჯვებს, ანუ დიდი ალბათობით საქართველოს ფოსტაც კეზერაშვილის მონოპოლიური სქემის ნაწილი გახდება.

გავიხსენოთ კიდევ ერთი საინტერესო გარემოებაც - „რატომღაც“ კეზერაშვილის ბიზნესინტერესები საქართველოს ხელისუფლებისთვის უზენაესია. ისევ ლატარიის კომპანიის სასარგებლოდ მიღებული კანონპროექტების მაგალითი რად ღირს. თუნდაც სულ ბოლოს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით „საქართველოს ლატარიის კომპანიას“, როგორც სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ სუბიექტს, განსაკუთრებული უფლებები მიეცა.

საქართველოს „კანონით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ სახელმწიფო სტრუქტურას 1 მილიონ ლარზე მეტი საქონლისა და მომსახურების შეძენა საერთაშორისო ტენდერის გარეშე არ შეუძლია. „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ 3 მილიონ ლარამდე შესყიდვის ტენდერის გარეშე შესყიდვის უფლება მიიღო. განკარგულებაში მითითებულია, რომ შესყიდვების განხორციელებისას შესაძლოა გამოყენებული იქნეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები.

კომპანიამ წესის მიხედვით, შესყიდვები წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის მიხედვით უნდა განახორციელოს. საქონლისა და მომსახურების შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 3 მლნ ლარს. შესაძლებელია შესყიდვების ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით წარმოება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად.

მთავრობის ამ განკარგულებაში კიდევ ერთი დეტალია საინტერესო: „საქართველოს ლატარიის კომპანიას 3 მილიონამდე ღირებულების საქონლისა და მომსახურების შეძენა არა თუ საერთაშორისო ტენდერის გარეშე, არამედ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შეუძლია. აქ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის“ კიდევ ერთი პუნქტია უგულველყოფილი. კანონის თანახმად, ჩვეულებრივ შემთხვევაში, სახელმწიფო სტრუქტურას 50 000 ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვა ტენდერის გარეშე არ შეუძლია. მთავრობის ეს განკარგულება კი საქართველოს ლატარიის კომპანიას საშუალებას აძლევს ყოველგვარი ტენდერის გარეშე კერძო პირთან მოლაპარაკების შედეგად შეიძინოს.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ თუ კომპანია კეთილსინდისიერად აპირებს ამ შესყიდვების გაფორმებას, რატომ დასჭირდა ამ პრივილეგიების მიღება. ზოგადად, სახელმწიფო შესყიდვებში დიდი ფული იშოვება. სახელისუფლებო ძალებთან დაახლოებული ბიზნესმენების მიერ სხვადასხვა ტენდერების მოგება ჩვეულებრივი ამბავია. შორს არ წავალთ და ისევ კეზერაშვილის და მისი კომპანია „უნიგრუპის“ მაგალითს გავიხსენებთ.

შპს „უნიგრუპი“ „ლუკოილს“ მარკეტინგულ და დისტრიბუტორულ მომსახურებას უწევს. ბოლო პერიოდში გამოცხადებული თითქმის ყველა სახელმწიფო ტენდერი, რომელიც საწვავის შესყიდვას გულისხმობს, „უნიგრუპს“ აქვს მოგებული. ანუ, „უნიგრუპი“ ყიდის „ლუკოილის“ მიერ იმპორტირებულ საწვავს. „უნიგრუპს“ განსაკუთრებით სოლიდური კონტრაქტები აქვს ისეთ სამინისტროებთან, რომლებიც დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარენ. საინტერესოა, როგორ იგებს კომპანია სამთავრობო ტენდერებს, რომელსაც ვებ-გვერდიც კი არ აქვს. ან კიდევ, როგორ უგებს სხვა კომპანიებს სატენდერო შეთავაზებებით, როდესაც, მას თავადაც კი არ შემოაქვს საწვავი. ის უბრალოდ სხვის საწვავს ყიდის. ყველაფერი გასაგები ხდება მას შემდეგ, რაც ვიგებთ, რომ კომპანია „უნიგრუპის“ მფლობელი დავით კეზერაშვილია.

მთავრობის ხსენებული დადგენილების შემდეგ, კეზერაშვილის კომპანიამ, რომელსაც ოფიციალურად უკვე სახელმწიფო უწევს პატრონაჟს, მიიღო უფლება, რომ სახელმწიფოს ფული ისე ხარჯოს, როგორს მოეპრიანება. ერთ ჯერზე მხოლოდ სამი მილიონი (!)

ახალი ამბები