კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

89 წლის მარტოხელა მოხუცს სოციალური დახმარება მოუხსნეს

7 სექტემბერი, 2011

სოციალური მომსახურების სააგენტომ დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალში მცხოვრებ 89 წლის მარია კარაკეტოვას სოციალური დახმარება მოუხსნა. კარაკეტოვა ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, ერთოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობს. მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა 87 ლარის ოდენობით.

„ერთი წელია, რაც დახმარება მომიხსნეს. მას შემდეგ დავდივარ და სამართალს ვეძებ. სოციალური დახმარება ჩემთვის დიდი შეღავათი იყო. ამდენი ხანია ვცდილობ, გავიგო, რატომ მომიხსნეს დახმარება, მაგრამ უშედეგოდ. არავინ პასუხს არ მცემს“, - ამბობს მარია კარაკეტოვა.

როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს სოციალური მომსახურების სააგენტოს დუშეთის განყოფილების უფროსმა ვლადიმერ ჭონქაძემ განუცხადა, მარია კარაკეტოვას ქონებრივი მდგომარეობა ბოლოს 2011 წლის 18 აგვისტოს გადაამოწმეს. „ბოლო გადამოწმების შემდეგ კარაკეტოვას სარეიტინგო ქულა არის 62 660. ამ ქულით ის სოციალურ დახმარებას ვერ მიიღებს, მხოლოდ სადაზღვევო პოლისი ეკუთვნის“, - განაცხადა ჭონქაძემ.

სოციალური აგენტი იმედა არაბული, რომელმაც მარია კარაკეტოვას სოციალური ეკონომიკური პირობები შეამოწმა, აღნიშნავს, რომ კარაკეტოვა ღარიბი კი არა, ღატაკია.

„მე თვითონ ვიყავი ჟინვალში და კარაკეტოვას სოციალური მდგომარეობა პირადად გადავამოწმე. ღარიბი კი არ არის, ღატაკია. როგორც გაირკვა, თავის დროზე მან სოციალურ აგენტს ელექტროენერგიის ქვითრები ვერ წარუდგინა და შეცდომით უთხრა, რომ თვეში 5 ლარის ელექტროენერგიას მოიხმარდა. მაღალი სარეიტინგო ქულა ამის გამო მიიღო,“ - ამბობს სოციალური აგენტი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. განმეორებითი გადამოწმება ბოლო დეკლარაციის შევსებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ არის შესაძლებელი.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები