მიკროავტობუსის მძღოლი ზურა ნასრაშვილი, რომელსაც გუშინ, „თავისუფალი საქართველოს“ დაკვეთით დედოფლისწყაროდან სამთაწყაროში პარტიის მხარდამჭერები უნდა გადაეყვანა, ადგილობრივმა პოლიციამ 200 ლარით დააჯარიმა.
„მძღოლი შევითანხმე, რომ ხალხს გადაიყვანდა. იმავე დღეს, დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსმა გიორგი ბუნტურმა დაიბარა და მუქარის ძალით უარი ათქმევინა ხალხის გადაყვანაზე. დაემუქრა, რომ სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა, თან 200 ლარიანი ჯარიმაც გამოუწერეს. ამის შემდეგ სხვა მიკროავტობუსის მძღოლმაც უარი თქვა მომსახურებაზე. ბოლოს მხარდამჭერების ტრანსპორტირება ვაჟა არაბულის კუთვნილი მიკროავტობუსით მოვახერხე, თუმცა, სამართალდამცავები მასაც დაემუქრნენ. შეშინებულმა მძღოლმა სამთაწყაროში მიგვატოვა. პოლიციელებმა ვენახის მეპატრონესაც კი შეუთვალეს პარტიის ლიდერები ვენახში არ შეეშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ, რომ ვენახს გაუხმობდნენ. თუმცა, რეზო ანანიძე მათ არ დაემორჩილათ. წინა დღეს, სამთაწყაროს გამგებელმა პაატა ნადირაშვილმა და პოლიციის რწმუნებულმა იმედა თაგოშვილმა ყველა მარშუტკის მძოლს და მხარდამჭერებს სახლში მიაკითხეს და სასტიკი გაფრთხილება მისცეს, რომ შეხვედრაზე არ წასულიყვნენ“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამილა გურაშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი დაჯარიმებულ მძღოლს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი