კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი მთავარი პროკურორისგან მოიხოვს, დაიწყოს გამოძიება ქარხანა „ჰერკულესის“ გაფიცული თანამშრომლების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით

20 სექტემბერი, 2011

საქართველოს სახალხო დამცველი ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წინადადებით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს,  დაიწყოს გამოძიება ქ.ქუთაისში მიმდინარე მუშათა საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავთა მიერ 2011 წლის 13 და 15 სექტემბერს განხორციელებული ქმედებების თაობაზე და შესწავლილ იქნას გაფიცულ მუშათათვის აქციის ჩატარებისას სამართალდამცავთა მხრიდან ხელის შეშლის, აქციის დაშლისა და მათი დაკავების ფაქტები.
 
საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა ქ.ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მუშათა გაფიცვის დაშლის ფაქტი. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს თავად აქციის მონაწილეებს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს, რომელიც ახორციელებდა გაფიცულთა იურიდიულ დახმარებას და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის  მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტს, თამაზ დოლაბერიძეს. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, საქმეზე არსებული გარემოებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სცადეს ქარხანა „ჰერკულესის“ ადმინისტრაციასთან შეხვედრა და მათგან ზემოაღნიშნულ ინციდენტებზე ახსნა–განმარტების მოპოვება, თუმცა ქარხნის ადმინისტრაციამ შეხვედრასა და ახსნა–განმარტების მიცემაზე უარი განაცხადა.
 
მოპოვებული ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ ქარხანაში არსებული შრომის მძიმე პირობების გამოსწორების მოთხოვნით, დასაქმებულებმა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაფიცვა დაიწყეს.  რამდენიმე მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართა. გაფიცვის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტს, რომლის დროსაც დაირღვა გაფიცვის მონაწილეთა უფლებები.
 
კერძოდ, 2011 წლის 13 სექტემბერს აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებმა დადგეს კარავი. კარვის დადგმიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათ გაფიცულებს კარვის აღება მოსთხოვეს. სამართალდამცავებმა კარავი დაშალეს და პოლიციის ავტომანქანაში მოათავსეს. მოგვიანებით, 10-15 წუთში, სამართალდამცავებმა კარავი მფლობელებს დაუბრუნეს. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ გაფიცვა გაგრძელდა, თუმცა გაფიცულთა განმარტებით, მათ კარვის დადგმა აღარ უცდიათ.
 
საქართველოს სახალხო დამცველისათვის მიცემული ახსნა-განმარტებებისა და  საინფორმაციო საშულებების მიერ გავრცელებული კადრების თანახმად, არც აქციის მიმდინარეობისას და არც კარვის დადგმის დროს არ მომხდარა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა. 
 
რაც შეეხება 2011 წლის 15 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს სახალხო დამცველისთვის მიცემული ახსნა-განმარტებების თანახმად, დაახლოებით 21:30 საათზე, აქციის მიმდინარეობის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის დაახლოებით 30 ეკიპაჟი. პოლიციის თანამშრომლებმა მოითხოვეს აქციის დაშლა და დააკავეს აქციის მონაწილეთა ნაწილი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის, რევაზ თოფურიას ახსნა-განმარტების თანახმად, ის თამაზ დოლაბერიძესთან ერთად, რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა დაკავებულებს ქ.ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში და პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებში, თუმცა დაკავებულებთან შეხვედრა მხოლოდ მათი გათავისუფლების შემდგომ მოახერხა. ადვოკატისა და აქციის მონაწილეთა ახსნა-განმარტებების თანახმად, აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქუთაისის  შს საქალაქო  სამმართველოში, სადაც მათ დააწერინეს ხელწერილები იმის თაობაზე, რომ დასაქმებულები აღარ გააგრძელებდნენ გაფიცვაში მონაწილეობას და დაუბრუნდებოდნენ სამსახურს, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს აგებდნენ კანონით დადგენილი წესით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებული აქციის მონაწილეებიდან მხოლოდ სამმა პირმა განაცხადა თანხმობა ახსნა–განმარტება მიეცა საქართველოს სახალხო დამცველისთვის, მათი ვინაობის კონფიდენციალურად დატოვების პირობით, ხოლო დანარჩენებმა აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ ზეპირი საუბრისას დაადასტურეს.
 
ჩვენს ხელთ არსებული ახსნა-განმარტებების თანახმად, არც დაკავებისას და არც მის შემდგომ სამართალდამცავთა მხრიდან არ მომხდარა აქციის მონაწილეთათვის მათი დაკავების საფუძვლის განმარტება, ამასთან, მათი პოლიციის შენობაში ყოფნის პერიოდში ე.წ ხელწერილების გარდა არ შემდგარა არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი.

www.ombudsman.ge

ახალი ამბები