კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა სახლმა სამშვიდობო კვირეული სტუდენტებთან შეხვედრით დაიწყო

22 სექტემბერი, 2011

მარიამ იმერლიშვილი

20 სექტემბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა კლუბის მხარდაჭერით, გამართა დისკუსია თემაზე: „კონფლიქტების მოგვარების ალტერნატიული გზები“. ამ დისკუსიით სახლმა მშვიდობის კვირეული გახსნა.

ძირითადი  მომხსენებლები ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი და humanrigts.ge-ს მთავარი რედაქტორი ალეკო ცქიტიშვილი იყვნენ. მოხსენებების თემა იყო მედიისა და სამშვიდობო კამპანიების როლი კონფლიქტების მოგვარებაში. წარმოდგენილი იყო ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ერთ-ერთი მშვიდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, ხოლო მეორე ლიბანში წარმოებულ სამშვიდობო კამპანიას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა ცენტრის მიერ წარმოებულ კამპანია „ბოდიშზე“, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის სამშვიდობო პროცესის დაწყებასა და ურთიერთობების დათბობას ისახავს მიზნად.

ცენტრმა სტუდენტებს კამპანია „ბოდიშის“ ფარგლებში გამოცემული გაზეთის პრეზენტაციაც მოაწყო, რომლის ფურცლებზეც ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები თავიანთ, ერთმანეთისგან გამსხვავებულ დამოკიდებულებას გამოხატავენ ამ წამოწყების მიმართ.

„კამპანია ბოდიში ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაიწყო 2007 წელს. ეს არის სამშვიდობო კამპანია, რომლის საშუალებითაც ბოდიშს ვუხდით აფხაზ ხალხს. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა იმ დანაშაულებზე,რაც მოხდა წლების წინ. დროა, ერთმანეთის გულებისკენ გადავდგათ ნაბიჯები“,   -   აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

კონფლიქტების მოგვარებისა და სამშვიდობო პროცესების წარმოებაში მედიის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა humanrihgts.ge-ს მთავარმა რედაქტორმა ალეკო ცქიტიშვილმა. მისი განცხადებით, მედიის როლი სამშვიდობო პროცესებში შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური. მედიას შეუძლია, გააღრმაოს კონფლიქტი და პირიქით - საზოგადოება განაწყოს შერიგებისკენ. სამწუხაროდ, თანამედროვე ქართულ მედიაში უფრო მეტად შეინიშნება საომარი, მილიტარისტული რიტორიკა.

დისკუსიაში მონაწილე სტუდენტთა აზრი, როგორც მოსალოდნელი იყო, გაიყო. ერთი ნაწილი გულგრილი დარჩა როგორც ცენტრის წამოწყების, ისე დისკუსიის მიმართ, მეორე ნაწილი კი სოლიდარობას უცხადებდა ბოდიშის კამპანიას.

„ბოდიშის მოხდაც რთულია და მიღებაც რთულია. ჩემი აზრით, საერთოდ ძლიერმა მხარემ უფრო მეტად უნდა გაიაზროს მომხდარი და შესაბამისად, ის უნდა იყოს ინიციატორი პრობლემების მოგვარებისა“,  - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი ექვთიმიშვილმა.

მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას ადამიანის უფლებათა სახლი 20-23 სექტემბრის ფარგლებში გეგმავს. სამშვიდობო კვირეული მშვიდობის საერთაშორისო დღის - 21 სექტემბრის აღსანიშნავად იმართება. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით საქართველოში.

„ადამიანის უფლებათა სახლი მშვიდობის კვირეულის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავს. ეს არის აქციები, მრგვალი მაგიდები, ამ თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმების განხილვები და ა.შ.“  -  გვითხრა ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინატორმა ნინო ღვედაშვილმა.

მშვიდობის საერთაშორისო დღე 21 სექტემბერი 1981 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის 36/37 რეზოლუციის საფუძველზე დაარსდა, ხოლო 2002 წელს გენერალურმა ასამბლეამ 21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღედ ოფიციალურად გამოაცხადა.

ახალი ამბები