კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთ-საქართველოს ომის დამახინჯება

23 სექტემბერი, 2011

თომას დე ვაალი, The National Interest

რუსეთ-საქართველოს ომი სამხრეთ ოსეთის ირგვლივ სულ რაღაც სამი წლის წინანდელი ამბავია, მაგრამ ის უკვე ისეთივე მითოლოგიზირებულია, როგორც ტროას ომი. მითოლოგიური თხრობა გაურკვეველს ხდის რეალურად მომხდარს. ეს კი ორივე მხარისთვის ცუდია, რადგან იმ დროისთვის, როცა ისტორიის ბორბალი კიდევ ერთხელ დატრიალდება და მათ დაახლოების შანსს მისცემს, ამ შესაძლებლობის გამოყენება ორივე მხარეს გაუჭირდება.

სიტუაცია ყოველთვიურად იხლართება. მე არ ველოდი, რომ დიკ ჩეინის მემუარებში In My Time, ამ კონფლიქტთან დაკავშირებული ნაამბობი დაბალანსებული იქნებოდა. მეტნაკლებად გასაგებია, როცა ის წერს, რომ რუსებისთვის „თავისუფლების პროგრამის“ დღის წესრიგის დაძალება სავალდებულოა: „ბოლოს და ბოლოს, ჩვენ მკაფიოდ უნდა ვაგრძნობინოთ რუსებს, ჩვენს მეგობრებს და მოკავშირეებს, რომ ჩვენ აგრესიულნი ვიქნებით თავისუფალი სამყაროს საზღვრების გაფართოვების საქმეში და რომ რუსეთის მთავრობამ არჩევანი უნდა გააკეთოს“.

თუმცა, ვფიქრობდი, რომ აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ტექსტებს პროფესიონალები ამოწმებდნენ. ჩეინი წერს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „დიდი რუსული მოსახლეობაა“. არ არის ასე: ეს აფხაზები და ოსები არიან, რომლებმაც რუსული პასპორტები აიღეს. ის აცხადებს ასევე, რომ „[2008 წლის] აგვისტოში, სამხრეთ ოსეთის ძალებმა რუსი მეთაურების ხელმძღვანელობით, ცეცხლი გაუხსნეს სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებს“. ესეც არასწორია: სროლები ქართულ და ოსურ სოფლებს შორის მიმდინარეობდა, მაგრამ რუსი მშვიდობისმყოფელები ბრძოლაში არ მონაწილეობდნენ, ვიდრე 8 აგვისტოს ქართული შეტევა არ დაიწყო.

რუსეთის მხრიდან ბოლო ომისშემდგომი ზალპი სახელმწიფო კინოფონდიდან გაისმა, რომელმაც განაცხადა, რომ 250 მილიონ რუბლს (დაახლოებით 9 მილიონი დოლარი) ხარჯავს ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის „აგვისტო 08“-ის გადაღებაზე.

ეს აშკარად იმ ჰოლივუდურ კინო-ვერსიაზე პასუხია, რომელიც ამ კონფლიქტზე რენი ჰარლინმა (ის დიდწილად ცნობილია, როგორც „კერკეტი კაკალი 2“-ის რეჟისორი) გადაიღო და რომლის პრემიერაც გასულ თვეში ვაშინგტონში, ძალიან პატარა აუდიტორიის წინაშე გაიმართა. პროფესიული მიზეზების გამო მე მას დავესწარი და უნდა დაგიდასტუროთ, რომ ის მართლაც ისეთი ცუდია, როგორც გსმენიათ. ფილმი ყუმბარების, აფეთქებული ავტომანქანაების, ლამაზი ქართული პეიზაჟების, ყალბი აქცენტების (თუმცა ენდი გარსია დამაჯერებელია მიხეილ სააკაშვილის როლში) და სინამდვილის სასტიკი დამახინჯების კომბინაციაა. სცენა, სადაც რუსული ბომბდამშენები შეგნებულად გადააქცევენ ქართულ ქორწილს  სისხლიან ხოცვა-ჭლეტად, ქართული ფოლკლორის ჩანაწერებისა და ე.წ. „ბოევიკებისთვის“ დამახასიათებელი სისხლიანი კადრების ნაზავია.

ქართული ფულით გადაღებული ჰარლინის ფილმის ვერსია ასეთია: რუსეთი საქართველოში შეიჭრა, დასავლეთში კი ეს ვერავინ შეამჩნია. მამაცი ჟურნალისტი და ლამაზი ქართველი გოგონა მთელი ფილმის განმავლობაში ცდილობენ რუსი მკვლელებისგან თავის დაღწევას, რათა როგორმე მიაწოდონ მსოფლიოს ის ძვირფასი კადრები, რომლებზეც ქორწილზე მოწყობილი ხოცვა-ჟლეტაა ასახული. ყველაზე თავხედური გზავნილი აქ ის არის, რომ დასავლური პრესა, თითქოს, დაინტერესებული იყო მოვლენების მხოლოდ რუსული ვერსიის გაშუქებაში. ჩვენ ვხედავთ, რომ კონფლიქტის მიმდინარეობას მხოლოდ ხუთი დასავლელი ჟურნალისტი აშუქებს, ხოლო როცა ამ აურზაურისგან შელახული ჩვენი გმირი, ბოლოს და ბოლოს თავის პროდუსერთან დარეკვას ახერხებს, ეს უკანასკნელი მას ეუბნება, რომ მასალა საინტერესო არ არის (ამ ფონზე ისმის პუტინის ხმა, რომელიც CNN-ს ინტერვიუს აძლევს). არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი ჯონ მაკკეინსა და მის ცნობილ ფრაზაზე - „ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“, და დასავლური მედიის უმრავლესობაში ქართველების მასობრივ მხარდაჭერაზე. უცნაურია, რომ Human Rights Watch-ს არ გაუპროტესტებია ის, თუ როგორ გამოიყენეს მისი ციტატები, როგორც წყარო, რეალობის ძალიან სუბიექტური ინტერპრეტაციისთვის.

ამ ჰოლივუდური შედევრის ნახვის შემდეგ, ინტერნეტში თვალი გადავავლე ომზე გადაღებული ფილმის პირველ რუსულ ვერსიას „ოლიმპიუს ინფერნო“. უცნაურია, რომ ამ ფილმის სიუჟეტი „აგვისტოს ხუთი დღის“ ანალოგიურია, ოღონდ სარკისებურად ასახული. ამერიკელი ენტომოლოგი (შტრიხი, რომელიც შედარებით ორიგინალურია) სამხრეთ ოსეთში მიემგზავრება, სადაც იშვიათი ჯიშის პეპელა უნდა გადაიღოს, მაგრამ ამის ნაცვლად მისი კამერა აღბეჭდავს ამერიკელების მხარდაჭერით ქართველების ცხინვალში შეჭრის კადრებს. არადა მთელი მსოფლიო დარწმუნებულია, რომ ომი რუსეთმა დაიწყო! მას და მის ამერიკელ მეგობარ გოგონას, ჟურნალისტს, მსოფლიოსთვის სიმართლის თქმა უნდათ. ისინი მთელი ფილმის განმავლობაში გაურბიან ველურ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც მშვიდობიან ოსებს ხოცავენ და ჩანაწერის გადარჩენას ცდილობენ.

მსგავსება გამაოგნებელია, ბოროტების პერსონიფიკაციის ჩათვლით, რომელიც ერთგან სადისტი რუსი, მეორეგან კი ქართველი ჯარისკაცია. საინტერესოა, რომ რუსულ ფილმშიც მსოფლიოს სიმართლეს ამერიკელი აგებინებს, იმ ფონზეც კი, რომ მთლიანობაში ამერიკელები წარმოჩენილნი არიან იმ ერად, რომელიც რუსეთთან ომს გეგმავს.

არც ერთი ფილმი ოდნავადაც კი არ გადმოსცემს იმ რთულ ნიუანსებს, რომლისგანაც ეს კონფლიქტი შედგება, რომლის დროსაც, ჩვენ როგორც უკვე ვიცით, პირველებმა შეტევა ქართველებმა დაიწყეს, რასაც რუსეთის სასტიკი საპასუხო დარტყმა მოჰყვა.

რეალობის ამსახველი კონკურენტი კინოვერსიები უდავოდ კარგი მასალა გახდებოდა ასპირანტი კულტუროლოგისთვის. ჩვენ კი ძველებურად ველოდებით იმას, თუ როდის გაჩნდება 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ისეთი ვერსია, რომელიც ობიექტურად შეაფასებს პოლიტიკურ რეალიებს; შეაფასებს, თუ რა მოხდა სინამდვილეში და პატივს მიაგებს კონფლიქტის ორივე მხარის მსხვერპლთა ხსოვნას.

ორიგინალი

ქართულად თარგმნა foreignpress.ge-მ

ახალი ამბები