კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროფკავშირების გაერთიანება მასშტაბურ აქციას ამზადებს

27 სექტემბერი, 2011

ჯიმშერ რეხვიაშვილი, რადიო „თავისუფლება“

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება აგრძელებს 15 სექტემბერს, საპროტესტო აქციის დროს, დაპატიმრებული მეტალურგების მხარდამჭერ აქციებს. 26 სექტემბერს თბილისსა და ქუთაისში შეკრებილმა აქტივისტებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დასაქმებულთა უფლებების დაცვა და ნორმალური სამუშაო პირობების შექმნა მოითხოვეს.

სოლიდარობის აქციები, რომლებიც ქარხანა „ჰერკულესში“ დასაქმებული მეტალურგების დარბევისა და დაკავების პასუხად იმართება, 1-ელ ოქტომბერს მასშტაბური საპროტესტო აქციით დასრულდება.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წევრები თბილისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინ შეიკრიბნენ. „ჰერკულესი – მონობის სათავე!“, „სოლიდარობა მეტალურგებს!, „აღადგინე უკანონოდ განთავისუფლებულები!“ – ამგვარი შინაარსის ტრანსპარანტებით შეიარაღებული აქტივისტები სამინისტროს შენობის კიბეებზე განლაგდნენ, აქციის მონაწილეებს კი საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარემ, ლავრენტი ალანიამ მიმართა:

ეკონომიკის სამინისტრო იმიტომ ავარჩიეთ, რომ სწორედ ეს სამინისტრო არჩევს ასეთ „ბრწყინვალე“ ინვესტორებს, რომლებმაც არ იციან დიალოგი და დასაქმებულებს პოლიციის ძალით ელაპარაკებიან. გაიგოს ყველამ, რომ საქართველოში მონური შრომა არ უნდა არსებობდეს“.

ლავრენტი ალანია მონურ შრომას უწოდებს ისეთ ყოფას, როცა დასაქმებულთა უფლებები სრულადაა უგულებელყოფილი, ხოლო ვითარების შეცვლის ნაცვლად, საპროტესტო აქციაში მონაწილე მუშებს არბევენ და იჭერენ:

„არავის სკამი და ადგილი ჩვენ არ გვინდა! ვითხოვთ სოციალურ სამართლიანობას, ვითხოვთ შრომის კოდექსის შეცვლას, დიალოგს თანამშრომლობაზე და ა.შ.“

დაახლოებით, ამგვარი მოთხოვნები ჰქონდათ „ჰერკულესის“ თანამშრომლებსაც, რომლებიც სამსახურიდან გათავისუფლებული კოლეგების დაბრუნებას და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.

თუმცა, დიალოგი „ჰერკლესის“ მუშებსა და მმართველი კომპანია „ჯეოსტილის“ წარმომადგენლებს შორის ვერ შედგა. ქარხნის ხელმძღვანელობის პოზიცია  ერთ-ერთმა დირექტორმა, რობერტ ტომარაძემ გაახმოვანა და მუშების ყველა მოთხოვნას უსაფუძვლო უწოდა: „აბანო გვაქვს, 9 შხაპი – ცხელი და ცივი წყლით. არ გვაქვს ტუალეტიო. ვის შეუძლია წარმოიდგინოს, რომ ორი წელია ქარხანა მუშაობს და ტუალეტი არ ჰქონდეს. ეს ტყუილია. წყალი ქალაქშიც გრაფიკითაა, მაგრამ ჩვენთან ჭიდან და ავზიდან ვაწვდით“.

მეტალურგების საპროტესტო აქცია დირექტორის ამ არგუმენტებს არ შეუჩერებია. მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის თავმჯდომარის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, აქცია კანონის დარღვევითა და ძალადობით შეწყდა -  დაკავებულ მეტალურგებს უარი ათქმევინეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობაზე, სამ მათგანს კი ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

„გაფიცვამ გარკვეული შედეგი მოიტანა, რადგანაც სამი დღეა, რაც ქარხანაში დაიწყეს ტუალეტის, აბანოსა და გასახდელის კეთილმოწყობა. დაარიგეს ახალი სპეცტანსაცმელი. დირექტორი მუშებს დაპირდა ხელფასის მომატებასაც, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ადგილი აქვს ადამიანის კონსტიტუციური უფლების შელახვას. ვინც სამსახურში დააბრუნეს, ყველას დააწერინეს ხელწერილი, რომ პროფკავშირულ საქმიანობას აღარ გააგრძელებდნენ“, - ეს განცხადება თამაზ დოლაბერიძემ თბილისში, ეკონომიკის სამინისტროს შენობის წინ გააკეთა.

26 სექტემბერს აქცია გაიმართა ქუთაისშიც, სადაც დროებითი მოთავსების იზოლატორის წინ 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. სოლიდარობის აქციის ორგანიზატორთა თქმით, ერთგვარი შემაჯამებელი აქცია გაიმართება 1-ელ ოქტომბერს, ანუ ოქტომბრის პირველ შაბათს, რომელიც პროფკავშირების მიერ შრომის დღედაა გამოცხადებული.

ორიგინალი

ახალი ამბები