კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რთველით უკმაყოფილო გლეხებს საპროტესტო აქციის შემდეგ პოლიცია დაემუქრა

29 სექტემბერი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა 3 სექტემბერს, სოფელ ველისციხეში გამართულ თათბირზე პრეზიდენტს უთხრა, რომ ყურძნის მოსავალი 110 000 კახელ გლეხს 60 მილიონ ლარს მოუტანდა და რთველის ძირითადი სამუშაოები 25 ოქტომბერს დასრულდებოდა. 28 სექტემბერს კი, რთველის მიმდინარეობით უკმაყოფილო გლეხებმა სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ყურძენი სიმწიფისგან ლპება, ღვინის ქარხნები კი რქაწითელს ამ დრომდე არ იბარებენ.

„ერთი კვირაა დავდივარ და ყურძენი ვერ ჩამიბარებია“, - აღნიშნა ელდარ ელაშვილმა.

- რატომ, ფასი არ არის მისაღები?

- ფასიი? რა ფასი? არც ერთი ქარხანა რქაწითელს არ იბარებს.

- აბა, მინისტრმა რომ თქვა, 28 ქარხანა ჩაიბარებსო...

- არც ერთი ქარხანა არ იბარებს. თელავში იბარებდნენ და დღეს ისიც ჩაკეტეს“.

- სიღნაღიდან ყურძენი თელავში უნდა წაგეღოთ?

- თბილისში კი არ ჩავიტანთ, მაგრამ არ იბარებენ“.

„გუშინ გამოაცხადეს ტელევიზიით, ლაგოდეხის რაიონში, ბაისუბნის ღვინის ქარხანა იბარებსო. გავედი და არ იბარებს. ორი კვირაა ყურძნის დაკრეფა მინდა და ქარხანა ვერ მიპოვია, რომ ჩავაბარო“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

„ბაისუბანში მითხრეს, 55 თეთრად ჩავიბარებთ რქაწითელს, ოღონდ ნახევარ ფულს დღეს მოგცემ და ნახევარს კიდევ წლის ბოლოს ან მომავალი წლის იანვარშიო. თან მე თვითონ უნდა წავიღო ლაგოდეხში ყურძენი, მანქანა უნდა დავიქირაო და ფული გადავიხადო, მაგრამ ჯერ არც ეს ღვინის ქარხანა იღებს“.

უკმაყოფილო გლეხებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ნასყიდაშვილი და გამგეობის თანამშრომლები კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარს უშლიდნენ.

„მარტო საუბარს რომ გვიშლი, ჩაგვაბარებინე ყურძენი სადმე თუ შეგიძლია“, - მიმართა ერთ-ერთმა გლეხმა გამგებლის მოადგილეს.

გამგებლის მოადგილე: გასაგებია, აქ იმიტომ ვარ, რომ დაგეხმაროთ. თქვენ არ გინდათ, რომ ყურძენი 45 თეთრად ჩააბაროთ და ამიტომ არის პრობლემა“.

მევენახე: ფასზე აღარ ვლაპარაკობ, ხალხო, ჩამაბარებინეთ, მიფუჭდება ყურძენი.

გამგებლის მოადგილე: აქ მოდის ხოლმე კლიენტი, კერძოც და ქარხნიდანაც და იხდიდნენ მაღალ ფასს, 60, 63, 65 თეთრი.

მევენახე: ფასზე არა ვლაპარაკობთ, არაა. ყურძენი ჩაგვაბარებინეთ“

გამგებლის მოადგილე: წნორის ღვინის მარანი მუშაობს, 45 თეთრად იბარებს ყურძენს.

მევენახე: ეგ რა მუშაობაა, 5 მანქანას მიიღებენ და აჩერებენ ქარხანას. რომ დავკრიფოთ, მერე სად წავიღოთ? თან თუ ერთი მტევანი იპოვეს ხინჯიანი, 45 თეთრსაც აღარ გაძლევენ და 30 თეთრად ჩავიბარებთო, ამბობენ“.

„ერთი კვირაა ყურძნის გაყიდვას ვცდილობ, მაგრამ ვერ მოვახერხე. ყვარლის ღვინის ქარხნიდან წარმომადგენელმა გაზომა აქ, ყურძენში შაქრიანობა, იყო 20. გლეხმა დაკრიფა და წაიღო 3 მანქანა და რომ მიიტანა, დაბალიაო შაქრიანობა და აღარ ჩაიბარეს. დარჩნენ ისე, საწყლები“, - აღნიშნა სოფელ ჯუგაანის მკვიდრმა გივი კიკილაშვილმა.

ნოდარ ტოკლიკიშვილი, მევენახე, ზემო მაჩხაანის მკვიდრი: ერთი ჰექტარი ვენახი მაქვს. ჯერ არაფერი ჩამიბარებია, სად უნდა ჩავაბარო? ყურძენს არ იღებენ და... არ მოგვწონსო. დაუგვიანდა ყურძენს დაკრეფა და ლპობაში წავიდა, მაგრამ გადასაყრელი ჯერ არ არის.

- სოფლის მეურნეობის მინისტრი და პრეზიდენტი აცხადებენ, რომ კახეთში რთველი წარმატებით მიმდინარეობს.

- აი, უნდა ჩამოვიდეს აქ, პრეზიდენტია თუ ვინც არის, მინისტრი, რომ დაჯდება ხოლმე ვენახში... მოვიდნენ და ნახონ, რა უბედურებაა. იმ მომღერლებს რომ აფინანსებენ და ამდენ მილიონებს ყრიან, ერთი მარანი გაეხსნათ, უკეთესი არ იქნებოდა?“

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ტარიელ გაბუნია ამბობს, რომ გლეხების უკმაყოფილება უსაფუძვლოა.

„დაახლოებით ათამდე კომპანია იბარებს რქაწითელს, მაგრამ, ბუნებრივია, ხარისხიან ყურძენს იღებენ. უნდა იყოს კონდიციური, 20 გრადუსამდე შაქრიანობა. როგორც საფერავი დავიწყეთ გვიან, რქაწითელიც გვიან შემოდის. ამიტომ, ეს მღელვარება მხოლოდ ამასთან არის დაკავშირებული, რომ ჯერ-ჯერობით შაქრიანობა არ არის საკმარისი. წნორში ერთი ქარხანა, გურჯაანში კოტეხის ქარხანა, ყვარელში ორი ქარხანა, თელავში ერთი ქარხანა ყურძენს იღებს, მაგრამ გლეხებს არ აქვთ სურვილი, რომ ყურძენი 45 თეთრად ჩააბარონ. ელოდებიან უფრო მაღალი ფასის კლიენტს. 45 თეთრად ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ არსებობს“, - განაცხადა გაბუნიამ.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებმაც რთველთან დაკავშირებით  უკმაყოფილება გამოხატეს, იმ საღამოსვე პოლიციის თანამშრომლები დაემუქრნენ.

როგორც აქციის მონაწილეებმა გვითხრეს, პოლიციის თანამშრომლებმა მათ სახლში გვიან საღამოს მიაკითხეს და გააფრთხილეს, რომ „თუ ხმას არ ჩაწყვეტენ, პრობლემები შეექმნებათ“.

„მოვიდნენ და მითხრეს, რას ბუნტაობ, რომ ბუნტაობ, გგონია ჟურნალისტები გიშველიან? ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, წლევანდელი მოსავალი კი არა, ვენახი რომ გაყიდო იმის ფულიც კი არ გეყოფა დასახსნელადო. არაფერი მითქვამს, ერთ-ერთი მათგანი ნასვამი იყო და შარს ეძებდა“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ჩვენ კომენტარისთვის სიღნაღის პოლიციას დავუკავშირდით. შს სიღნაღის რაიონულ სამმართველოში კომენტარი არ გააკეთეს.

ფოტორეპორტაჟი: კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები