კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შუალედური არჩევნები ხარვეზებით

4 ოქტომბერი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

2 ოქტომბერს თელავში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო ოლქში სულ 56 898 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, არჩევნებში ხმათა 84.33%-ით (16 790 ხმა) „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, თელავის ყოფილმა გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა მიიღო. კენჭისყრის მიმდინარეობის დროს დამკვირვებლებმა სხვადასხვა სახის ხარვეზები და დარღვევები გამოავლინეს.

შუალედური საპარლამენტო არჩევნები თელავში მაჟორიტარი დეპუტატის გია არსენიშვილის გარდაცვალების გამო ჩატარდა.
საარჩევნო ოლქში 54 საარჩევნო უბანი მუშაობდა. საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა, 8 საათიდან კი კენჭისყრა დაიწყო. არჩევნებში სამი პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“. ნაციონალური მოძრაობიდან კენჭი თელავის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა იყარა; ქრისტიან-დემოკრატებიდან -პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ლაშხმა, ხოლო „მრეწველებიდან“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ვასილ არაბულმა. ლაშხმა ხმების 10.94% (2179 ხმა) მიიღო, ვასილ არაბულმა კი - 4.72 % (940 ხმა).

დარღვევები და ზეწოლა ჟურნალისტებზე

პროცედურული დარღვევები და სხვადასხვა ხარვეზები კენჭისყრის მიმდინარეობის დროს დილიდავე დაფიქსირდა.

ყარაჯალას 38-ე საარჩევნო უბნის შესასვლელში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აგიტაციას ეწეოდნენ. ამასთან, ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელმა განაცხადა, უბანთან იდგნენ ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები და სპეციალური სიების მიხედვით ამომრჩევლების აღრიცხვას ახდენდნენ. საარჩევნო უბანში „საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრის“ დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა ალექსი შოშიაშვილი, რომელიც 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში ცესკო-ს წარმომადგენელი იყო. საარჩევნო უბანში შესულ კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტს ცესკო-ს წარმომადგენელმა გიორგი სეხნიაშვილმა და კომისიის თავმჯდომარე ელზა აშიროვამ სრულყოფილად მუშაობის საშუალება არ მისცეს. ცესკო-ს წარმომადგენელმა აგრესიული ტონით ჟურნალისტის უბნიდან გასვლა მოითხოვა, კომისიის ხელმძღვანელმა კი ჟურნალისტი კენჭისყრის პროცესის შეფერხებაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ აქტის შედგენა მოითხოვა.

ყარაჯალას საარჩევნო უბნებზე ცესკო-ს წარმომადგენლები თამაზ შარმანაშვილი და გია სეხნიაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს, დარღვევების გადაღებისას, მუშაობაში ხელს უშლიდა. 37-ე და 38-ე საარჩევნო უბნებზე, დილის 8 საათიდან, ხმის მიცემის კაბინებში ერთდროულად რამდენიმე ადამიანი შედიოდა. ცესკო-ს წარმომადგენლების და საუბნო - საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელების გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტების გადაღებამ გამოიწვია. მათ ჟურნალისტები ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაში დაადანაშაულეს და გადაღების გაგრძელების შემთხვევაში უბნიდან გაძევებით დაემუქრნენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა ყარაჯალას საარჩევნო უბნებზე დააფიქსირეს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიკროავტობუსებით კენჭისყრის შენობებში მიყვანილ ამომრჩევლებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ვერ ხედავდნენ, კაბინებში ხმის მიცემის დროს ერთი და იგივე პირები ეხმარებოდნენ. ყარაჯალას 37-ე, 38-ე და 39-ე საარჩევნო უბნებში ამომრჩევლების ნახევარზე მეტი აცხადებდა, რომ მხედველობა უჭირდათ, სათვალე თან არ ჰქონდათ და დახმარებას საჭიროებდნენ.

გულგულას N16 საარჩევნო უბანზე ერთ - ერთი მოქალაქე, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ დავითაშვილის საარჩევნო პლაკატებით იყო შესული. საუბნო - საარჩევნო კომისიის წევრმა, რომელსაც ნაკადის მოწესრიგება ევალებოდა, განაცხადა, რომ ვერ დაინახა მოქალაქე უბანში ბუკლეტებით როდის შევიდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ დავითაშვილი კენჭისყრის დღესაც საარჩევნო კამპანიას ეწეოდა. „დავიწყე სისტემების გაუმჯობესება. სოციალური ფენისთვის უკეთესი პირობების შექმნა, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მევენახეობის განვითარება. ვაპირებ ქალაქის ისე მოწყობას, როგორც ისტორიულისას, ისე როგორც დღეს ვითარდება თბილისი და ბათუმი“, - აღნიშნა ვასილ დავითაშვილმა 2 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ეთერში 11:00 საათზე გავიდა. საარჩევნო კოდექსით, კენჭისყრის დღეს ყოველგვარი საარჩევნო კამპანია იკრძალება.

თელავის საარჩევნო ოლქში მე-3 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა არჩილ უტიაშვილმა ხმა მარკირების გარეშე მისცა. კომისიის წევრმა განმარტა, რომ ამომრჩეველი მისი ბიძაშვილია და მარკირების გაკეთება დაავიწყდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელმა მარეხ მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ თეთრწყლების საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცლებზე არ იყო მითითებული შევსების დრო. ყარაჯლის საუბნო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კი  საჩივრის მიღების შემდეგ საკონტროლო ფურცელი შეავსო. მგალობლიშვილის თქმით, კომისიის თავმჯდომარეს ამის უფლება არ ჰქონდა.

ფშაველის 32-ე საარჩევნო უბანში ინციდენტი მოხდა. ამავე სოფელში მცხოვრები, 60 წლამდე მამაკაცი საარჩევნო უბანში შევიდა და ხელისუფლების მისამართით გინება დაიწყო.მამაკაცი აპროტესტებდა, რატომ იყო საარჩევნო უბანი განთავსებული ლუკა რამაზაშვილის კუთვნილ შენობაში. როგორც სოფლის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, შენობა ლუკა რამაზაშვილის საკუთრებაა. რამაზაშვილი პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარეა. ის 2006 წელს დააპატიმრეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის ერთ - ერთმა ლიდერმა ინგა გრიგოლიამ თელავის საოლქო - საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეიტანა. გრიგოლიას განცხადებით, ყარაჯალას 39-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდა.

20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა. ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა სულ 21 ათასამდე ამომრჩეველმა მიიღო.

დამკვირვებლები - წინასწარი შეფასება

თელავში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს 6 ადგილობრივი და 6 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდებოდა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ კენჭისყრის მიმდინარეობის მონიტორინგი 40 უბნის დამკვირვებლისა და 2 მობილური ჯგუფის მეშვეობით განახორციელა.

„სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით, კენჭისყრის პროცედურების ხარვეზები ყველაზე ხშირად სოფელ ყარაჯალის N37-ე, 38-ე, 39-ე და 54 უბნებზე შეიმჩნეოდა, სადაც ამომრჩეველთა უმრავლესობა ვერ ახერხებდა ქართულ ენაზე დაბეჭდილი საარჩევნო ბიულეტენების მეშვეობით ხმის დამოუკიდებლად მიცემას. საარჩევნო კაბინებში შესულ ამომრჩევლებს ოჯახის წევრების ან უბნებზე მისული ამომრჩევლების დახმარება ესაჭიროებოდათ, რაც იწვევდა ხმის მიცემის პროცედურების არაორგანიზებულ რეჟიმში წარმართვას. უბნებზე მისული ამომრჩევლები ხშირად მიუთითებდნენ ერთმანეთს, თუ რომელი საარჩევნო სუბიექტისთვის მიეცათ ხმა.

N52 (ქვემო აკურა) საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა სხვა ამომრჩევლის ნაცვლად ხმის მიცემის მცდელობა. აღნიშნული ფაქტი აღკვეთილ იქნა დამკვირვებლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ჩარევის შედეგად.

2010 წლის 30 მაისის არჩევნების მსგავსად, დღესაც შეინიშნებოდა უბანზე გამოცხადებული ამომრჩევლების აღრიცხვის ფაქტები უბნის ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ.

უკანასკნელი არჩევნების მსგავსად, მასობრივად შეინიშნებოდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებად აკრედიტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეების ყოფნის ფაქტები.

N42 (წინანდლის ქვემო) საარჩევნო უბანი არ იყო მოწყობილი ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის, უბანზე მისული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველს სერიოზული პრობლემები შეექმნა ხმის მიცემის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით.

არჩევნების პირველადი შეფასება 3 ოქტომბერს გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“. ორგანიზაციის მიერ არჩევნები დადებითად შეფასდა, თუმცა გარკვეული სახის ხარვეზები მაინც დაფიქსირდა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კენჭისყრის პროცედურებმა საკმაოდ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, საარჩევნო უბნების მხოლოდ მცირე ნაწილზე შეინიშნებოდა კენჭისყრის პროცედურული გადაცდომა.

ყველაზე პრობლემურად საარჩევნო პროცესი ისევ სოფელ ყარაჯალაში შეფასდა. მონიტორინგის თანახმად, ყარაჯალაში ჩატარებული არჩევნები ნაკლებად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნული სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელია, რომლებმაც ცუდად ან საერთოდ არ იციან სახელმწიფო ენა. საარჩევნო ბიულეტენი, ისევე როგორც ყველა სხვა სახის დოკუმენტაცია და მასალა, დაბეჭდილი იყო მხოლოდ ქართულ ენაზე, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში დიდ გაურკვევლობას იწვევდა.

დაფიქსირდა ამომრჩეველთა მიერ საარჩევნო კაბინიდან გამოსვლის შემდეგ ბიულეტენების დემონსტრაციული ჩვენების ფაქტები. ასევე, შემჩნეული იყო კომისიის წევრების მხრიდან აგიტაციის რამდენიმე ფაქტი. ამომრჩეველთა მხრიდან იყო მცდელობა, როგორც ვადაგასული პირადობის მოწმობით ხმის მიცემის, ისე პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე, ან არასრულწლოვნების მიერ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისა. დაფიქსირდა ათეულობით შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველი არ იყო ამომრჩეველთა სიაში.

„ახალი თაობა - ახალი ინიციატიავა“ აღნიშნავს, რომ არჩევნების ერთ - ერთ ნაკლოვანებად ჩაითვალა ის ფაქტი, რომ საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი განთავსებული იყო შენობის მეორე სართულზე, რაც ხელს უშლიდა ასაკოვან და უნარშეზღუდულ ამომრჩევლებს, მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში.

„მონიტორინგის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ამომრჩეველთა განათლების კუთხით სამუშაოების გააქტიურების აუცილებლობაში, განსაკუთრებით არაქართველი ადამიანებით დასახლებულ საარჩევნო ოლქებში“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საოლქო - საარჩევნო კომისიის რეაგირება

თელავის საოლქო - საარჩევნო კომისიამ 4 საჩივრიდან მხოლოდ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი დააკმაყოფილა. მე-16 გულგულას საუბნო - საარჩევნო კომისიის სამ წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით, საოლქო კომისიამ შენიშვნა მისცა.

„ამ უბანზე, გადასატანი საარჩევნო ყუთიდან როცა ბიულეტენები წამოყარეს, პირდაპირ შეურიეს ძირითადი საარჩევნო ყუთიდან ამოღებულ ბიულეტენებს, რაც არ შეიძლებოდა. ჯერ ცალკ-ცალკე უნდა დაეთვალათ და დაეწყოთ. ამ პროცედურული დარღვევის გამო მივმართეთ საოლქო - საარჩევნო კომისიას საჩივრით. თავდაპირველად საერთოდ არ იღებდნენ საჩივარს განსახილველად, მაგრამ მერე განიხილეს“, - აღნიშნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელმა მარეხ მგალობლიშვილმა.

დანარჩენი სამი საჩივრიდან ორი ქრისტიან - დემოკრატებს ეკუთვნოდათ, ხოლო ერთი „სამართლიან არჩევნებს“. ქრისტიან - დემოკრატები 30-ე და 39-ე საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობის დროს აგიტაციის შემთხვევებს აპროტესტებდნენ და ამ უბნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.

ახალი ამბები